"18 თვეში უკრაინას 70 ათასი ჯარისკაცი დაეღუპა, რუსეთს კი 120 ათასი" - The New York Times - კვირის პალიტრა

"18 თვეში უკრაინას 70 ათასი ჯარისკაცი დაეღუპა, რუსეთს კი 120 ათასი" - The New York Times

აშშ-ის გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) 19 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და დაჭრილების რაოდენობამ 500 ათასს მიაღწია. კონტრშეტევას დიდი მსხვერპლი მოაქვს, არ ხდება სწრაფი სამედიცინო მომსახურება“ (ავტორები - ჰელენ კუპერი, თომას გიბონ-ნეფი, ერიკ შმიტი და ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა, 18 თვის განმავლობაში, 500 ათასს უახლოვდება, რაც ცოცხალი ძალის დანაკარგების ძალიან მაღალ მაჩვენებლებს წარმოადგენს. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ დანაკარგების მეტ-ნაკლებად ზუსტი რაოდენობის დადგენა ელემენტარულად შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ მოსკოვი თავის ზარალს წინასწარგანზრახულად ამცირებს, უკრაინა კი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს და საიდუმლოდ ინახავს. ამავე დროს, მათი თქმით, ომის მსხვერპლი სწრაფად მატულობს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონტრშეტევის გამო, რომელიც თითქმის სამი თვის წინ დაიწყო და ჭიანურდება.

უკრაინა - 70 ათასი დაღუპული, რუსეთი - 120 ათასი

როგორც კომპეტენტური პირები აღნიშნავენ, რუსეთის სამხედრო დანაკარგები 300 ათას სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს. ეს რაოდენობა მოიცავს 120 ათას დაღუპულს და 170-180 ათას დაჭრილს. რაც შეეხება უკრაინას, კიევის ზარალი შეფასებულია 70 ათას დაღუპულისა და 100-120 ათასი დაჭრილის სახით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრძოლის ველზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა სამჯერ აღემატება უკრაინელთა რაოდენობას, ხოლო რუსეთის მოსახლეობა ბევრად მეტია უკრაინასთან შედარებით, ანუ მოსკოვს მეტი შესაძლებლობა აქვს თავისი არმიის შესავსებად.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად 500 ათასამდე მოქალაქე მსახურობს, მოქმედი არმიის მებრძოლების, რეზერვისტების და გასამხედროებული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ჩათვლით. რაც შეეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მასში მსახურობს 1 მილიონ 330 ათასი მოქალაქე - მოქმედი არმიის, რეზერვისა და გასამხედროებული ქვედანაყოფების (ძირითადად, „ვაგნერის“) სახით.

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინისა და რუსეთის დანაკარგების შეფასება უკანასკნელად გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, როცა შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტეის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 2022 წლის ნოემბრამდე თითოეულმა მხარემ, დაღუპულ-დაჭრილთა სახით, 100-100 ათასი ჯარისკაცი დაკარგესო, თუმცა, არაოფიციალურად, დანაკარგები 120 ათასს უახლოვდებოდა.

დანაკარგების ეს რაოდენობა სწრაფად გაიზარდა ზამთრისა და გაზაფხულის დროს, როცა უკრაინამ და რუსეთმა ქალაქი ბახმუტი სისხლისმღვრელი ბრძოლების ცენტრად გადააქციეს. ამერიკული მონაცემებით იმ დროს ყოველდღიურად ორივე მხრიდან ასობით ჯარისკაცი იჭრებოდა და იღუპებოდა. ბახმუტის ეპოპეის დროს, რა თქმა უნდა, ბევრი რუსი დაიღუპა, მაგრამ უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა - როგორც კიევი აცხადებდა, „ისინი უბრძოლველად ერთ მტკაველ მიწასაც არ დათმობდნენ“, შესაბამისად, მაისი თვეში, როცა ბახმუტის ქუჩებში თითქმის ხელჩართული ბრძოლები მიდიოდა, ომმა განსაკუთრებით ბევრი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.

