„თუ ჩვენ სოფელ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლ არ იქნების, მტერი შამოვა და დაიკავებს ამ ადგილებს“ - კვირის პალიტრა

„თუ ჩვენ სოფელ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლ არ იქნების, მტერი შამოვა და დაიკავებს ამ ადგილებს“

ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს 180-მდე სოფელი გაუკაცრიელდა. 152 სოფელში 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს, მათ შორის ხეობაში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე წარმოგვიდგენია, იქაურობა პენსიონერების იმედად არის დარჩენილი. თბილისიდან სოფელ ხეობაში საათ-ნახევარში ჩახვალთ, მაგრამ სოფელში ავტომანქანით მიმოსვლა შეუძლებელია. იყო დრო დუშეთის რაიონის ამ სოფელში 58 ოჯახი ცხოვრობდა. სკოლაც იყო და საბავშვო ბაღიც. დღეს კი რამდენიმე მოხუციღა ამაგრებს ხეობას. სოფლიდან ულამაზესი ბუნება იშლება, გარშემო სულ მთებია. გზად, მთის ფერდობზე, ერთ პატარა და ლამაზ სახლს დაინახავთ. ამ სახლში შალვა პაპა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ახალგაზრდობაში საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, რუსიკო ბებო კი - ბიბლიოთეკაში. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და თავიანთი ბედით ძალიან კმაყოფილი არიან.

mta9-1692564456.jpg

შალვა წოწკოლაური: - როსტევანს განა ტყუილად ათქმევინეს ცხონებულსა, "სიბერე ჭირზედა უფრო ძნელიაო". ესეა ჩვენი საქმე და ყველა მოკვდავის საქმეც. სიბერე ყველაზე ძნელი ყოფილა. აღარცა ვკვდები და აღარცა ვრჩები... ორ-სამ კაციღა ვართ დარჩენილი. თავის დროზე, ტექნიკუმი დავამთავრე, სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად ვიმუშავე, ერთი ზამთარი პირიქითა ხევსურეთშიც. შემდეგ საბჭოს თავმჯდომარედ ვმუშაობდი და დღეს მივაღწიე არდასაბერ სიბერემდისა... ეეჰ... მშვიდობა იყოს ქვეყანაზედა! მშვიდობა, რომ იქნება, ყველაფერი იქნება ყველასათვის, ახალგაზრდისთვისაც და ხანდაზმულისთვისაც. გვიჭირს და გამოსავალი არსაიდან არ არის. გზა არა გვაქვს, ტრანსპორტი აქ არ მოძრაობს. სოფელი გაღატაკებულია. მოსახლეობა დაცლილია. ადრე ხალხმრავლობა სანამდისაც იყო, ავტობუსი გვემსახურებოდა. შაბათობით მოდიოდა და კვირადღეობით მიდიოდა ქალაქში.

mta8-1692564456.jpg

რუსუდან წოწკოლაური: - აქ დავიბადე და აქ გავიზარდე და აქვე მექნა ბედიცა. მაშინ ჩემი შალვაი საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, მე კიდევ ბიბლიოთეკაში და მოხდა იქ ჩვენი ამბავიცა. ჩემი ბედი აქ იყო, შვილო. ოჯახისთვისა ძალიან მზრუნველი კაცია.. ეხლა დავბეჩავდით ორივენი... როცა შამეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს ხეობა. ჩემი ხეობისთანა პარიზიც არა მგონია. არ გეგონოს, შვილო, ზარმაცები ვიყავით და ამიტომ გაგვიჭირდა ასე. რა საჭიროა ამეების თქმა, მაგრამ იმდენი რამე დავკარგეთ და მოგვაპარეს, რომ რა ჩამათვლის ეხლა... ახალგაზრდებს აქ არ უნდათ და იმიტომ არი სოფელიც დაცლილი. თუ არ უნდათ და არ სწადიან საქმე, აბა, როგორ იქნებიან მთაში? საქმე უნდა გიყვარდეს, სხვანაირად აქ შეუძლებელია ყოფნა. აქ ადრე 150 კომლი ცხოვრობდა, დღეს კი აღარც ამბულატორიაა, აღარც აფთიაქი, არაფერი არ არის...

