მძიმე პროგნოზები ანუ რა სცენარებისთვის უნდა იყოს მზად საქართველო?!
ბოლო პერიოდში დასავლურმა პრესამ მასობრივად დაიწყო წერა იმის შესახებ, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, გაჯანჯლდა და საერთოდ, ამ ოპერაციის წარმატება უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ამ სტატიების ნაწილი, სავარაუდოდ, კრემლის დაკვეთაა, რათა დასავლეთში შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ უკრაინა ვერ იმარჯვებს, ომი დროში იწელება, რაც დასავლეთს დიდი რესურსები უჯდება. აქედან უკვე ერთი ნაბიჯია იმ თემის გააქტიურებისკენ, რომ დასავლეთმა აიძულოს კიევი პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს შემდეგი სქემით - რაც რუსეთმა დაიპყრო, ის პუტინს, რაც შეინარჩუნეს უკრაინელებმა, კი ბატონო, იფრიალოს იქ უკრაინის დროშამ.
მოსალოდნელია თუ არა მოვლენების ამ სცენარით განვითარება? დიახ, თუ დასავლეთმა მოინდომა, მოსალოდნელია. კერძოდ, დასავლური ქვეყნების დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინა, მიუხედავად ხალხის გმირული შემართებისა, ვერ შეძლებს პუტინის ურდოების შევიწროებას. მოინდომებს ასეთ სცენარს დასავლეთი? საბედნიეროდ, ამის შანსი მინიმალურია.
წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ზემოხსენებული სქემით მართლაც გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ პუტინი დამშვიდდება და მშვიდობის მტრედად გადაიქცევა? რა თქმა უნდა, არა. 2-3 წელიწადს ის იმისთვის გამოიყენებს, რომ გადააიარაღოს ჯარი, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაცია მოახდინოს, ჯარის რაოდენობა რამდენჯერმე გაზარდოს (ადამიანურ რესურსებზე მეტი რა აქვთ) და... ახალი ურდოებით წამოვა უკრაინისკენ. მანამდე შესაძლოა ერთ-ორ ახლო მეზობელს წაუთაქოს თავში.
განვიხილოთ სხვა სცენარიც - ვთქვათ, უკრაინამ გაიმარჯვა ისე, როგორც ეს კიევში წარმოუდგენიათ. კერძოდ, დაიბრუნეს დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი და გავიდნენ 1991 წლის საზღვრებზე. მაინც, თუ პუტინი დარჩა ხელისუფლებაში, ეს მხოლოდ დროებითი გამარჯვება იქნება და რამდენიმე წლის შემდეგ მოვლენები კვლავ ზემოხსენებული სცენარით განვითარდება.
შესაბამისად, უფრო დიდი მასშტაბის ომი სულ რამდენიმე წლით გადაიწევს. შემდეგ დასავლეთს მაინც მოუწევს პუტინის შეკავება, ოღონდ უფრო ძლიერის და მარცხისგან ჭკუანასწავლის. აქედან ერთი ნაბიჯია იქითკენ, რისიც ასე ეშინია ამ პლანეტის რვამილიარდიან მოსახლეობას - მესამე მსოფლიო ომის.
უკრაინის გამარჯვება იქნება კრემლი პუტინის გარეშე და კბილებდაცლილი რუსეთი. თუმცა თუ უკრაინა 1991 წლის საზღვრებზე გავიდა, ეს რუსეთში აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ რყევებს. გასაგებია, რომ ამ ქვეყანაში არც პოლიტიკური ოპოზიცია არსებობს და მოსახლეობის დიდი ნაწილი პროპაგანდით არის გაბრუებული, მაგრამ... ადგილი ცარიელი არ დარჩება. თუმცა ამისთვის დასავლეთმა უნდა იაქტიუროს. თუ რუსეთი სამხედრო მარცხის წინაშე დადგა, დასავლეთი უნდა შეეცადოს მოკავშირეების მოძებნას პუტინის გარემოცვასა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. მათ (ვგულისხმობთ პუტინის გარემოცვას, რუს ოლიგარქებს და ა.შ.), ვინც ჩამოიშორებენ პუტინს და გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი აღარ იყოს საფრთხე მსოფლიოსთვის, დასავლეთმა ხელშეუხებლობის გარანტია უნდა მისცეს. რას ვიზამთ, დიდ პოლიტიკაში უფრო ხშირად არჩევანია ცუდსა და უარესს, ვიდრე კარგსა და ცუდს შორის.