კონტრშეტევის მსხვერპლი

ამერიკელი კომპეტენტური პირების თქმით, უკრაინისათვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ივნისის პირველ რიცხვებბში დაწყებული კონტრშეტევა. დასავლეთის ქვეყნებში გაწრთვნილი უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობდნენ ბრძოლის ველზე გამოეყენებინათ „საერთო-საჯარისო მანევრების“ ტაქტიკა, რომელიც გულისხმობს ქვეითების, ჯავშანტექნიკისა და არტილერისს (ასევე ავიაციის) სინქრონულ მოქმედებას შეტევის დროს. ამერიკული და ევროპული ბრძოლისუნარიანი იარაღით აღჭურვილი უკრაინის არმია კონტრშეტევის პირველ ეტაპზე ცდილობდა რუსული თავდაცვის ხაზის გარღვევა მექანიზებული ქვედანაყოფების მეშვეობით განეხორციელებინა, მაგრამ შეცდა - ამერიკული და ევროპული ტანკები მოწინააღმდეგის მიერ წინასწარ დანაღმულ ველებზე ისე ფეთქდებოდნენ, რომ მთავარ გამაგრებულ ზღუდეებამდე ვერცკი აღწევდნენ. ისინი რუსული არტილერიისა და ავიაციის ზუსტი სამიზნეები ხდებოდნენ.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური სამხედრო პირების შეფასებით, კონტრშეტევის პირველ ორ კვირაში უკრაინის არმიამ დასავლეთის მიერ გადაცემული შეიარაღების 20%-მდე რაოდენობა დაკარგა, მათ შორის ტანკები და ჯავშანმანქანები. არადა, სწორედ მათი მეშვეობით გეგმავდნენ უკრაინელები რუსული თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას და აზოვის ზღვისაკენ გაჭრას. და რაც ყველაზე საწყენია - კონტრშეტევამ უკვე შეიწირა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, უფრო მეტი დაიჭრა, თანაც ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის.

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ზოგადად აღიარა, რომ უკრაინელები დიდ ზარალს განიცდიან, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს, [აღარ სარგებლობენ ნატოს სტანდარტებით] და ძველ მეთოდებს დაუბრუნდნენ იმის ნაცვლად, რომ დანაღმულ ველებზე ტანკებით გაევლოთ. მისი თქმით, კიევი ფიქრობს, რომ ცოცხალი ძალის დანაკარგებს შეამცირებს. უკრაინელების ტაქტიკა „რუსული არმიის დაქანცვასა და გამოფიტვას“ გულისხმობს, რაც შორი მოქმედების არტილერიის (ქვემეხებისა და ჰაუბიცების), აგრეთვე რაკეტების გამოყენებას ითვალისწინებს. მაგრამ ასეთი ტაქტიკის უარყოფითი მხარე ისაა, რომ იხარჯება ძალიან ბევრი საბრძოლო მასალა, რომლის შევსება დასავლეთს უჭირს. ამიტომაც, ამერიკელები და ევროპელები შეშფოთებულები არიან, რომ საბრძოლო მოქმედებების კორექტირება სარგებელს მოუტანს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ხოლო უკრაინისთვის, პირიქით, წამგებიანი იქნება.

მიწაზე ნაღმები, ზემოდან კი ბომბები...

წელიწადნახევრიანი ომის დროს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დანაკარგების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ათეული წლების წინათ მომხდარ ომებში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობას. ასე მაგალითად, აშშ-ის არმიამ ვიეტნამის ომში დაახლოებით 58 ათასი კაცი დაკარგა, ხოლო ავღანეთში, 20 წლის განმავლობაში, თითქმის 69 ათასი.

დაღუპულებისა და დჭრილების რაოდენობა გარკვეულწილად იმასაც ასახავს, თუ რა რაოდენობის საბრძოლო მასალას ხარჯავს თითოეული მხარე. ყოველი კვირის განმავლობაში ქვემეხები ათასობით გასროლას ახორციელებენ, იგივენაირად მოქმედებენ ტანკებიც, რომელთა მიერ გასროლილი ჭურვები მოწინააღმდეგის პოზიციებს ანადგურებენ, ბრძოლის ველზე ასობით ნაღმი ფეთქდება, ჰაერში კი დრონები და ვერტმფრენები ბარაჟირებენ, რომლებიც მზად არიან მტერს ბომბები და რაკეტები დაუშინონ. ზოგჯერ შეტაკება ისეთ ხასიათს იღებს, როგორიც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო - ხელჩართული ბრძოლები სანგრებში.

