ვინც საპენსიო სქემაშია, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოს!
7 სექტემბრამდე თუ თქვენს საპენსიო დანაზოგში არსებულ თანხებს თქვენი შეხედულებით არ გადაანაწილებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამ თანხების მართვას ისევ საპენსიო სააგენტო განაგრძობს და ერთი წლით იქ არსებული თანხები კანონის შესაბამისად გადანაწილდება. საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი შეიცვალა და 7 აგვისტოდან ამ პროგრამის მონაწილეებს თავად უწევთ გადაწყვიტონ, საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა რა რისკის მატარებელ პორტფელებში დააბანდონ.
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება ხდებოდა ნაკლებად რისკიან პორტფელში - ძირითადად, საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში, ხოლო უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდული იყო პორტფელის 20%-მდე. როგორც საპენსიო სააგენტოში ამბობენ, გასულ 5 წელიწადში ამ პორტფელის წლიური საშუალო მომგებიანობა 9,4% იყო, რამაც 5 წლის ჯამში 52% შეადგინა და ინფლაციასთან მიმართებით 10,13%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა, წლიურად საშუალოდ 2,17%-ით მეტი.
თუ აქამდე არსებობდა მხოლოდ დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი, მას უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატა. თუ მოქალაქე 7 სექტემბრამდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ საპენსიო სააგენტომ 7 აგვისტოს ასაკის შესაბამისად გადაანაწილა ეს თანხები სამი სახის - მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან პორტფელებში.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის თქმით, "დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები, ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდნენ საინვესტიციო პორტფელებში და 7 სექტემბრამდე ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი".
საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო და ამ სქემაში ავტომატურად გაწევრდა ყველა დასაქმებული საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქალები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ იყვნენ 55 წლის, და 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. პროგრამაში მონაწილეობა 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე სავალდებულოა და ჩართულია ყველა, ვინც დასაქმებულია, ან თვითდასაქმებულია და შემოსავალს იღებს. კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი გახდა 40 წლის ზევით მოქალაქეებისთვის. ვისაც მონაწილეობა არ სურდა, განცხადებები დაწერეს და გამოეთიშნენ საპენსიო სქემას. ამ პროგრამაში ჩართულთა საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად ირიცხება დარიცხული ხელფასის 2%, დამატებით იმავე თანხას რიცხავს როგორც პირის დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო ხაზინაც. მაგალითად, თუ გერიცხებათ თვეში 1000 ლარი, დარიცხული ხელფასის 2%, ანუ 20 ლარი, გადაირიცხება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე (საშემოსავლო 20%-\იანი გადასახადი დაკავდება დარჩენილი თანხიდან), ასევე 20 ლარს დაამატებს დამსაქმებელი და კიდევ 20 ლარს კი სახელმწიფო. ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილეს ურიცხავს დარიცხული ხელფასის 2%-ს, ვიდრე ამ ხელფასის ჯამური ოდენობა წლიურად 24.000 ლარს არ მიაღწევს. ამის შემდეგ დაირიცხება 1%, ხოლო თუ ჯამური ოდენობა წელიწადში 60.000 ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე შენატანებს შეწყვეტს.
როგორც სტატისტიკით გაირკვა, საპენსიო სქემაში ამ დროისთვის გაწევრებულია 1 მილიონ 420 ათასი მოქალაქე. 2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3,66 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს. დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4 118-მა პირმა. სწორედ 1 მილიონ 420 ათასი კაცისთვის იცვლება წესები. მათ 7 სექტემბრამდე შეუძლიათ საკუთარი სურვილით ერთი ან მეტი საინვესტიციო პორტფელის შერჩევა და ამ შემთხვევაში თანხის გადანაწილება. მოქალაქის გადაწყვეტილებას ვადა ერთი წელიწადი ექნება. დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია შერჩეული პორტფელი დააფიქსიროს როგორც ონლაინრეჟიმში - პირადი საპენსიო გვერდიდან ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, ასევე იუსტიციის სახლებსა და საპენსიო სააგენტოს ოფისში, ანა პოლიტკოვსკაიას 14-ში.
