გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე
82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე. ინფორმაციას თეიმურაზ გოცაძის ახლობლები ავრცელებენ.
თეიმურაზ გოცაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (აპოლონ ქუთათელაძის კლასი). 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის "მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში – საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში (შემდეგ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: "ლურჯა ცხენები“, "დაბადება“ (ორივე 1965), "ეფემერები“ (1966), "ჩემი საუკუნე“ (1980), "ჩემი თბილისი“ (1987), სერია "ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), "მეტამორფოზა“ (1989), "სულიერი საქართველო“ (1991), "მოტაცებული მშვენიერება“ (1999), "საქართველო – XX საუკუნე“ (2002).
შექმნა თანამედროვეთა (ო. ჭილაძე, 1973; მ. ჯანაშია, 1975; თ. ჩხეიძე, 1985) პორტრეტები, მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები...
KVIRISPALITRA.GE მწუხარებას გამოთქვამს თემო გოცაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და მის ახლობლებს.