გარდა ამისა, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, დასავლეთმა უნდა უკუაგდოს შიში, რომ თითქოს ერთიანი რუსეთი მსოფლიოსთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დაშლილი. გასაგებია, ბრიუსელში, ლონდონსა და ვაშინგტონში ეშინიათ, რომ ათასობით ბირთვული ქობინი არ მიმოიბნეს პატარ-პატარა სახანოებსა და რესპუბლიკებს შორის. კი მაგრამ, ამის გაკონტროლებაც ხომ შეიძლება?! ან რატომ არის დასავლეთის პოლიტელიტის ნაწილი დარწმუნებული, რომ რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენებული ციმბირისა თუ თათრეთის რესპუბლიკები მაშინვე ტერორისტებთან დაიჭერენ საქმეს და მათთან ბირთვული იარაღით ვაჭრობას დაიწყებენ. ბირთვული იარაღის უკონტროლობა არც აშშ-ს აწყობს, არც ევროპის მძლავრ სახელმწიფოებს და არც ჩინეთს - შესაბამისად, ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიხედავენ ამ საფრთხეს. დასავლურმა სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ არა მარტო რუსულ პოლიტელიტასთან, არამედ სეპარატისტულად განწყობილ დაჯგუფებებთან. რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრაში" ჩვენ ვწერდით, თუ რა მასშტაბებს მიაღწია სეპარატისტულმა მოძრაობებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში. რა თქმა უნდა, შემდეგ პუტინის სპეცსამსახურებმა მოასწორეს ყველაფერი, მაგრამ ეს დაჯგუფებები დღეს "მიძინებულები" არიან, გაღვიძება კი ყოველთვის შეიძლება...
თუმცა მთავარია შემდეგი კითხვა - გაიმარჯვებს კი საერთოდ უკრაინა? რა თქმა უნდა, ამის პროგნოზირება ძნელია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მოსკოვი ახდენს ცოცხალი ძალის დამატებით მობილიზებას და ზრდის ტექნიკის წარმოებას; როდესაც დასავლურმა სანქციებმა არ მოიტანა ის შედეგი, რასაც უკრაინელები და ყველა მათი გულშემატკივარი ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოვლენები შესაძლოა კატასტროფული სცენარით განვითარდეს და რუსეთმა შეძლოს ომში გარდატეხის შეტანა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ასე არ მოხდება და ამის გასაღები, პირველ რიგში, დასავლეთის ხელშია.
ჩვენ კი, საქართველოს შვილებმა, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გავაანალიზოთ ის, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო და რას მოგვიტანს ომის დასრულების ან ერთი, ან მეორე სცენარი.
თუ უკრაინა გაიმარჯვებს...
კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ უკრაინის გამარჯვება სრულფასოვანი იქნება მაშინ, თუ რუსეთი იქნება პუტინის გარეშე და ამ ქვეყანას ეშვებს მოაჭრიან. მაგრამ თუ პუტინი დარჩა ხელისუფლების სათავეში, საქართველოს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. კერძოდ, გამწარებულმა სამხედრო დამნაშავემ შესაძლოა ჯავრი იყაროს სწორედ ჩვენზე და ზოგიერთ სხვა მეზობელზე. გეოპოლიტიკურადაც ჩვენთვის არაფერი შეიცვლება - მივულოცავთ გამარჯვებას უკრაინას და... სულ იმის შიშსა და მკითხაობაში ვიქნებით, თუ რა ვერაგულ გეგმებს ამუშავებენ გრუ ან ეფ-ეს-ბე საქართველოსთან დაკავშირებით.
