ნადირობა "ალიგატორზე" - შვედური "წამალი" რუსული შვეულმფრენისთვის, რომელიც უკრაინელების კონტრშეტევას აფერხებდა - კვირის პალიტრა

ნადირობა "ალიგატორზე" - შვედური "წამალი" რუსული შვეულმფრენისთვის, რომელიც უკრაინელების კონტრშეტევას აფერხებდა

უკრაინის არმიის ორთვიანი კონტრშეტევების შემაფერხებელ ძირითად საშუალებებს შორის, რუსი ოკუპანტების დანაღმული თავდაცვითი ზღუდეებისა და ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის გარდა, ასევე ითვლებოდნენ ის რუსული სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულმფრენები Ка-52 Аллигатор-ებიც, რომლებიც ფრონტის ხაზის სიღრმიდან, 5-8 კმ-ის სიშორიდან, დაბალ სიმაღლეზე ჩამოკიდებულნი უშვებდნენ Вихрь-ის ტიპის მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, რომლებიც აფეთქებდნენ შეტევაზე გადასულ უკრაინულ ჯავშანტექნიკას, რადგან არანაკლებ 750 მმ სისქის ჯავშნის გარღვევა შეუძლიათ...

1-shveduri-1692351483.jpg
შვედური წარმოების RBS-70 ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი საცეცხლე პოზიციაზე

ჩემს ბლოგში, 12 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში - „თბილისური მოიერიშესთვის შექმნილი რაკეტით რუსული „ალიგატორები“ უკრაინელებს ამერიკულ „ბრედლებს“ უფეთქებენ“, შეტევაზე გადასული უკრაინის არმიისთვის ეს მნიშვნელოვანი პრობლემა დეტალურად აღვწერე და ისიც მივუთითე, რომ: „იქ, სადამდეც ვერ სწვდებიან „სტინგერები“ და „იგლები“, უკრაინელებს უფრო შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენება მოუწევთ „ვიხრებით“ შეიარაღებული რუსული „ალიგატორების“ წინააღმდეგ ან უნდა შეცვალონ მოქმედების ტაქტიკა და მოაწყონ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შეღწევა-ჩასაფრებები მტრის პოზიციების სიღრმეში, საიდანაც გაშვებული „სტინგერები“ უკვე მისწვდებიან რუსულ „ალიგატორებს“...

2-shveduri-1692351580.png
RBS-70-დან საზენიტო რაკეტის სტარტის მომენტი...

მართლაც, ერთი თვის თავზე, უკრაინელებმა ერთ დღეს, ერთმანეთის მიყოლებით ორი რუსული „ალიგატორი“ „ჩამოხსნეს“ ციდან და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს, რომელზეც კარგად გამოჩნდა ის, რასაც ამ ბლოგში მათ ვურჩევდით თუ ვწინასწარმეტყველებდით - უკრაინელმა მეზენიტეებმა „იგლასა“ და „სტინგერის“ ნაცვლად, გამოიყენეს შვედური წარმოების RBS-70 ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები... რუსული „ალიგატორის“ ეკიპაჟს „ვიხრის“ რაკეტის დამიზნებით გაშვება დღისით მაქსიმალურ, 8-10 კმ-ის სიშორემდეც კი შეუძლია (ღამით მხოლოდ 5 კმ-მდე) მაშინ, როდესაც უკრაინელი მეზენიტე თავისი ამერიკული „სტინგერით“ დღისით მხოლოდ 4,8 კმ-მდე სიშორეს თუ აღწევს და ბუნებრივია, ვერ წვდება ფრონტის ხაზის ზურგში „თავარხეინად“ მყოფ „ალიგატორის“ ეკიპაჟს, მაგრამ შვედური საზენიტო რაკეტების გამოჩენამ უკრაინის ფრონტზე (შვედეთმა ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინელებს მხოლოდ ა.წ.-ის აპრილში მიაწოდა) ბევრი რამ შეცვალა.