„პორტფელის არჩევის შემდეგ 12-თვიანი დაკეტვის პერიოდია, რომლის გასვლის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ არჩევანი შეცვალოთ“
უფრო დეტალურად ამ ცვლილებებზე გოგა მელიქიძე გვესაუბრება:
- 7 სექტემბრამდე ცოტა დრო რჩება, მოქალაქეებს ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ პორტფელი, რამდენად აქტიურობენ ისინი?
- დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ რამდენიმე ასეული კაცია, რომელთაც სხვა პორტფელი აირჩიეს, რაც ძალიან კარგია.
- როგორ გადანაწილდა დაგროვებული თანხები 7 აგვისტოდან?
- კანონში წერია, რომ მონაწილეები, რომლებიც არიან 40 წლამდე, მოხვდნენ მაღალ რისკში, ანუ მზარდ პორტფელში; 40-დან 50 წლამდე მონაწილეები მოხვდნენ საშუალო რისკის პორტფელში, რომელიც შერეული და დაბალანსებული პორტფელია, ხოლო 50 წლის ზევით მოქალაქეები არიან დაბალი რისკის პორტფელში. კანონი ამბობს და ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც, თუ ცოტა პერიოდი გაქვს საპენსიო ასაკამდე, უნდა იყო სტაბილურ პორტფელში, ხოლო რაც უფრო მეტი წელი გაქვს საპენსიო ასაკამდე, სასურველია მონაწილეს მზარდი პორტფელი ჰქონდეს. ამიტომაც ამ პორტფელში მეტი წილი - 55% არის აქციების. აქციებს ახასიათებს ფასის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ არის ფასის მერყეობის რისკიც. ამიტომაც ჰქვია მაღალრისკიანი პორტფელი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოიტანს მნიშვნელოვან ზრდას.
- 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები რომ ავტომატურად მაღალრისკიან პორტფელში აღმოჩნდნენ, რამე პრობლემა შეექმნება მათ თანხას? ასეთ დროს ვინ იღებს ვალდებულებას, რომ ის არ დაიკარგება?
- საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური როგორც აქამდე იყვნენ პასუხისმგებელი თანხის ჯეროვნად და მაღალი გულისხმიერებით მართვაზე, ასევე გაგრძელდება. მსოფლიო არ არის დაზღვეული კრიზისისგან. ცოტა ხნის წინ იყო პანდემია, მანამდე გლობალური ფინანსური კრიზისი, ახლა ომია, ბუნებრივია, რომ მომავალშიც იქნება ისეთი გლობალური ტენდენციები, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე და ამას ჩვენს საინვესტიციო პორტფელებზეც ექნება ზეგავლენა. თუმცა ჩვენი ამოცანაა, ამას გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. ბოლო 150 წელიწადია, აქციებში ინვესტირება ყველაზე მომგებიანია. ბუნებრივია, მაღალრისკიანში უმეტესად შედის ისეთი აქციები, რომელთა ფასი უფრო მეტად მერყეობს.G პორტფელის რყევა იქნება, მაგრამ ზრდაც მეტი ექნება. სტაბილურ საინვესტიციო პორტფელში აქციების წილი მხოლოდ 20%-ია, დანარჩენი დეპოზიტები და სახაზინო ობლიგაციებია და შესაბამისად, უფრო სტაბილურიც. საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები უფრო მეტად მერყევი იქნება, თუმცა გავიმეორებ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აქციებს ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს. მე თუ ვარ 40 წლამდე ასაკის და ჩემი პორტფელი არ არის განაწილებული აქციებში, როცა წინ ამხელა საინვესტიციო პერიოდი მაქვს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საუკეთესო ინტერესები, როგორც მონაწილის, დარღვეულია. მაგალითად, მარტო წლეულს ამერიკული აქციები 146%-ით გაიზარდა, ხოლო "ეპლის" - 48%-ით და როცა ასეთი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც რამდენიმე ასეული წელია არსებობს და ეს ჩემს საინვესტიციო პორტფელში არ შედის, გამოდის, ჩემი ინტერესები არ არის დაცული, მით უფრო, როცა საპენსიო ასაკამდე დიდი პერიოდი მაქვს. ამიტომაც შედის 40 წლამდე ასაკი მაღალ რისკში, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პორტფელს ყველაზე მეტი ზრდა ექნება. ეს ყველაზე კარგი საინვესტიციო პორტფელია, რომელიც ყველაზე მეტად გაამართლებს და ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დაამარცხებს ინფლაციას.
