„ჩვენ წელიწადზე მეტია ომის პირისპირ ცხოვრებას შევეგუეთ“
დმიტრო ნიკოლენკო იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელს (და არამარტო) შორის არის, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან სამშობლოს დასაცავად დაუფიქრებლად წავიდა. როგორც ამბობს, რომ არა მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერა, ერთსულოვნება, ყველაფერი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა. რუსეთის ხელისუფლება ორ-სამ დღეში მთელ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას ვარაუდობდა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავგანწირული წინააღმდეგობის დამსახურებით ქვეყნის ვერც ერთ დიდ ქალაქზე კონტროლი ვერ მოიპოვეს და არც სამხედრო-სტრატეგიულ პოზიციებზე აქვთ მნიშვნელოვანი წინსვლა. საჰაერო განგაში, სარაკეტო იერიშები, ჭურვები, დანაღმული ქუჩები, სახლები, დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები - ეს არის უკრაინის ყოველდღიური ცხოვრება, თუმცა ქვეყანა, მტკიცედ დგას. მსოფლიო მოიარა ფირმა, თუ როგორ აგებდნენ ოდესელები სანაპიროზე ბარიკადებს და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ფუთავდნენ. ოდესელების საბრძოლო სულისკვეთება დღემდე არ შეცვლილა. ოდესელი კაცი, რომელიც ომამდე სამხედრო სამსახურისგან შორს იყო, გვიამბობს, თუ როგორ ცხოვრობს ახლა ოდესა რუსული ტყვიის პირისპირ.
- ქვეყანა ომშია გახვეული, რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ ყველაფერზე ჰქონდეთ წვდომა. ბევრი მიზეზის გამო ვერ გეტყვით, სად ვარ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ოდესა აპირებს ებრძოლოს თავისი ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებისთვის ისეთ საშიშ მტერს, რომელიც არაფერს ერიდება, სასტიკად უსწორდება მშვიდობიან მოსახლეობას.
დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით. როგორც იქნა, გააცნობიერეს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს ან მოლდოვას კი არა, მთელ პოსტსაბჭოთა სამყაროს ებრძვის. უკრაინის ომმა მსოფლიო გამოაღვიძა, თუმცა ამას ჩვენი უამრავი მოქალაქის (არამარტო) სიცოცხლე ეწირება.
უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტული, ომამდე წასული ჩვენი დიასპორის წევრები, ლტოლვილები ფულს აგროვებენ, საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავენ და ქვეყანას ეხმარებიან. რამდენიმე დღის წინაც გამოგზავნეს ევროპიდან ტურნიკეტები, რომლებიც სამხედროების აფთიაქში ძალიან მნიშვნელოვანია სისხლდენის შესაჩერებლად. ასეთი ფაქტები მარწმუნებს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ახლახან ჩვენს საპორტო ქალაქში პლაჟი გაიხსნა, რაზეც რუსებმა ქილიკი დაიწყეს, ეტყობა, არ ახსოვთ ან არ იციან, რომ საქართველოს შავი ზღვისპირა რეგიონში რუსეთის პროვოცირებული ქართულ-აფხაზური ომის დროს რუსი დამსვენებლები ზღვაზე ცხედრების გვერდით ირუჯებოდნენ, ფული გადახდილი გვაქვსო.
საქართველო, თქვენი ენა ძალიან მიყვარს, ომამდე ინტერნეტის საშუალებით ქართულად წერა-კითხვას ვსწავლობდი. ამას წინათ ვიპოვე ჩემი სავარჯიშო რვეული და ეს ძველი მეგობრის პოვნასავით იყო. რაღაც სიტყვები ახლაც მახსოვს, რაც არ მესმის, ის სიტყვებიც კი მშობლიურივით ჩამესმის. თქვენს ქვეყანაზე ბევრი რამ ვიცი, ვიცი, როგორ ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის "ღირსეული" მემკვიდრე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და ოცდაათი წლის განმავლობაში დიდი მონდომებით არყევდა მას. რუსებს მხოლოდ თავიანთი სიმართლე აქვთ და როდესაც შეეწინააღმდეგები, ცდილობენ გადაგიარონ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, პირველად იხსნება ოდესაში პლაჟი. საჰაერო განგაშის დროს ბანაობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ოდესის" მეთაურთან ერთად მიიღეს. გახსნილი პლაჟების სია დროთა განმავლობაში შეივსება და იქ ხალხის ყოფნა 8:00-დან 20:00-მდეა ნებადართული. უსაფრთხოების სხვადასხვა ზომასთან ერთად, პლაჟები აღჭურვილი იქნება დამცავი ბადისებრი ღობეებით, რამაც ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან უნდა დაიცვას დამსვენებლები. თანდათან ისრაელს ვემსგავსებით, რომელიც პალესტინელი ტერორისტების გვერდით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ოდესაში პლაჟი იხსნება, რამდენიმე დღეში ოდესა რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე გახდა. უფრო ადრე კი ჩვენმა "ერთმორწმუნე ძმამ" ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი დაბომბა, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. დანაღმეს მიმდებარე ზღვაც, მაგრამ წელიწადზე მეტია ჩვენ ომის პირისპირ ცხოვრება ვისწავლეთ.
ჩვენ რუსებივით მშიშრები არა ვართ, როგორც კი ომი მათ ოჯახებში შევიდა, უკანმოუხედავად გარბიან საქართველოში, ევროპაში, ამერიკაში, იქიდან კი ისევ რუსულ ნარატივს იცავენ. უკრაინელებს სამშობლო სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს და უბრძოლველად ვერ დავთმობთ.