რუსეთის მართვის სადავეებისგან პუტინის ჩამოშორებაში, რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობთ, რომ პუტინს ივანოვი შეცვლის და შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება. ვგულისხმობთ რუსეთის იმპერიულ იდეოლოგიასა და სსრკ-ის აღდგენის ოცნებებზე უარს. შესაბამისად, თუ ასეთი სურათი იქნება, მაშინ საქართველოს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოს უნიკალური შანსით.
კერძოდ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. როდესაც რუსეთის ფაქტორი აღარ იქნება, ქართული სახელმწიფო ამ ამოცანის შესრულებას არცთუ ისე ძნელად შეძლებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არა მარტო დიდი პოლიტიკური გამარჯვება, არამედ ქვეყნის ეკონომიკური თუ სატრანზიტო შესაძლებლობების სერიოზული გაზრდა იქნება (მხოლოდ აფხაზეთის ტურისტული პოტენციალი რად ღირს).
ასევე, საქართველოს დასავლურ პერსპექტივას არანაირი ბარიერი და წინაღობა არ ექნება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოში უნდა ვეცადოთ პოლიტიკური პროცესი ისე წავიყვანოთ, რომ არ გავიმეოროთ 90-იანი წლების შეცდომები, რომლებიც დღემდე მოგვყვება - როდესაც საბჭოთა კავშირი, ბოლოს და ბოლოს, დაიშალა, ჩვენ აქ სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ და ერთი 50 წლით ჩამოვრჩით განვითარების ტემპს.
რა ელის საქართველოს...
თუ ომში რუსეთმა გაიმარჯვა?! თუ მოხდა გეოპოლიტიკური კატასტროფა და კრემლმა გატეხა უკრაინელების წინააღმდეგობა, მაშინ საქართველოსთვისაც ერთ-ერთი მძიმე ისტორიული მომენტი დადგება. გამარჯვება რუსეთში ისეთ იმპერიულ-ველიკოდერჟავულ აღტყინებას გამოიწვევს, რომ კოლექტიური პუტინი ათწლეულობით ჩაიბუდებს ამ ქვეყანაში. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის შემდეგ დადგება საქართველოს ჯერი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებულ ულტიმატუმში (სადაც მოსკოვი ნატოს ნათლად უვლებდა წითელ ხაზებს და წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო-ტექნიკური მოქმედებებით იმუქრებოდა) ორად ორი ქვეყანა ფიგურირებდა - უკრაინა და საქართველო.
თუ მოხდა გეოპოლიტიკური კატასტროფა, საქართველოსთვის, სავარაუდოდ, მრავალი წლით დაიხურება დასავლეთში ინტეგრაციის პერსპექტივა. არც დასავლეთს ეცლება ჩვენთვის და, ალბათ, არც ჩვენ დასავლეთისთვის. გაიზრდება იმის საფრთხე, რომ საქართველო იქცეს რუსეთის ისეთივე სატელიტად, როგორიც სომხეთი იყო ათწლეულების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრიც კი არარეალური იქნება (გვაქვს იმის ისტორიული გამოცდილება, რომ რუსეთი ერთ სოფელსაც არ დაგიბრუნებს, თბილისში სუპერმეგობრულად განწყობილი მთავრობაც რომ იჯდეს).
მოკლედ, საქართველოსთვის რუსეთის გამარჯვება იქნება მძიმე ისტორიული პერიოდის დასაწყისი. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს გამძლეობას და კრემლის ხერხემალში გადატეხას. ასევე, ვისურვებდით, რომ დასავლეთს უფრო მასობრივად დაეწყოს კიევისთვის იარაღის (განსაკუთრებით ავიაციისა და არტილერიის) მიწოდება.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით
"18 თვის განმავლობაში ორივე მხარემ დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 500 ათასი კაცი დაკარგა: უკრაინელებს 70 ათასი სამხედრო დაეღუპათ, რუსებს კი 120 ათასი. უკრაინის ჯარებში 500 ათასამდე მოქალაქე მსახურობს. რუსეთის ჯარებში - 1 მილიონ 330 ათასი.
გიორგი კვიტაშვილი