რას უნდა ველოდოთ თხილის მოსავლისგან
დასავლეთ საქართველოში თხილის სეზონი, როგორც ადრე, წელსაც კრიტიკით, იმედგაცრუებით თუ დიდი მოლოდინით მიმდინარეობს. თხილის ასოციაცია პრემიუმ, ანუ საუკეთესო ხარისხის თხილის ფასად 6-7 ლარს ასახელებს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ წელს თხილის მოსავალი შარშანდელთან შედარებით ბევრად ცოტაა და შესაბამისად, ფასიც მაღალი უნდა იყოს. თუმცა "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში 1 კგ უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი, სავარაუდოდ, 6-7 ლარი იქნება, დაბალი ხარისხის კი 3-4 ლარი.
"მსოფლიო მასშტაბით თხილის ბაზრის 70-75% თურქეთიდან მარაგდება. შესაბამისად, ეს ქვეყანა თხილის ფასის განმსაზღვრელია. თურქეთი თხილის ფასს ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს და მერე უფრო დაზუსტებით გახდება ცნობილი საქართველოში თხილის ღირებულება. ფერმერებს, რომლებმაც წამლობა ჩაატარეს და, სავარაუდოდ, კარგი მოსავალი აქვთ, ვურჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად აიღონ მოსავალი და მალე გააშრონ. ვისაც ხარისხიანი მოსავალი აქვს, უმჯობესია, თხილი ახლა არ გაყიდონ. დაელოდონ თურქეთის ფასს. ხარისხიანი თხილის სარეალიზაციოდ ყველაზე კარგი დრო აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პერიოდია".
თუ თურქეთში თხილის საშუალო გამოსავლიანობა 50%-ია, საქართველოში კარგი სეზონის შემთხვევაში 40%-ს შეადგენს. ამიტომ განსხვავება თურქულსა და ქართულ ფასს შორის დაახლოებით 1-1.5 ლარი იქნება. თოდუა არ ეთანხმება მოსახლეობის მოსაზრებას, თითქოს წელს თხილის მოსავალი შედარებით მცირეა.
"საქართველოში თხილის აღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შემოსავალი ნახევარზე მეტს არ დაუთვლია და საიდან იციან, რომ შარშანდელთან შედარებით ცოტაა?.. ჯერ მოსავლის მხოლოდ 10%-ია დაბინავებული. მეტიც, საქართველოში 30%-ით გაზრდილია თხილის მოსავლიანობა და ხარისხიც ბევრად უკეთესია. 2022 წელს თხილის საერთო რაოდენობა 40 000 ტონამდე იყო და მისი უდიდესი ნაწილი, 80%, დაბალი ხარისხის იყო. წელს, მინიმუმ, 50 000 ტონა თხილს ველოდებით და ვფიქრობ, მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება", - ამბობს გიორგი თოდუა.
ახლა დიდიან-პატარიანად ყველა თხილის პლანტაციებშია გაკრეფილი
თხილის შემგროვებელი, ბრიგადის ხელმძღვანელი, მბერტყავი, მძღოლი, თხილის დასარჩევი ტრაქტორის მძღოლი სეზონზე 5-6 ათას ან მეტ ლარსაც გამოიმუშავებენ. ხობში, ზუგდიდში, გალშიც სენაკიდან, ფოთიდან, სამტრედიიდან თუ ხობიდან ქალები თვე-ნახევრით ჩადიან და სოფლებში ნაწილდებიან. ვინაიდან ენგურის ხიდზე შეზღუდვა არ არის, ვარაუდობენ, რომ ადრინდელივით გალშიც გადავლენ სამუშაოდ. იქ ბევრად დიდი პლანტაციებია და შემოსავალიც მეტია, რადგან ზუგდიდისგან განსხვავებით, მუშახელის დიდი არჩევანი არ არის.
სოფელ დარჩელის მკვიდრი ომარ შონია გვიყვება, რომ ახლა საუკეთესო ხარისხის ფასი 2, 65 თეთრია.
"მეწარმემ, რომელსაც წლებია თხილს ვაბარებ, მითხრა, თუ ათი თხილიდან ექვსს საღი გული ექნება, 2, 60 ლარს გადაგიხდიო, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგი მოგვცა და 2, 65 გადამიხადა.
ფერმერები კილოგრამ თხილის გულს 45 ლარად იბარებენ, ოღონდ შემოწმების სხვა კრიტერიუმები აქვთ - ყველა საღი უნდა იყოს, სწორად გამშრალი, ნაჭუჭი არ უნდა მიჰყვებოდეს... ფერმერები პირდაპირ დარჩეულ თხილს აგროვებენ და საშრობში აშრობენ. საშრობის გამოყენება უფასოა, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომაც პრიორიტეტი ფერმერებს ენიჭებათ. კი ამბობენ, უფასოაო, მაგრამ გაირკვა, რომ ვიღაცებს პროცენტის გადახდამ მოუწიათ. ზოგსაც რიგში გვიწევს ჩადგომა, ამასობაში კი, თუ დასავლეთის ნესტიან კლიმატს გავითვალისწინებთ, შეიძლება თხილი რამდენიმე დღეში დაობდეს. ამიტომ ასეთი გამოსავალი გვაქვს - ვისაც ღია, გაშლილი სივრცე აქვს, იქ შლის და თავად აშრობს. მე თუ ვერ ვატევდი, ნაწილს როგორც კი დავარჩევდი, მაშინვე ვაბარებდი".
