F-16-ები უკრაინის ცის დასაცავად ერთი წლის შემდეგ თუკი გამოჩნდებიან... - კვირის პალიტრა

F-16-ები უკრაინის ცის დასაცავად ერთი წლის შემდეგ თუკი გამოჩნდებიან...

დიდი ჭოჭმანის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნება დართო დანიისა და ნიდერლანდების მთავრობებს, რომ მათ დაიწყონ უკრაინელი სამხედრო მფრინავების გადამზადების პროცესი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე...

რაში დაიკარგა უკრაინელებისთვის ასე მნიშვნელოვანი ნახევარი თუ მთელი წელი, განა უკრაინელი პილოტების ჯერ ინგლისურ ენაში სპეციფიკური საავიაციო ტერმინოლოგიის სწავლების დაწყება არ შეიძლებოდა ჯერ კიდევ გასულ წელს?

ეხლა უკრაინელ პილოტებს ნახევარი წელი ინგლისურს ასწავლიან, კიდევ ნახევარი წელი ამ საბრძოლო თვითმფრინავებზე გადამზადებას მაინც დასჭირდება და F-16-ები უკრაინის ცის დასაცავად მომავალი წლის ზაფხულამდე ეტყობა ვერც გამოჩნდებიან, მაგრამ რა სიტუაცია იქნება 2024 წლის აგვისტოში რუსეთ-უკრაინის ომში და საერთოდ დასჭირდებათ თუ არა მაშინ ეს თვითმფრინავები უკრაინელებს, კაცმა არ უწყის...

დასავლეთი ძალზე სერიოზულ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას უწევს უკრაინას და ამის გარეშე უკრაინის არმია ვერც იბრძოლებდა, მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს იმავე დასავლელი პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც სპეციალურად ჭიმავენ ომში მყოფი უკრაინის არმიისთვის ახალი ტიპის შეიარაღების გადაცემას, ასე იყო ჰაუბიცების გაგზავნისას, ასე გაგრძელდა ტანკებთან მიმართებაში და ასევე ხდება F-16-ებთან დაკავშირებით...

2-ep-1692452167.jpg
ნიდერლანდების საჰაერო ძალების კუთვნილი ეს F-16AM მოდიფიკაციის საბრძოლო თვითმფრინავები მომავალი წლიდან წესით უკრაინის საკუთრებაში უნდა გადავიდეს...

ნუთუ დასავლეთში ვერ ხვდებიან, რომ პუტინის „წითელი ხაზები“, ეს კრემლის პრობლემაა და ის სიტყვიერი მუქარის გარდა დასავლეთს სხვა ვერაფრით ავნებს, ისე როგორც კრემლმა „ჩაყლაპა“ უკრაინისთვის ამერიკული „ჰაიმარსების“, გერმანული „ლეოპარდებისა“ თუ ბრიტანული „ქარიშხლის ჩრდილების“ მიწოდება, ასევე „გადაყლაპავს“ F-16-ების უკრაინის ცაში გამოჩენას, თუ თეთრ სახლში მართლაც ეშინიათ, რომ F-16-ების მიწოდების სანაცვლოდ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს ააფეთქებს?

საბოლოოდ გაირკვა, რომ უკრაინელი პილოტების ინგლისურ ენაში მომზადება დიდ ბრიტანეთში მოხდება, რასაც მოჰყვება საფრანგეთში სასწავლო-სავარჯიშო რეაქტიულ „ალფებზე“ ფრენები, რის შემდეგაც რუმინეთის საჰაერო ბაზაზე განხორციელდება უკრაინელი პილოტების გადამზადება დანიიდან და ნიდერლანდებით გადაცემულ F-16-ბზე.

რას წარმოადგენს ამერიკული "მებრძოლი შევარდენი" F-16 და რა მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა შეუძლია როგორც უკრაინის ცის დაცვაში, ისე რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურებაში?

