ბუნების სიყვარულმა ხელოვანი მეურნედ აქცია
მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანია. ამჯერად მის ბუნების სიყვარულზე უნდა გიამბოთ, იმაზე, თუ როგორი მემცენარე და მეურნეა. ცნობილია, რომ მას თეატრალური ოჯახი აქვს - მეუღლე თემურ კილაძე და შვილი, ჯაბა კილაძე, მსახიობები არიან. ხელოვანი ოჯახის წევრები ერთმანეთს გვერდში უდგანან - ფასანაურში სახლი აქვთ, რომლის ეზო სწორედ ქალბატონი ციცინოს წყალობით ედემის ბაღს ჰგავს. ეზოს შესახებ საუბრისას კი პოპულარული სერიალიც გავიხსენეთ...
ციცინო კობიაშვილი:
- არაერთი საინტერესო სპექტაკლის რეჟისორი ხართ, თუმცა მასობრივად მაინც სერიალიდან "შუა ქალაქში" შეგიყვარეს, სადაც ლაშიკოს, "დედას ბუშტის" დედის როლი ითამაშეთ...
- კამერა მიყვარს და პირველი კურსიდანვე ფილმებში მიღებდნენ. პატარ-პატარა სამუშაო ახლაც მაქვს ხოლმე. "შუა ქალაქში" ძალიან მიყვარდა და გული დამწყდა, რომ გააჩერეს.
- ფასანაურის ეზო-კარზე გვიამბეთ.
- ფასანაური ჩემი დედამთილის მხარეა, გვაქვს პატარა სახლი და ხელისგულისხელა ეზო. ის სამი წელიწადია გარდაიცვალა, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მამის მხრიდან მარტყოფშიც მაქვს კარგი ეზო-ყურე, უზარმაზარი მამული, მაგრამ იქ წყლის პრობლემაა, წყლის გარეშე კი იმხელა ბაღს ვერ მოუვლი. ამიტომაც აქეთ უფრო ხშირად ვართ.
- ასეთ ლამაზ ეზოს დიდი შრომა სჭირდება, ჩანს, გიყვართ ეს ყველაფერი...
- რა თქმა უნდა, მაგრამ "კოვიდის" დროს უფრო გავაქტიურდით, თანაც ის ორჯერ გადავიტანე. პირველად ცოტა სუსტად ვიყავი და მეუღლემ აქეთ წამომიყვანა, ჰაერზე ცოტა გონს მოხვალო. მეორედ "ომიკრონმა" სახსრებზე გართულება დამიტოვა, ხელის თითები ცოტათი ახლაც მტკივა, მაგრამ მაინც ვშრომობ, არ ვეპუები. ისე, ორივე შემთხვევაში საკუთარ თავს თვითონ ვუშველე.
აქ რომ ჩამოვედით, მეუღლეს ვუთხარი, ეზოს ცოტას მივხედავ-მეთქი და დავიწყე მცენარეებში გარკვევა, რაღაცების შეძენა, კითხვა. დავრგე ხეხილის ნერგები... აივანზე ფერადი ხვიარა ვარდები დავრგე და უნდა ნახოთ, როგორი ლამაზია ყვავილობისას. ვარდს მთის ჰავა უყვარს, თუ მაინცდამაინც 50 გრადუსი ყინვა არ არის, სიცივის ზამთარშიც არ ეშინია. ეზოში ციცინათელებივით ნათურები გვაქვს, დღის შუქზე იტენება, საღამოს ინთება და ჩემს ყვავილებს უფრო ალამაზებს.
წლეულს გვიან ჩამოვედით, გაზაფხულზე აქ ჯერ კიდევ თოვლი იყო და თბილისშიც საქმეები გვქონდა. როცა ვარდებს გასხვლა, გასუფთავება, შეწამვლა სჭირდებოდა, აქ არ ვყოფილვართ. ახლა მეორე ტალღა მთელი ძალით უნდა ყვაოდეს. გვიან გასხვლის მიუხედავად, ახალი ტოტი ყველამ გამოიღო, კოკრები აქვს და ყვავილობა დაიწყო. "კოვიდის" პირველ წელს ბევრი დავრგე და მერე ნელ-ნელა მივამატე. არაგვის ნაპირიდან ფერადი ქვები ამოვიტანეთ და ეზოში გაზონივით გავაკეთეთ. მოგვიანებით ვარდის ნერგები რომ აღარ ეტეოდა, ქვები გადმოვწიე და ეზოს მეოთხედი შემოვხაზეთ. რვა ძირი კიდევ ჩავრგეთ. ეს ადგილი ჩემმა მეუღლემ დამითმო, დიდი როზარიუმი უნდა გავაკეთო.
- სხვა მცენარეებიც გაქვთ.
- ორი ნეკერჩხალი, ოქროსფერი ტუიები მაქვს. ვარდის უკვე 80-ზე მეტი ნერგი მექნება და ყველა სხვადასხვა, სახელობითი, ფანტასტიკური სილამაზის. მინდა თითოეულს თავის სახელი მივაწერო. ბევრს ვცნობ, მაგრამ ბოლოს იმდენი შევიძინე, სანამ მათ დავიმახსოვრებ, მიწერა ჯობს. ულამაზესი ხვიარებიც ჩამოვიტანე, უნდა განვაახლო, რადგან აივანზე თეთრმა ვარდმა მთელი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა და სახურავზეც ავიდა. "კოვიდის" პირველ წელს ვიყიდე და ერთხელ მოყვავილე აღმოჩნდა. ვარდები არის ერთხელ ან რამდენჯერმე მოყვავილეც და ეს უკანასკნელი გვიან შემოდგომამდე ყვავის.
