ისევე, როგორც გორის ცენტრში, რუსული "ისკანდერით", 15 წლის წინ... - კვირის პალიტრა

ისევე, როგორც გორის ცენტრში, რუსული "ისკანდერით", 15 წლის წინ...

2023 წლის 19 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში საშინელი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა(მათ შორის ექვსი წლის გოგონა) და 144 კი დაიჭრა...

დაღუპულები და დაჭრილები ის ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ქალაქის ცენტრში დილით თავიანთ საქმეებზე მიიჩქაროდნენ, სეირნობდნენ ან იქვე მდგარი ეკლესიიდან ახალი გამოსულები გახლდნენ, სადაც ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულად ხილი აკურთხებინეს...

მშვიდობიან უკრაინულ ქალაქზე თავდასხმა რუსი ოკუპანტებისგან არ ახალი ამბავია, მაგრამ ჩერნიგოვის ცენტრის დასაბომბად გამოყენებული იქნა სწორედ ის რუსული აერობალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი, რომლითაც იმავე რუსმა ოკუპანტებმა 15 წლის წინ,2008 წლის 12 აგვისტოს ქართული გორის ცენტრზე მიიტანეს იერიში და რაც ყველაზე გასაოცარი დამთხვევაა, ორივე საჰაერო დარტყმა, როგორც გორში, ისე ჩერნიგოვში... დილის 10:50 წთ-ზე მოხდა...

4cher-1692528223.png
გორის ცენტრალური მოედანი, რომელიც 15 წლის წინ რუსული „ისკანდერის“ საბრძოლო ნათლობის პირველ სამიზნედ იქცა...

გორის ცენტრის დაბომბვისას რვა ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა, დაჭრილთა შედარებით ნაკლები რაოდენობა ჩერნიგოვის ტრაგედიასთან შედარებით, იმითაც იყო განპირობებული, რომ 12 აგვისტოსთვის, როდესაც რუსი ოკუპანტები გორს მიადგნენ, გორის მოსახლეობის ნაწილს ქალაქი დატოვებული ჰქონდა, ნაწილი სახლებში იყო გამოკეტილი, ხოლო ჩერნიგოვი 19 აგვისტოს ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც რუსი ოკუპანტები ამ ქალაქის მისადგომებიდან ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გაყარეს, თუმცა მაშინ რუსულ დაბომბვებს რამდენიმე ასეული ჩერნიგოველი შეეწირა, მათ შორის ის 47 ადამიანიც, რომლებიც 2022 წლის 3 მარტს ქუჩაში, პურის რიგში იდგნენ...

5cher-1692529297.png
გორის ცენტრის თავზე აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ რაკეტის გარსაცმი გადარჩა, რადგან რაკეტა კასეტური ქობინით იყო აღჭურვილი, მსხვრევად-ფუგასური ქობინის აფეთქების შედეგად კი ასეთი „ნივთმტკიცებები“ აღარ რჩება...

გორისა და ჩერნიგოვის ცენტრების (რომლებსაც ერთმანეთისგან პირდაპირი ხაზით 1 436 კმ-ი აშორებთ) რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის ფაქტებს შორის ბევრი საერთო ნიუანსია, მათ შორის ისიც, რომ ეს სარაკეტო დარტყმები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, მაგრამ არის მთავარი განსხვავებაც-თუ როგორი საბრძოლო ქობინიანი „ისკანდერი“ გამოიყენეს რუსმა აგრესორებმა ჯერ ქართული და შემდეგ უკრაინული ქალაქის ცენტრებში სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.

2cher-1692527575.png
რუსული "ისკანდერის“ სტარტის მომენტი...

2008 წლის 12 აგვისტოს ჩრდილო კავკასიიდან გორის მიმართულებით „ისკანდერის“ გაშვება, ამ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის Искандер-М -ის საბრძოლო ნათლობად იქცა,რომლის დროსაც გამოყენებული იქნა მისი 9М723 ტიპის აერობალისტიკური რაკეტა 9Н722К5 ტიპის კასეტური ქობინით.