სამედიცინო დახმარება ფრონტის ხაზზე: ძალიან ცუდი

დანაკარგების აღმიშვნელი ციფრები იმაზეც მეტყველებენ, რომ ფრონტის წინა ხაზზე საკმაოდ ცუდად არის ორგანიზებული სწრაფი სამედიცინო დახმარება. დაჭრილების ევაკუაცია, მჭიდრო საარტილერიო ცეცხლის გამო, ჭიანურდება. ერაყისა და ავღანეთის ომებისაგან განსხვავებით, როცა ამერიკელები მტკიცედ იცავდნენ პრინციპს - დაჭრილები უახლოეს ჰოსპიტალში ერთ საათში უნდა ყოფილიყვნენ გაგზავნილნი, უკრაინაში ამის შესაძლებლობა არ არის. დაჭრილები ხშირად შემთხვევითი ტრანსპორტით გადაჰყავთ, ან არცთუ იშვიათად, თავიანთი ფეხით მიდიან ჰოსპიტლებში. ბევრი დაჭრილი რჩება ბრძოლის ველზე, რადგან მედდები მათთან მისვლას ვერ ახერხებენ. ფრონტისპირა ქალაქებში საავადმყოფოები და დროებითი მედპუნქტები ხშირად გადავსებულია.

ამიტომაც დღეს მთელ უკრაინაში ერთ ოჯახსაც ვერ იპოვით, რომ ომში ვინმე არ დაღუპვოდეს. ქვეყნის ყველა კუთხეში გამრავლდა სასაფლაოები, დაღუპულების სამარეებს კი გზების პირასაც შეხვდებით.

რატომ მალავენ მხარეები დანაკარგების რაოდენობას

კომპეტენტური პირების თქმით, დანაკარგების შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება საკმაოდ რთული საქმეა. სხვადასხვა რაოდენობა ქვეყნედება პრესაში, სოციალურ ქსელებში, მოწინააღმდეგე მხარეების ოფიციალურ ანგარიშებში, მაგრამ არცერთი სინამდვილეს ზუსტად არ ასახავს. ამ მხრივ „საიდუმლოს“ ყველაზე მეტად იცავს უკრაინა, რომელიც ამერიკის მთავრობასაც კი უმალავს დანაკარგების ზუსტ რაოდენობას. აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსები უფრო მეტ დროს კარგავენ თავიანთი მოკავშირის - უკრაინის დანაკარგების გარკვევაზე, ვიდრე რუსების ზარალზე..

რუსი ექსპერტების თქმით, საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინი თანამემამულეების მსხვერპლის ზრდამ შეაჩეროს. მას ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ჰყავს. რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას უკრაინასთან ომი ისეთი სახით წარუდგინა, როგორიც მეორე მსოფლიოს ომის დროს ფაშისტურ გერმანიასთან მიმდინარე ომი იყო, რომელშიც 8 მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათი აზრით, ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინის ომს ასობით ათასი ჯარიკაცი მსხვერპლად შესწიროს, თუმცა, რა თქმა უნდა, მან კარგად იცის, რომ დიდი მსხვერპლი პოლიტიკურ ავტორიტეტს შებღალავს და მოსახლეობის მხარდაჭერას შეამცირებს, ამიტომაც დანაკარგების ნამდვილ რაოდენობას კრემლი არ აცხადებს. გარდა ამისა, ბოლო დროს მოსკოვი თავს იკავებს პირდაპირი ტოტალური მობილიზაციის გამოცხადებისაგან (მისი ცოცხალი ძალის რესურსები ბევრად მეტია კიევის რესურსებზე) და მხოლოდ ჯარში გაწვევის ასაკის გაზრდით არის შემოფარგლული.

ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვას და საერთოდ ომს, ყველაზე მეტი ზარალი უკრაინისთვის მოაქვს: საომარი მოქმედებები მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, იღუპებიან არამარტო სამხედროები, არამედ მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა, მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა მშობლიური ადგილები დაეტოვებინა და ლტოლვილად გადაიქცა...

„უკრაინაში ამჟამად უამრავი გაწამებული ადამიანია“, - ამბობს ეველინ ფარკასი, პენტაგონის ყოფილი წარმომადგენელი კიევში, რომელიც დღეს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს, - ამავე დროს უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა და ადამიანთა დაღუპვის ზრდას შესაძლოა დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს. თვით რუსეთშიც კი, სადაც ავტოკრატიაა გამეფებული, ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ საზოგადოებრივ აზრს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა შეუძლია“.

წყარო

სიმონ კილაძე