პირველი აგვისტოდან მონიტორინგის თანამშრომელი უბილეთო მგზავრს ავტობუსიდან ჩასვლას ვეღარ აიძულებს
"კვირის პალიტრაში" შემოსულ მკითხველების კითხვებს პასუხობსK ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:
- მოგესალმებით, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში როგორ უნდა დავამტკიცო, რომ ეს მიწა მე მეკუთვნის. არანაირი საბუთი არა მაქვს. ასეთ დროს მეზობლის მოწმედ მიყვანა საჭიროა?
- როდესაც არანაირი საბუთი არ არსებობს საიმისოდ, რომ დადგინდეს მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის მართლზომიერი მფლობელობა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შესაძლებელია სპორადული წესით, რაც გულისხმობს, რომ დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობა დადგენილი უნდა იყოს 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ამასთან, საჭიროა დადგინდეს ის გარემოება, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი გამოიყენებოდა და გამოიყენება საკარმიდამოდ, ან საკარმიდამოს დამხმარედ.
საიმისოდ, რომ დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, საჭიროა: მიმართოს იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის მიმღებ ოპერატორს და წარუდგინოს განცხადება მოთხოვნით (რასაც ადგილზე შეადგენინებენ) მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ, ასევე აზომვითი ნახაზი კონკრეტული მიწის ნაკვეთის, რომელიც მის მფლობელობაშია. აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები თავად შეამოწმებენ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ტერიტორიას და შეადგენენ ოქმს იმ გარემოების გამოსარკვევად, აკმაყოფილებს თუ არა კანონის მოთხოვნებსა და მიზნებს კონკრეტული შემთხვევა საიმისოდ, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია. ოქმში ასევე შედის მეზობელი პირების გამოკითხვა, ანუ ოქმი საჯარო რეესტრისთვის წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლების დამდგენ საბუთს.
- ვცხოვრობ დედოფლისწყაროში, მაქვს პრივატიზებული მიწის ნაკვეთი, 1,25 ჰექტარი, მშობლებისგან დამრჩა 1,15 ჰექტარი. მეზობელი წავიდა ქალაქში სამუშაოდ და დამიტოვა 1,2 ჰექტარი დასამუშავებლად, სულ გამიხდა 3,7 ჰექტარი, კიდევ არის შანსი, რომ გავზარდო პრივატიზებული ფართობი, მაგრამ ასევე მაქვს იჯარით აღებული მიწა 4 ჰექტარი და ვიხდი ჰექტარზე 87 ლარს (იჯარის ფასს). მაინტერესებს 3,7 ჰექტარზე უნდა გადავიხადო თუ არა პრივატიზებული ფართობისთვის რაიმე თანხა, თუ გადასახადისგან გათავისუფლებული ვართ?
- ამ კითხვაზე პასუხს ორ ნაწილად დავყოფ: პირველი - რაც შეეხება პრივატიზაციას, პრივატიზაცია არის ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში გადასცემდა პირს უძრავ ქონებას, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მიმღები უხდიდა თანხას სახელმწიფოს კონკრეტული უძრავი ქონების სანაცვლოდ, ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულება, თავის მხრივ, არის ქონებაზე უფლების დამდგენი საბუთი, ანუ თუ საჯარო რეესტრში წარადგენთ პრივატიზაციის ხელშეკრულებას, პრივატიზებული ქონება დარეგისტრირდება თქვენს საკუთრებაში. მოცემულ შემთხვევაში, თქვენთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენით საკუთრებაში დაირეგისტრირებთ პრივატიზებულ ქონებას. რაც შეეხება თქვენი მშობლების მიერ პრივატიზებულ ქონებას, ეს გულისხმობს, რომ თქვენი მშობლებისგან მიიღეთ და არა სახელმწიფოსგან; რაც შეეხება იჯარას, აღნიშნული გულისხმობს, რომ თქვენ ხართ მოიჯარე, ანუ ქონების მფლობელობაში მიმღები, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთი გაქვთ ნაქირავები სარგებლის მიღების მიზნით და ამიტომ უხდით კონკრეტულ თანხას. ამასთანავე, თუ კითხვა დასმულია საგადასახადო კუთხით, ქონების გადასახადის გადახდის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ ამ საკითხზე პასუხის გასაცემად მეტი ფაქტობრივი დეტალია საჭირო, მაგალითად, თუ რა შემოსავალი გაქვთ წლის განმავლობაში და ა.შ...