შალვა პაპა გვეუბნება, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობას უნდა დაუთმოს, რათა სოფელი აღორძინდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას, ყველაზე მეტად კი მოხუც ცოლ-ქმარს ახალგაზრდების დაბრუნება სურს.

mta4-1692564456.jpg

შალვა წოწკოლაური: - მივმართავ საქართველოს მთავრობას, მეტი ყურადღება მიაქციონ სოფელს, სოფლის მეურნეობას. ხალხი დასაქმდეს, რომ რაღაცა შექმნას. აი, ამ სოფელში გაიხსნას ხილის მიმღები პუნქტები მაინცა, რომ ტყის ხილი ჩააბარონ და იმით მაინც ორი კაპიკი აიღონ. ახალგაზრდები რომ წამოიზარდნენ, საზღვარგარეთ წავიდნენ. ზოგი სად და ზოგი სად. დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორი და იქამდე გავამაგრებთ ხეობას, სანამდეც ეს დალოცვილი ღმერთი მოისურვებს.

mta3-1692564456.jpg

სანდუა წიკლაური, არხოტი: - უხალხოობა არის. თუ რაიმე გაგიჭირდა, დამხმარე არავინ გყავ. უნდა იწვალო მარტოკამ... გზაი როცა ჩაიკეტების, აღარცასვინ გაიგებს არხოტს რა უჭირს და რა ულხინს. მეზობელი არა მყავ, სახლებშიც არსაიდან კვამლი არ ამოდის. საღამოზე გამოხველ, გახევ-გამოხედავ ამხელა სოფელში და შუქ არსაიდან ჩანს. ძალიან ძნელია. უცებ რომ გაუჭირდეს ადამიანს, რა უნდა გააკეთოს? რომც მოვკვდე, მკვდარს სამარეში ვერ მიმიტანენ და ვერ დამმარხავენ. შვილები მოსაზღვრეებად მუშაობენ. სახლში დაბრუნებულებს, როცა კი ახერხებენ ამას, ცეცხლი დანთებულ რომ დავახვედრო, საჭმელ გაკეთებული, ეგეც ხომ კარგია მაგათთვის? მარა ისინიც იშვიათად მოდიან, სამსახური აქვთ ეგეთი. ძნელია, როცა მშობელმა არ იცის შვილების ამბავ. ტელეფონი აქ არ გვაქ, რომ დარეკო. ცოტა ხანში ჩამათოვს, ზამთარიც ნაადრევად დაიწყება და მარტო უნდა ვიჯდე აქ. პრემიერთან მაქვს - აქ სახლები ინგრევის და იქნებ ხელი შეგვაშველას და დაგვეხმარას. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება-გამაგრება და თუ არ დაგვეხმარნეს, დაინგრევის სოფელი. არადა, მნიშვნელოვანი სოფელია, ზედ საზღვარზე გადის. თუ ჩვენ სოფელ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლ არ იქნების, შამოვლენ და დაიკავებენ ამ ადგილებსა.

mta5-1692564456.jpg

კაკო ბუქვაიძე, შენაქო: - ხალხი გათავდა. ოქტომბრის ნახევრიდან დაიცლება უკვე თუშეთი და დავრჩებით მე და ჩემი მეუღლე. აქ არაფრის იმედი არა გაქვს, რომ ან თვითმფრინავი მოვიდეს, ან მანქანით ჩამოვიდნენ და მოგესალმონ. გაზაფხულამდე უნდა ვიყოთ ასე. 42 წელია აქა ვცხოვრობ და მიჩვეულები ვართ. ახლა ვემზადებით ზამთრისათვის, ვჩქარობთ. ვმარაგდებით. თივებს ვამზადებთ, რომ წვიმები არ დაიწყოს, მერე თოვლი მოჰყვება და გვეშინია, თივა გარეთ არ დაგვრჩეს. ფქვილით, მარილით ვმარაგდებით. მთაში არავინ არაფერს არ მოგიტანს. თვეში ერთი რეისი მაინც იყოს, რომ ვინც ვართ დარჩენილები, იმის საშუალება გვქონდეს პერიოდულად მარაგი გავიკეთოთ. ეს მაინც რომ იყოს, ხალხი კიდევ რაღაცას გაბედავდა, ახალგაზრდობა არ რჩება. ეხლა რომ ჩაიკეტება, 6-7 თვე დაკეტილი უნდა ვიყოთ. არც სათიბი გვაქვს, არც აღარაის მოაქვს. რომ იყიდო, როგორ ან საიდან უნდა იყიდო. არც იმდენი თანხებია. ბანკიდან კიდე გეშინია ვალის აღება. ეხლა ერთ კაცს უნდა ჩემს მეზობლად დადგომა. 10 ძროხა ყავს. მე ყველანაირად ვეცდები ხელი შეუწყო, რადგან მთავრობის იმედი არანაირად არ არის, რომ ხმის გამცემი მაინც მყავდეს. სიმოხუცეში, შვილო, ხომ იცი, კაცს ფეხიდან მიწა მალე ეცლება და დამმარხველი მაინცა რომ იყოს.