როცა პორტფელებს ვქმნით, არ ვუყურებთ, ერთ თვეში რა იქნება, ვახდენთ გლობალურ ანალიზს. გათვლა ხდება 10-15 წლით, კეთდება 5-დან 10 წლამდე სტრატეგიული ანალიზი და მერე ამის საფუძველზე ხდება განთავსება.
დაახლოებით 3,7 მილიარდი ლარი იყო აქამდე დაბალი რისკით. ახლა ეს გადანაწილდა სამ პორტფელში. ამ 3,7 მილიარდიდან 680 მილიონი არის ზევიდან მოტანილი სარგებელი, რომელმაც ხუთ წელიწადში 52% შეადგინა. ამავე პერიოდში ინფლაცია 35% იყო, ანუ ინფლაციას ვჯობნით... მონაწილის სახელზე შემოსული თანხები პერმანენტულ რეჟიმში ინვესტირდება და ამას დამატებითი სარგებელი მოაქვს. რყევების შემთხვევაში იქნება პორტფელზე ზეწოლა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ რამე თანხა დაიკარგება ან განულდება, არ არსებობს. როცა გლობალური კატაკლიზმია და ისეთი რყევები მოხდება, როგორიც შარშან ან გასულ წლებში იყო, ეს პორტფელებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის საინვესტიციო პორტფელები, რომლებიც ჩვენ შევკარით, აუცილებლად დაამარცხებს ინფლაციას და მოიტანს სარგებელს.
- როგორც ჩანს, დიდი აქტიურობა არ არის. ამას რითი ხსნით?
- კანონით, ცვლილება უნდა მომხდარიყო აგვისტოში. ეს ნაკლებად აქტიური თვეა, თვითონ პროდუქტიც ახალია და ალბათ ამიტომ. ახლა არის ერთთვიანი ფანჯარა, 7 სექტემბრამდე შეუძლიათ შეცვალონ პორტფელი, მერე ფანჯარა დაიკეტება. თუმცა ახლა კანონი იცვლება და მონაწილესაც უკვე ექნება შესაძლებლობა, პორტფელი ნებისმიერ დროს გამოცვალოს და სხვა პორტფელში გადავიდეს. არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია არჩევანი შეცვალოს. თუ სურვილი ექნება, წელიწადში ერთხელ შეცვლის პორტფელს. არც ვადა იქნება დაწესებული, რომ კონკრეტულად აგვისტოში უნდა შეცვალოს, როგორც დღეს არის.
12-თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ, აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგი შესაბამის პორტფელებში გადავანაწილოთ.
ვინაიდან სტაბილურ პორტფელში აქტივების უმეტესი ნაწილის ინვესტირება ხდება შედარებით დაბალრისკიან ფინანსურ ინსტრუმენტებში, როგორიცაა დეპოზიტები და სახაზინო ობლიგაციები, ამ პორტფელთან დაკავშირებული რისკებიც ნაკლებია. ამიტომ სტაბილური პორტფელი უკეთ შეეფერება იმ მოქალაქეებს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის გაწევა.