- მოგესალმებით, მაქვს ნაკვეთი, რომელიც თვითნებურად შემოვღობე, ჩემი ნაკვეთის მომყოლი ნაწილი, 378 კვ, მივიტანე განცხადება მუნიციპალიტეტში და გადავიხადე თანხა. დამთანხმდნენ, რომ გავიფორმებდი, მაგრამ უარი მომივიდა, მითხრეს, რომ არა მაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ მიწას ვფლობდი 2007 წლამდე. როგორ უნდა მოვიპოვო ეს დოკუმენტი?
- 2007 წლის 20 სექტემბრამდე თქვენ მიერ მფლობელობის ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის სპორადული წესით რეგისტრაციის შესაბამისად, ანუ საჯარო რეესტრში წარადგენთ განცხადებას, რომ გსურთ კონკრეტული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის სპორადული წესით რეგისტრაცია, განაცხადს უნდა დაერთოს აზომვითი ნახაზი. ამის შემდეგ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები დაათვალიერებენ ფართობს და შეადგენენ ოქმს. ოქმში ასევე შედის თქვენს მეზობლად მყოფი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე-მფლობელთა გამოკითხვა. სწორედ აღნიშნული ოქმი წარმოადგენს შემდეგ უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც დაადგენს, რომ 2007 წლამდე ფლობდით მიწის ნაკვეთს.
- ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, ბოლო სართულზე. როგორ უნდა დავიკანონო სხვენი, ასევე მაინტერესებს, სარდაფის დასაკანონებლად რა დოკუმენტებია საჭირო?
- მრავალსართულიან ბინაში სხვენის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჭიროა მიმართოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, რომლის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი, რომ სხვენი თქვენს საკუთრებაში გადმოვიდეს, ხოლო აღნიშნული ოქმი შემდეგ უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრში, ოქმი იქნება თქვენს საკუთრებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი.
- ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიძინე. მაშინ ბინის ყოფილმა მეპატრონემ მითხრა, რომ მეზობელთან ერთად გვქონდა საერთო სარგებლობაში სათავსი, რომელიც არის ჩვენს სართულზე. ახლა ეს მეზობელი ამბობს, რომ ეს ფართობი მას ეკუთვნის, რადგან არის მისი ბინის კედლის მომიჯნავედ და ათეული წელია ცხოვრობს ამ კორპუსში. სად შეიძლება გავარკვიო ეს საკითხი და შემიძლია თუ არა ჩემი კუთვნილი ნაწილის დაკანონება და ცალკე გატიხვრა, რომ არ მქონდეს მეზობელთან კონფლიქტი.
- თუ ეს სათავსი არ არის გაფორმებული საკუთრებაში, ასეთ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ თავისი ოქმით უნდა დაგიდასტუროთ და გამოხატოს თანხმობაც, რომ ეს სათავსი საერთო საკუთრებაში გადმოგეცეთ თქვენ და თქვენს მეზობელს. თუ სათავსს ფლობდით 2007 წლამდე, ამ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა 2/3-ის თანხმობაც საკმარისია. თუ ამხანაგობა ჩათვლის, რომ თქვენ არა ხართ თქვენი წინამორბედის (წინამესაკუთრის) უფლებამონაცვლე და ამ მოტივით გეტყვით სათავსის თანასაკუთრებაში გადმოცემაზე უარს, გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ სასამართლოს წესით.
- მოგესალმებით, მიკროსაფინანსოდან გამოტანილი თანხით ვიყიდე მანქანა, რომელიც დამეწვა, მანქანა არ მყავდა დაზღვეული. ამ ამბის შემდეგ აღარ ვიხდი თანხას, რა მოხდება ასეთ დროს? ჩემს სახელზე სხვა რაიმე ქონება არ ფიქსირდება.