ქართველმა ხალხმა დიდი მსხვერპლის ფასად გადაიტანა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს. მსოფლიო მაშინ საქართველოს გვერდში რომ დასდგომოდა, მწვავე რეაქცია ჰქონოდა, რუსეთთან ენამოჩლექით რომ არ ესაუბრა, 2014 წელს რუსეთი უკრაინას იმას ვერ გაუბედავდა, რაც გაუბედა, 2022 წლის 24 თებერვალს კი თავს არ დაგვესხმებოდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, თავგანწირვისთვის, რასაც ქართველები ჩემი ქვეყნისთვის აკეთებენ. საქართველოს და უკრაინელებს საერთო მტერი გვყავს და მასთან ბრძოლაც ერთობლივად გვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქართველი ძმები სასტიკ მტერზე ჩვენთან ერთად გაიმარჯვებენ. წახვიდე და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა სხვა ქვეყანა, შეუძლიათ მხოლოდ მამაცებს და მათ, ვისაც ეს გამოუცდია. არადა, ჩვენი ქვეყნიდან ბევრი გაიქცა, რომ ომისთვის თავი აერიდებინა. საქართველოდან კი მამაკაცები და ქალები ჩამოვიდნენ, რომ დაგვეხმარონ. ეს მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ომში მყოფი ქვეყნისთვის.
ვიცი, რომ 90-იანებში, როდესაც ქართველმა მამაკაცებმა იარაღი აიღეს მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ ჩვენი მამების თაობაც ჩავიდა აფხაზეთში ქართველების მხარდასაჭერად. ამას წინათ მოვისმინე აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელი მეომრების ნათქვამი, რომელსაც ახლა ქართველები ხშირად იგონებენ, თუ რუსეთს აფხაზეთში არ შევაჩერებთ, ის აუცილებლად მოვა დნეპრამდეცო. ასეც მოხდა.
ამ ომმა რუსეთისა და რუსების სახე დამანახა. ისინი სახეში გიცინიან, ცალ ხელს გართმევენ, მეორეში კი დანა უჭირავთ, რომ როგორც კი გატრიალდები, ზურგში ჩაგცენ. ვისურვებდი, მათ ისეთივე წლები ჰქონდეთ, როგორი გაზაფხულიც ჩემს ქვეყანას ჰქონდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში, როგორც კი დრო მომეცემა, ვცდილობ ჩავინიშნო რაღაცები, რომ როდესაც ომი დასრულდება, მშვიდობის გემო უფრო კარგად შევიგრძნო. ამ ომმა დამანახა, რომ ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა არსებობს, და რომ დიდი ბედნიერებაა, როცა ომში წასულს შინ ვიღაც გელოდება. ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და სრულიად სხვა, ახალ, მშვიდობიან სამყაროში გავიღვიძებთ და ერთმანეთისთვის ბევრის თქმის შესაძლებლობა მოგვეცემა. მეგობარია ის, ვინც ომში შენ გვერდით დადგება - სწორედ ასეთი მეგობრები არიან ქართველები და უკრაინელები.
აქამდე მეგონა, რომ ძალიან პრაგმატული ადამიანი ვიყავი, თუმცა ომმა შემცვალა, ოცნება მასწავლა - გამარჯვების შემდეგ მინდა ყველა ჩემი თანამებრძოლი გვერდით მყავდეს და ერთად ვთქვათ გამარჯვების სადღეგრძელო! მინდა ჩავეხუტო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩა, რათა ერთად ვებრძოლოთ რუს მკვლელებს, ხოლო ყველას, ვინც შეშინებული გაიქცა, ვუთხრა, რომ ნაძირალაა და ამ ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება!.. მოხალისეებს ვეტყოდი, რომ ღვთის მოციქულები არიან და ვისურვებდი, მათზე სკოლებში ასწავლიდნენ. მინდა ჩვენმა ბავშვებმა ეს ომი საშინელი სიზმარივით დაივიწყონ!.. ხანდახან ძალიან მინდა შვილს ჩავეხუტო, მასთან ერთად მოვამზადო უკრაინული ჟურეკი და მიამბოს, რას აკეთებდა უჩემობაში!.. მინდა პოლონეთსა და საქართველოს ვუთხრა დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!.. რაც შეეხება პოლონეთს, მინდა ჩვენ შორის საზღვარი არ იყოს!.. რუსეთი მცირე ნაწილებად დაიშალოს და სამყარომ მის გარეშე, ამ უდიდესი ბოროტების გარეშე მშვიდად იცხოვროს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლო ყველაფერზე ძვირფასია, ხანდახან სიცოცხლზეც კი, რადგან მონობაში ადამიანი ბედნიერი ვერასდროს იქნება. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესაში ქალაქის ღირსშესანიშნაობების დაბომბვისგან დაცვა მოგვიწევდა. რუსებმა 500-ზე მეტ ბავშვს სიცოცხლე წაართვეს, ქალები და მოხუცები დაგვიხოცეს, როგორ უნდა ვაპატიოთ? არ ვაპატიებთ!
- ომამდე რას საქმიანობდით?
- სომელიე ვარ, ღვინის მაღაზია "ჭინე შტორყ“-ში, ალკოჰოლის იმპორტიორ ბრენდულ მაღაზიაში ვმუშაობდი, სადაც ქართული ღვინოებიც გვქონდა. იმედია, მალე დავუბრუნდებით მშვიდ და ლაღ ცხოვრებას, ამისთვის კი პუტინის რუსეთის დამარცხებაა საჭირო.