5 წლის წინ, როცა ეს კანონი იწერებოდა, რთული იყო ზუსტად განგესაზღვრა, სხვა აქტივებში როგორ შეიძლებოდა ინვესტირება. როცა ეს პრაქტიკაში დავნერგეთ, უფრო მეტი შინაარსი შევძინეთ კანონს სხვა აქტივების მიმართულებით - როგორ შეიძლება მეტად გავაფართოოთ მანდატი, რათა უფრო მეტი აგრესიულობით, კარგი გაგებით, და მეტი აქტიურობით, მონაწილეების დანაზოგები დავაბანდოთ სხვადასხვა აქტივში, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ.
- ჩვენს ფულს საფრთხე არ ემუქრება?
- არავითარი საფრთხე არ ემუქრება. თანხებს განკარგავს კვალიფიციური დამოუკიდებელი საინვესტიციო სამსახური, დამატებით ვიღებთ სარგებელს. ამ თანხაზე არ ვრცელდება ყადაღა და ინკასო. ვთქვათ, თუ საპენსიო სქემის მონაწილე რამე ფინანსურ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მისი საპენსიო დანაზოგი ვერ დაყადაღდება, რადგან ის მხოლოდ საპენსიო სქემის მონაწილისაა და ყადაღა მასზე არ ვრცელდება.
- რომ მიხვდე, თანხები სად დააბანდო, ამისთვის ეკონომიკის ცოდნაა საჭირო, რაც ბევრს არა აქვს, მათ რას ურჩევთ?
- თუ 40 წლამდე ასაკის მონაწილე ხართ, აუცილებელია გქონდეთ ბევრი აქცია და, ჩემი აზრით, უნდა იყოთ მაღალმზარდ პორტფელში, ხოლო თუ საპენსიო ასაკში ხართ, ჯობია იყოთ სტაბილურ პორტფელში. თუმცა შეიძლება ახლოს ვარ საპენსიო ასაკთან, მაგრამ მაინც მინდა მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში ჩემი დანაზოგის შეტანა; ან შეიძლება ვიყო 28 წლის, მაგრამ მინდოდეს ნაკლებრისკიანში ყოფნა - ეს თავად მონაწილის გადასაწყვეტია. ეკონომიკური განათლება ვისაც არა აქვს, სასურველია დატოვონ ისე, როგორც არის გადანაწილებული და დააკვირდნენ ცვლილებას.
- თუ სახელმწიფო დააბანდებს ამ თანხას და მონაწილემ ვერ მიიღო მოგება, სახელმწიფო მას თანხას არ აუნაზღაურებს?
- ამ ფულს მართავს საინვესტიციო სამსახური და აკონტროლებს ეროვნული ბანკი. სახელმწიფო არ ერევა იმაში, ეს ფული სად წავიდეს. მისი როლი ის არის, რომ მოხდეს კონტრიბუციები, საპენსიო შენატანები და საპენსიო გაცემები შესრულდეს ჯეროვნად. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი პროცესია, დამოუკიდებელი ვერტიკალი, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი და ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტთან - ანუ სახელმწიფო არც თანხას არ აბანდებს. პარლამენტმა დაიქირავა კვალიფიციური საინვესტიციო საბჭო, რომელმაც შექმნა საინვესტიციო სამსახური. ეს ვერტიკალი ეროვნული ბანკის რეგულაციით მართავს ამ თანხას.
- რა მოგებას ნახავს მონაწილე, ამის გაკონტროლება თუ შეუძლია?
- მოგების ნახვა შეუძლია ყოველ წამს, ყოველდღე. ის ხედავს, სად არის გადანაწილებული მისი პორტფელი. შეუძლია ნახოს, რა ვალუტაშია, ხედავს მომგებიანობას, ყველანაირ დინამიკას. ვებგვერდის საშუალებით ხედავს ასევე სამივე პორტფელის მოქმედებას და მომდევნო წელს ამის მიხედვით შეუძლია რაიმეს შეცვლა. შეუძლია ჩვენს საიტზე ნახოს, რომელი პორტფელი როგორ მოქმედებს. თუ შევა პირად გვერდზე, უფრო მეტ ინფორმაციას ნახავს თავისი თანხის შესახებ. ეს მობილბანკებშიც ჩანს.