- მოცემულ კითხვაზე ამომწურავი პასუხისთვის მეტი დეტალია საჭირო, თუმცა განვმარტავ რამდენიმე შემთხვევას, რომლებიც შეიძლება თქვენს კითხვას პასუხობდეს: 1) ავტომობილის შესაძენად აღებული სესხი თუ ამავე ავტომობილით არ იყო უზრუნველყოფილი, გამოდის, სესხი არის სამომხმარებლო მიზნით გაცემული, რაზეც კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს მსესხებელს, მიუხედავად იმისა, რომ ნივთი რის შესაძენადაც გამოიყენა, მსესხებელს გაუნადგურდა. აქვე აღვნიშნავ, რომ მოცემულ შემთხვევაში, თუ კრედიტორი სააღსრულებო ფურცელს აიღებს, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეუძლია დააყადაღოს ყველა საბანკო ანგარიში და მოძრავ-უძრავი ქონება, ასევე სააღსრულებო წარმოებათა კანონის თანახმად, მოვალე აღირიცხება მოვალეთა რეესტრში, რაც წარმოადგენს შეზღუდვას, კერძოდ, თუ სამომავლოდ შეიძენთ მოძრავ-უძრავ ქონებას, შენაძენი დაყადაღდება და მათზე დაიწყება სააღსრულებო წარმოება. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია მოვალეთა რეესტრში ყოფნის ვადის საკითხი, რაც 6 წელს შეადგენს. ამასთანავე, ინფორმაცია იგზავნება "კრედიტინფოში", რაც სამომავლოდ განმსაზღვრელი იქნება სხვა სესხის გაცემის პროცესში; 2) აღებული სესხი, თუ არის სალომბარდე გირავნობით უზრუნველყოფილი, მსესხებელი პასუხს აგებს მხოლოდ დაგირავებული ავტომობილით, თუმცა ცალსახად აღნიშნულის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან ავტომობილის, რომელიც განადგურდა, მოვლა-პატრონობა შეიძლება ხელშეკრულებით მსესხებელს ევალებოდა. მაგალითად, შესაძლებელია ხელშეკრულება მსესხებელს ავალდებულებდა ავტომობილის დაზღვევას, რაც მსესხებელმა არ შეასრულა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ექნება მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას და ავტომობილის ღირებულების ფარგლებში შეიძლება კრედიტორმა სესხის ანაზღაურება მოითხოვოს, ხოლო აღსრულებას რაც შეეხება, პირველ ვარიანტში განიმარტა; 3) ავტომობილის შესაძენად აღებული სესხი შეიძლება უზრუნველყოფილი ყოფილიყო რეგისტრირებული გირავნობით, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად ავტომობილის განადგურებისა, ყველაფრის მიუხედავად, კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა წამოაყენოს და არ შემოიფარგლოს დაგირავებული ავტომობილის ღირებულებით.
- უბილეთოდ მგზავრობის დროს შეუძლია თუ არა კონტროლიორს მგზავრი ჩაიყვანოს ავტობუსიდან? რატომ არა მაქვს მგზავრობის საფასურის გადახდის უფლება მგზავრობის დასრულების დროს?
- თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19-70-ე დადგენილება განსაზღვრავს უბილეთო მგზავრობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, კერძოდ, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.
მონიტორინგის თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს. თანამშრომელი ასევე უფლებამოსილია პირის იდენტიფიცირების მიზნით ჩაიყვანოს უბილეთო მგზავრი ავტობუსიდან, მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და შეადგინოს ოქმი და დააჯარიმოს პირი.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დადგენილება 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა, შესაბამისად, გაუქმდა მგზავრის ჩაყვანის წესიც, რაც შეეხება მგზავრობის ღირებულების გადახდას მგზავრობის დასრულებისას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვითაც მგზავრმა მგზავრობის ღირებულება უნდა გადაიხადოს მგზავრობის დაწყებისთანავე და არა დასრულებისას.