მოსკოვის ცენტრიდან, "მოსკვა-სიტიდან" მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში?!
რუსული მედიის ცნობით, ბიზნეს ცენტრ "მოსკვა-სიტის" ცათამბჯენებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Осторожно, Москва-ც აქვეყნებს.
გავრცელებული ინცორმაციით, ევაკუაციის მიზეზი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება გახდა. ვარაუდობენ, რომ მუქარა სატელეფონო ზარით განხორციელდა. ცათამბჯენებიდან 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ბიზნეს ცენტრთან სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებიც ადამიანებს ტერიტორიის დროულად დატოვებას სთხოვენ.
მედიაში წერენ იმასაც, რომ ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაციამ მიიღო სატელეფონო გაფრთხილება, თითქოს ცათამბჯენებზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა უნდა განხორციელებულიყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. გავრცელდა ვიდეო მასალები, სადაც აფეთქებების ხმები ისმის და ჩანს, რომ ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთი ცათამბჯენიდან კვამლი ამოდის.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთ ცათამბჯენს დაეჯახა და ფასადი დააზიანა.