3-shveduri-1692351800.png
რუსული Ка-52 Аллигатор-ის „ვიტებსკის“ სისტემის ოპტიკურ-ელექტრონული თავდაცვის საბორტე აპარატურა ავტომატურ რეჟიმში გასტორცნის „ცრუ სამიზნეებს“, მაგრამ ამით მას „სტინგერისა“ და „იგლას“ რაკეტების ზოგჯერ „მოტყუება“ თუ შეუძლია, შვედური RBS-70 საზენიტო რაკეტა ამ ფანდზე არ „ეგება“...

პირველი - შვედური RBS-70 ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული მოდერნიზებული 17 კგ-იანი საზენიტო რაკეტა მაქსიმალურად, 8 კმ-მდე მიფრინავს. მეორე - საზენიტო რაკეტა მიზანს აზიანებს, როგორც კუმულაციური ქობინით (ჯავშანგამტანობა 200 მმ-მდე მონოლითური ჯავშნის), ისე - ვოლფრამის გამზადებული ბურთულებით. მესამე - შვედური საზენიტო რაკეტის მართვა ხორციელდება საჰაერო სამიზნის ოპერატორის მიერ ლაზერული სხივით მონიშვნის მექანიზმით.

მართალია, ეს უკარგავს მას „სტინგერისა“ თუ „იგლას“ მთავარ თვისებას - „გაისროლე-დაივიწყეს“ (შვედური საზენიტო რაკეტის მართვა ოპერატორის მიერ ლაზერის სხივის დაჭერით 10-15 წამი მაინც გრძელდება), მაგრამ სამაგიეროდ, მისი დამიზნების ჩახშობა არ შეუძლია „ვიტებსკის“ სისტემის ოპტიკურ-ელექტრონული თავდაცვის საბორტე აპარატურას, რომელიც რუსულ „ალიგატორზეა“ დამონტაჟებული და რომლის საშუალებითაც „ალიგატორების“ ეკიპაჟებმა ამ ომში მათკენ გაშვებული არა ერთი „სტინგერისა“ და „იგლას“ რაკეტა მოიგერიეს.

„ვიტებკის“ სისტემა აფიქსირებს საზენიტო რაკეტის სტარტს სარაკეტო ძრავიდან გამოსული მაღალგრადუსიანი ცეცხლის ფაკელით და ავტომატურ რეჟიმში „ალიგატორიდან“ გატყორცნის, როგორც მაღალი ტემპერატურით წვად „ცრუ სამიზნეებს“, ისე - ლაზერული სხივის საშუალებით ცდილობს „ამოწვას“ მისკენ მფრენი „სტინგერისა“ თუ „იგლას“ სითბური დამიზნების მაღალმგრძნობიარე თავაკის მატრიცა.

იმის გამო, რომ შვედური RBS-70-ის საზენიტო რაკეტის რუსულ „ალიგატორზე“ „გაყვანა“ ლაზერული სხივით ხდება, შესაბამისად, „ვიტებსკი“ ვერაფრით დაეხმარება ჩამოსაგდებად განწირულ რუსი ოკუპანტების „ალიგატორების“ ეკიპაჟებს...

4-shveduri-1692351593.png
ჩამოგდებული 11-ტონიანი რუსული „ალიგატორებისგან“ ხშირად მხოლოდ ესღა რჩება...

ომის დაწყებიდან დღემდე არანაკლებ 41 ერთეული რუსული Ка-52 Аллигатор-ია ჩამოგდებული, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია, თუკი გავითვალსწინებთ, რომ რუსეთმა ასეთი ძვირად ღირებული (თითქმის 16 მლნ დოლარი) „ალიგატორის“ მხოლოდ 170-მდე ეგზემპლარის დამზადება მოახერხა ანუ გამოდის, რომ უკრაინელმა მეზენიტეებმა მხოლოდ „ალიგატორების“ ჩამოყრით რუს ოკუპანტებს არანაკლებ 656 მლნ დოლარის ზარალი მიაყენეს…