რუსეთის ჩრდილო ოსეთიდან გაშვებულმა „ისკანდერის“ ამ 3,8 ტონიანმა აერობალისტიკურმა რაკეტამ გორამდე არსებული 120 კმ-მდე მანძილი დაახლოებით 60-80 წმ-ში დაფარა და გორის ცენტრის თავზე ერთი კმ-ის თავზე მისი კასეტური ქობინი გადაიხსნა, საიდანაც 54 ცალი 7,4 კგ მასის მსხვრევადი ელემენტი გაიფანტა, რომლებიც მოედანზე დაცემამდე 6-10 მ-ის სიმაღლეზე აფეთქდნენ და ამიტომაც დიდი ნგრევა გორის მოედანზე არ გამოიწვიეს, თუმცა თავისი ნამსხვრევებით უდანაშაულო ადამიანები მაინც შეიწირეს...

2023 წლის 19 აგვისტოს კი უკრაინის ჩერნიგოვის ცენტრალურ მოედანზე იგივე რუსული Искандер-М -ით იქნა მიტანილი საჰაერო იერიში, მაგრამ ამჯერად 9М723 ტიპის აერობალისტიკური რაკეტა კასეტური კი არა, არამედ, 480 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ქობინით იყო აღჭურვილი, რომლის დეტონირება მოედანზე დაცემისთანავე მოხდა და ამიტომაც ბევრად მეტი ნგრევა გამოიწვია, ვიდრე, გორის ცენტრში...

3cher-1692527735.png

ჩერნიგოვის ცენტრალური მოედნის თანამგზავრული ფოტო,რომლის მარჯვენა ნაწილში დრამატურგიული თეატრის შენობა მოჩანს,რომელიც რუსული „ისკანდერის“ მთავარ სამიზნედ იყო მონიშნული,

როგორც ირკვევა, უკრაინელები ჩერნიგოვის სწორედ ამ ცენტრალურ მოედანზე მდებარე დრამატურგიული თეატრის შენობაში ატარებდნენ დახურულ კონფერენციას დრონებთან დაკავშირებით და იქ მიწვეული იყვნენ, როგორც დრონების კონსტრუქტორები, ისე მათი საბრძოლო სიტუაციებში გამომყენებელი სამხედროებიც და რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ეს ინფორმაცია სათავისოდ გამოიყენა...

ჩერნიგოვის ცენტრზე საჰაერო დარტყმის განმახორციელებელი რუსული „ისკანდერი“ ოპტიკურ-ელექტრონული დამიზნების თავაკით იყო აღჭურვილი, ის მოხვდა თეატრის შენობის სახურავსთუმცა მოედანზე მოსირულე ხალხი დაზარალდა, ისევე, როგორც ზიანი მიადგა 66 შენობასა და 64 ავტომობილს.

აგვისტოს ომის დროს ქართულ საჰაერო თავდაცვას რუსული თვითმფრინავების აღმოჩენა და ჩამოგდება უჭირდა (განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შავშვების მთაზე მდგარი მძლავრი რადიოლოკატორი აგვიფეთქეს), არათუ იმ დროისთვის სუპერთანამედროვე აერობალისტიკური „ისკანდერის“ რაკეტის მოგერიება, რომელიც წამში ორი კმ-ით უახლოვდებოდა გორის ცენტრს, მაგრამ უკრაინელებს ხომ მაინც უკვე აქვთ რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა და გერმანელებმა "პეტრიოტები“, ხოლო ფრანგებმა და იტალიელებმა „მამბები“ გადასცეს?

"პეტრიოტს“ მართლაც შეუძლია "ისკანდერისა“ და "კინჟალის“ აერობალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რაც უკრაინელმა მეზენიტეებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, მაგრამ ამ "პეტრიოტების“ არცთუ მრავალრიცხოვანი სარაკეტო დანადგარები ძირითადად უკრაინის დედაქალაქის გარშემოა თავმოყრილი და კიევის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს იცავენ, ხოლო ჩერნიგოვი რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 70-იოდე კმ-ში მდებარეობს (სხვათაშორის, გორიდანაც დაახლოებით ეს მანძილია რუსეთის საზღვრამდე) და რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან გაშვებულ „ისკანდერის“ რაკეტას ჩერნიგოვის ცენტრალურ მოედნამდე მისაღწევად ერთი წუთი თუ სჭირდება, რაც არასაკმარისი დროა საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან თავშესაფარებში ჩასასვლელად...