- თბილისშიც გქონიათ მცენარეები...
- ჩვენი სახლი წინამძღვრიშვილის ქუჩაზეა, ძველი, ისტორიული ეზოთი, მის აღდგენაზე მერია მუშაობს. 4 წელიწადია, ნაქირავებ ბინაში ვართ, მაგრამ რადგან ნაქირავებია, ხელი აღარ გამოვიღოთ? პატარა ეზო მცენარეებით გავავსე, ვარდები, ხეხილი დავრგე. კარალიოკის ხე გავზარდე, ისხამს ლეღვი, კომში, ვაშლატამას ვეებერთელა ნაყოფი ასხია, მაქვს მუშმალა... სანამ ჩავალთ, ჯაბა უვლის. მასაც უყვარს ბუნება და მცენარეები.
- მცენარეების სიყვარული უეცრად მოვიდა თუ...
- მარტყოფში გვქონდა ვენახი, ხეხილი, თუმცა ბევრი ხე გახმა, რადგან ვერ ირწყვება. ადრე სულ იქ ვიყავით. თბილისთან ახლოსაა. ჯაბა 2 წლით სკოლაში იქ გადავიყვანე - თბილისში ომი რომ იყო, ჩვენი სახლიდან ვუყურებდით, ტყვიები როგორ დაფრინავდა... ვენახში ვშრომობდით, მიწას ვბარავდით, ვთესავდით. იმ რთულ დროს ჩვენი შრომით გამოვძვერით. ჯაბამაც გაიხარა იქ, ნახა ცხენი, ძროხა, ქათამი, თოვლი, ციგა, მეგობრები გაიჩინა... სითბო და სიყვარული შენარჩუნებულია, რომ ჩავალთ, მთელი სოფელი შემოგვხარის.
ფასანაური მარტყოფთან შედარებით პატარაა, მაგრამ გარემოა ლამაზი. ტყე ახლოსაა, გარშემო მთებია. აივანზე რომ გამოვდივარ, ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ მესიზმრება-მეთქი. აქ საოცარი ენერგეტიკაა...
- ვარდი არცთუ მარტივი მოსავლელია.
- ვისწავლე, როგორ გავსხლა, როგორ და რით შევწამლო, შავლაქიანობას რით ვუშველო. ხან ფოთოლი უყვითლდება, ხან მატლი ჭამს. უკვე ვიცი ამ ყველაფერს როგორ ვებრძოლო. ახლა ბალახის ნაყენი მაქვს დაყენებული, მათთვის ფანტასტიკური საკვებია. ვაგროვებ მრავალძარღვას, ბაბუაწვერას, ჭინჭარს, სამყურას, წყალს ვასხამ და ვადუღებ. მერე 1 ლიტრი 10 ლიტრ წყალში იხსნება. ვარდების ძირებში მისი მოსხმა 10 დღეში ერთხელ საუკეთესო და ბუნებრივი საკვებია. თუმცა არის დაავადებები, რომელთაც ქიმიური ჩარევის გარეშე ვერ მოერევი და უნდა მიეხმარო, რათა მცენარე არ გაფუჭდეს.
- ცხოველების მოყვარულებიც ყოფილხართ...
- ძაღლი და სამი კატა გვყავს. ერთი კატა ჯაბასია, ორი - ჩვენი. ბევრი იბრძოლეს ძაღლმა და კატებმა, მაგრამ ახლა როგორც ერთი ოჯახი, ისე არიან. დროთა განმავლობაში ურთიერთობა დაალაგეს.
- მცენარეების მოვლა, ალბათ, სასიამოვნოც არის და განტვირთვაც...
- რამეს რომ ჩათესავ, ამოდის და ნაყოფს იკეთებს, ამას არაფერი ჯობს. ზამთარში თბილისში კიტრისა და პამიდვრის ჩითილები გამოვიყვანე და ფასანაურში ბოსტანში დავრგეთ. დღე არ გავა, რამდენიმე კიტრი არ დავკრიფოთ. პამიდვრებმაც დაიწყეს მოსხმა. ჩითილები ჩემი ხელით გამოვიყვანე, თესლიც თვითონ გავარჩიე. პატარა ჭიქებში ჩარგულს ერთი ადგილიდან მეორეზე ბავშვივით დილა-საღამოს დავატარებდი. ხან შუქი სჭირდება, ხან სითბო... მომწონს ეს ყველაფერი. ჰოდა, როცა შენი ხელით გამოყვანილ, დარგულ და გახარებულ პამიდვრებს უყურებ, როგორ იზრდება, დიდი სიხარული და ემოციაა. განა პამიდორს ვერ იყიდი, შრომის შედეგი გსიამოვნებს.
ბუნებასთან სიახლოვე, ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველაფრის წამალია. ბავშვები ამას პატარაობიდანვე უნდა შევაჩვიოთ, იმასაც, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ და სიცოცხლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ გარშემო ბუნება არ იქნება?! პაპა 94 წლის რომ იყო, ჩოჩვით გადადიოდა ვაზიდან ვაზზე და მაინც არ ჩერდებოდა. ამ მაგალითებით ვიზრდებოდი. მარტყოფში ახლაც გვაქვს ქვევრები, სულ გვქონდა ჩვენი ღვინო და მაჭარი. ალბათ, იქიდან მომყვება ეს ყველაფერი... დღესდღეობით კი ჩემთვის ვარდია შეუცვლელი მცენარე, ველაპარაკები, ვეფერები და ყველაფერი ესმით.