"მუშახელ ყოველწლიურად ძვირდება"
ესმა კვარაცხელია: "შარშან თხილის შემგროვებლები, დღეში 50 ლარს იღებდნენ, იმის წინ - 40, წელს კი 60-65 ლარია. ზოგ ბრიგადას თავისი მძღოლიც კი ჰყავს, რომელსაც დილით მოჰყავს და საღამოს მიჰყავს. ის უმეტესად სიგრილეში ისვენებს, თუმცა ზოგი კეთილსინდისიერია და სხვებს ეხმარება. ყველა ბრიგადას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც ადგენს მუშაობის გრაფიკს. თხილი მწკრივებით გვაქვს დარგული და ბრიგადა რამდენიმეს ერთად მიუყვება. ზოგს იმხელა ფართობი აქვს, რომ 10-15 დღეც სჭირდება მოსავლის ასაღებად. არის შემთხვევები, როდესაც მწკრივის დასრულებამდე რამდენიმე მეტრია დარჩენილი, მაგრამ ბოლომდე არ გავლენ - ერთი საათის სამუშაოც რომ იყოს, მაინც მეორე დღემდე გადადებენ. სეზონური სამუშაოა და ჩემი პრობლემები მაქვსო, გეტყვიან.
მათი მენიუ ასეთია: დღეში სამჯერადი კვება, დილით ხაჭაპურითა და ლობიანით, ტკბილეულით, სადილზე აუცილებლად ხორციანი კერძი, საღამოს კიტრი-პამიდვრის სალათი, შემწვარი კარტოფილი, ყველი, პური. ამას ემატება სამხარი, 12 საათის შემდეგ ცივი ყავა, ნაყინი, წვენები, ხილი, შოკოლადი... არიან ისეთებიც, ვინც კვების გარეშე ანგარიშობს. მთელი დღე მუშაობენ და კიტრს, პამიდორს, თონის პურსა და ორლარიან ძეხვს ჭამენ და გული არ გვითმენს, ერთი კერძი მაინც არ მივაწოდოთ. კვების გარეშე თითო კაცზე 80 ლარია.
რაც დრო გადის, უფრო მეტი იწყებს ფერმერობას. ინსტრუქციის მიხედვით უვლიან თხილს - გვალვის დროს თავად რწყავენ, ხშირი წვიმების დროს არხებს აკეთებენ, მკურნალობენ ქიმიკატებით. ასეთებს უღირთ შემგროვებელს დღეში 80 ლარიც გადაუხადოს, მოგება მაინც დარჩება, ჩვენ კი ყველა ხარჯის დაფარვის შემდეგ მხოლოდ 600 ლარი გვრჩება.
თხილის მოგროვების გარდა, საჭიროა მისი დარჩევა. დასარჩევი ტრაქტორი არც ისე ბევრია და ყველა მოსწრებაზეა. თუ შარშან ერთ ტონაში 100 კგ თხილი მიჰქონდა, წელს 150 მიაქვს. მომავალ წელს 200 ლარი იქნება. ამხელა გასავალი გვაქვს და გვეუბნებიან, საუკეთესო ხარისხის თხილი 6-7 ლარი ეღირებაო. ეს ხომ დაცინვაა! ამდენ წვალებაში, შრომასა და ხარჯში კილოგრამი ათი ლარი მაინც არ უნდა ღირდეს?.. ეს ხომ უმეტესობისთვის წლის შემოსავალია".
"ვინ იფიქრებდა, რომ ცხოვრება ასე მოტრიალდებოდა!"
ზუგდიდელ ვალიკო ჭითანავას მცირე ფართობი აქვს და დიდი გულისყურით უვლის, ამიტომ ძალიან კარგი ხარისხის თხილის მოსავალი ჰქონდა, მაგრამ ათიდან ათ საღ თხილის გულში 4 ლარი გადაუხადეს.
"ჩემს შვილს თხილის დასარჩევი ტრაქტორი ჰყავს, ოჯახში "მრავალპროფილურ აკადემიას" ვეძახდით. ვიწვალე, წელებზე ფეხს ვიდგამდი, რომ შვილებისთვის კარგი განათლება მიმეცა, ერთმა სამედიცინო წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა და 800-ლარიანი ხელფასით ოჯახი ვერ არჩინა. წავიდა იტალიაში და 82 წლის პაოლას უვლის. აქამდე 1000 ევროს უხდიდნენ, ახლა ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელიას ხათრით 100 ევრო მოუმატეს. ისე გაუხარდა, ასე სამედიცინოზე რომ ჩაირიცხა, ის არ გახარებია. რად მინდოდა ეს ინგლისური, იტალიური მესწავლა, ახლა რომ ვათენ-ვაღამებო, ამბობს. ვინ იფიქრებდა, რომ ცხოვრება ასე მოტრიალდებოდა! მეორე შვილმა გეპეი დაამთავრა წარჩინებით, მაგრამ ახლა თავის ოჯახს იმ ზემოთ ხსენებული მრავალპროფილიანი ტრაქტორით არჩენს. უნივერსიტეტში მიღებული ტექნიკური განათლება ტრაქტორზე მუშაობაში გამოადგა - თუ რამე გაუფუჭდება, თავად აწყობს. მეორეც ჰყავს, რომელიც გაზაფხულზე უნდა გადააწყოს - ადრიან გაზაფხულზე სახნავ-სათესს უკეთებს, შემდეგ კიდევ სხვას... ორივე ბანკით ვიყიდეთ და ახლა მის პროცენტს ვფარავთ. მეუბნებიან, რა გაწუწუნებს, ორივე შვილს გამართული სახლ-კარი და მშვენიერი ოჯახი აქვსო. მაინც გული მწყდება, განათლება არც ერთს არ გამოადგა. შვილიშვილებს მაინც ვეუბნები, თქვენ სხვა დროებაში ცხოვრობთ, უნდა ისწავლოთ-მეთქი. თუ ინგლისური გვეცოდინება, არ დავიკარგებითო, მეუბნებიან. ალბათ, მართლები არიან, არ ვიცი".