ყაზბეგის რაიონი კარკუჩა, ლამაზი სოფელია, თუმცა როგორც ბევრ ქართულ სოფელში, აქაც არის ერთი დიდი პრობლემა - ზამთრისთვის სოფელი ცარიელდება და სულ რამდენიმე კაციღა რჩება. არადა, ის ზვავსაშიშროებით ერთ-ერთი საშიში ადგილია საქართველოში - კარკუჩა პირდაპირ მთის ძირშია გაშენებული.

mta2-1692564456.jpg

გელა მარსაგიშვილი, 74 წლის: - სოფელი ძალზე სტიქიურია. ზამთარში დიდი თოვლი მოდის, ზვავებით იხერგება ხეობები. უფროს თაობას მსხვერპლიც კი ახსოვს. ამის გამო გადაწყდა აქ ხელოვნური ტყის გაშენება. მჭიდროდ დარგული წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების საფარს რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. გადმოცემით ვიცი, რომ აქ, დაბლა სოფელში, არავინ ცხოვრობდა. აქ რიყე იყო და წყალი მოდიოდა. ყველა ზედა სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოვიდა ერთი კაცი და ცოტა რაღაცა მოაწესრიგა. მერე მოჰყვა მეორე, მესამე ოჯახი და, ბოლო-ბოლო, კარკუჩაში რამდენიმე კომლი დასახლდა. აქ, დაახლოებით 100 კომლი იყო. გვქონდა სკოლაც. დროთა განმავლობაში მხოლოდ 4 კლასიღა დარჩა და ბავშვებისათვის სწავლა-განათლება რომ მიეცა, ხალხი იძულებული გახდა, წასულიყო. ნელ-ნელა სამუშაომაც იკლო, არაა სტაბილური შემოსავალი, სოფლის გადარჩენის ერთ-ერთი რეალური შანსი ტურიზმის განვითარებაა, ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღესდღეობით ორი სოფელია დარჩენილი - ახალციხე და ეს სოფელი, სადაც არც ერთი სასტუმრო არ არის. მოდიან ზაფხულობით უცხოელები, მაგრამ დარჩენის საშუალება არა აქვთ. მარტო გერგეთი კი არა გვაქვს მოხევეებს, აქაც ულამაზესი ბუნება და ადგილებია. აქ ადრე 300 სულზე მეტი საქონელი ჰყავდა თითო ოჯახს, დღეს კი ერთი ცხვარიც არა გვყავს. ზამთარში მხოლოდ 15 კომლამდე რჩება და ძალიან უჭირთ. მაინც მაგრად ვდგავართ და ვამაგრებთ ჩვენს მიწა-წყალს. იხარეთ, რომ გაგახსენდით. ჩვენს უწმინდესს მინდა მივმართო: თქვენით არსებობს კიდე ეს წუთისოფელი. თქვენი სიყვარულით არ ვტოვებთ ამ მიწას. გვიყვარხართ, უწმინდესო, დღეგრძელ იყავით!

p.s. თოხი და ცელი, არავის იზიდავს, მაგრამ დაცარიელებული სოფლების თემაც დღითი დღე მწვავდება. ახალგაზრდები მშობლიურ მიწაწყალს ტოვებენ... უკვე მთაშიც და ბარშიც, უბნებში, საღამოს მიწურულს, მინდვრებიდან დაღლილი, ნაჯაფარი მოხუცები იკრიბებიან. როდის დადგება ის დრო, რომ მთაში ცხოვრება ისევ სასურველი გახდება, არავინ იცის.

რუსუდან შაიშმელაშვილი