"დედის კივილით კიდევ ერთხელ ახდილი ცა... კიდევ ერთი ტრაგედია... კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში" - მარტვილში მომხდარი ავარიის დეტალები
17 აგვისტოს, საღამოს, უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში. ჭადრების ხეივანში ველოსიპედით სახლში მიმავალ 15 წლის მოზარდს, აკო ჯაიანს მანქანა დაეჯახა და ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
მთელი სოფელი შეძრულია ამ ფაქტით. ყველა დასტირის დედისერთა ბიჭს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული და სახლში ბრუნდებოდა, როცა ეს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.
"ეზოში ვიყავი, უცებ საშინელი ხმა რომ გავიგე. მივხვდი, რაღაც უბედურება მოხდა, როგორც კი ქუჩაში გავედი, დავინახე ბავშვი ძირს ეგდო, გამწარებული ვკიოდი, შველას ვითხოვდი, წამებში მოვიდნენ მეზობლებიც, ბავშვი ადგილზევე გარდაცვლილი იყო. იქვე ეყარა მისი ნივთები. ტელეფონი გამუდმებით რეკავდა და არავინ ეკარებოდა, დედა ურეკავდა ბავშვს. ეს რა საშინელება ვნახე.
შოკში ვარ, ფეხზე ვეღარ ვდგები, მთელი დღე განადგურებული ვარ", - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
როგორც ამბობენ, პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცავები.
"ტკივილი... ტკივილი გაუსაძლისი... ტკივილი უსაშველო... დედის კივილით კიდევ ერთხელ ახდილი ცა... კიდევ ერთი ტრაგედია... კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.
აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე, კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტიპენდიატი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა. ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია...", - წერს სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა.
"აკო, შვილოო, რა დიდი ტკივილი ხარ. როგორ აგვატირე და გაგვამწარე მთელი ქუჩა. რით თანავუგრძნოთ დედაშენს, შენს გამზრდელ ბებიას", - წერს მეზობელი.
"ჩემი მეგობრის ოჯახის ტრაგედიაა ეს დღე. საშინელი ტრაგედია, რომელსაც აკო ჰქვია. რომ გავიცანი პატარა ბიჭი იყო, რომელსაც ხატვა უყვარდა. თავისი ნახატები რომ მაჩვენა უხაროდა, როცა დადებითად შევუფასე, რადგან გულწრფელად მომეწონა. დედამისისგან და სოციალური ქსელებიდან ვიგებდი მისი წარმატებების შესახებ და მიხაროდა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეზრდებოდა.საქართველოში ყოველ ჩემს ჩასვლაზე ბებიას ეკითხებოდა, დედას მეგობარი როდის გვესტუმრებაო. ყოველ ჩასვლაზე ვსტუმრობდი და მიხაროდა მისი ნახვა.ამ ერთი კვირის წინ არ დამხვდა სახლში, მდინარეზე იყო წასული მეგობრებთან ერთად. რაღაცნაირად დამაკლდა, სულ ვფიქრობდი აი ახლა შემოვა სახლში მეთქი, მაგრამ დააგვიანდა მოსვლა და მეც წამოვედი.დიდი ტრაგედიაა, აკო, შენი წასვლა ამ ქვეყნიდან დედ-მამისთვის, ბებიისთვის, ბიძისთვის, მამიდებისთვის, კლასელებისა და სკოლისთვის, სოფლისა და ქვეყნისთვის ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ და მტკივა ოჯახის სატკივარი. ჩემი მეგობრის სატკივარი მტკივა, რომლისთვისაც ნათელი წერტილი და უდიდესი იმედი იყავი. ვიზიარებ ამ დიდ სატკივარს. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო პატარა მეგობარო"- წერს დაღუპულს ოჯახის ახლობელი, ბელა ბასილაია სოციალურ ქსელში.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
"რომ მოვიდნენ კრიმინალისტები და ექსპერტიზას ატარებდნენ, შეწუხებულები იყვნენ, ამბობდნენ, დღეს სამეგრელოს რეგიონში მერვე შემთხვევაა ავარიისო, ძალიან განვიცდით", - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ნასვამი იყო. სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
"კვირის პალიტრა" უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მოზარდის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
ნათია გუგუნავა (სპეციალურად საიტისთვის)