საქმეც სწორედ ისაა, რომ ჯერ კიდევ 1974 წელს გამანადგურებლის რანგში შექმნილი პირველი F-16A-ს თანამედროვე "შთამომავლები", იგივე F-16E/F Block 60, უკვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში მოწინააღმდეგის გამანადგურებელთანაც შეუძლია ბრძოლა "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმოქმედი რაკეტებით. ასევე, ზუსტად შეუძლია გაანადგუროს რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორიდან მტრის ტანკი "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტით და არც ზღვაში გაუშვას დაუსჯელად უცხო სამხედრო კატარღა "ჰაერი-ხომალდი" კლასის მართვადი რაკეტის უზუსტესი მოხვედრით. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ უკრაინას F-16-ის ბოლო, თანამედროვე მოდიფიკაციები გადასცენ, მაგრამ ნიდერლანდების (რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა ამ გამანადგურებლების კიევისთვის შესაძლო ჩუქებაზე) შეიარაღებაშია F-16AM/BM მოდიფიკაციის 61 გამანადგურებელი თვითმფრინავი.

"მებრძოლი შევარდნების" უკრაინელი პილოტების მიერ ათვისება და საბრძოლო გამოყენება შეიძლება იმ ფაქტორმაც გააადვილოს, რომ უკრაინის ორ კარის მეზობელს - პოლონეთსა და რუმინეთს უკვე ჰყავთ შეიარაღებაში ეს ამერიკული გამანადგურებლები და თავიანთ დიდ გამოცდილებას გაუზიარებენ უკრაინელებს, მათ შორის ამ "შევარდნებისთვის" საჭირო საეროდრომო ინფრასტრუქტურის მოწყობითაც.

"ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმით, F-16 ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება მსოფლიოში, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ დღემდე 4 600-ზე მეტი ასეთი სამხედრო თვითმფრინავია წარმოებული, რითაც მეოთხე თაობის რეაქტიულ გამანადგურებლებში F-16 ლიდერობას ინარჩუნებს. აშშ-ის გარდა, F-16-ები მსოფლიოს კიდევ 25 ქვეყანას ჰყავს შეიარაღებაში და მათ რიგს, ადრე თუ გვიან, შეიძლება უკრაინაც მიუერთდეს და თანაც ისე, რომ "მებრძოლი შევარდნები" პირდაპირ ბრძოლებში ჩაებან რუსულ „სუ“-ებსა და „მიგ“-ებთან...

არსებობს კიდევ ერთი შემოვლითი გზა, რომ უკრაინა ერთი წელი არ ელოდოდს თავისი პილოტების გადამზადებას F-16-ებზე, ამისთვის იმ უცხოელი, პენსიაზე გასული სამხედრო მფრინავების დაქირავებაა საჭირო, რომლებსაც ამ ტიპის გამანადგურებლებით წლებია უფრენიათ...

სხვის ომში უცხოელი პროფესიონალი სამხედროების დაქირავების ისტორია საუკუნეებს მოითვლის, რაც შეეხება მფრინავებს, ჯერ კიდევ სტალინი გზავნიდა ესპანეთის სამოქალაქო ომში თუ კორეის ომში რუსი ეროვნების სამხედრო მფრინავებს და რუსი ივანოვები ესპანეთში გონსალესები "ხდებოდნენ", ხოლო პეტროვები კორეაში კიმ ჰვანებად "გადაინათლებოდნენ", თუმცა ამით ვერავის ატყუებდნენ, რადგან გახურებული საჰაერო ბრძოლების დროს რადიოეთერს ისევ რუსული გინებით "აბინძურებდნენ"...

აქამდე უკრაინის თავდაცვის უწყებას დიდად არ დასჭირვებია რომელიმე კონკრეტული სპეციალობის უცხოელი სამხედრო პროფესიონალების ასე სახალხოდ მიწვევა, რადგან საბჭოთადროინდელი წარმოების საბრძოლო ტექნიკაზე, იქნებოდა ეს ტანკები, საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო დანადგარები თუ საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები, საკუთარი კადრებიც საკმარისად ჰყავდა.

თუმცა რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რაც დასავლეთმა სხვადასხვა კლასისა და ტიპის საბრძოლო ტექნიკის მიწოდება დაიწყო უკრაინის არმიისთვის, უკვე სერიოზულ პრობლემად გადაიქცა შესაბამისი კადრების მომზადება-გადამზადება, რომლებსაც "ჰაიმარსიდანაც" შეეძლებოდათ სარაკეტო ზალპების გაშვება და "ლეოპარდებსაც" წაუძღვებოდნენ შეტევებში და მითუმეტეს ჩვეულად იგრძნობენ თავს F-16-ის კაბინაში...