„ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს“
"მე და ბრენდა ერთმანეთს სატელევიზიო სერიალის გადაღებაზე შევხვდით, მაშინ მე ლეგენდარულ მოდელთან, ტვიგისთან ერთად ვმონაწილეობდი ფილმში, ბრენდა კი ამავე ფილმის დიზაინერის ასისტენტი იყო. ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე, მასთან საუბრის შემდეგ, შეიცვალა ჩემი შეხედულება მოდაზე. ბრენდამ მასწავლა, როგორ უნდა გამოვიყურებოდე ლამაზად - ეს ნიშნავს შენს სულიერ მდგომარეობას. ის დამეხმარა მეგრძნო თავი ბედნიერად, იმ სხეულში, რომელიც განგებამ მარგუნა. ამიტომ ავირჩიე ბრენდა ჩემს დიზაინერად სერიალისთვის The Nanny, - ამბობს ფრენ დრეშერი, ამერიკელი მსახიობი, რომელიც საზოგადოებას სწორედ მისი ჩაცმულობით დაამახსოვრდა, ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის დიზაინერსა და სტილის ექსპერტს ბრენდა კუპერს. სერიალ The Nanny-სთვის შექმნილი კოსტიუმებისთვის ბრენდას ჯილდოდ "ემი" ერგო, მისი სტილი კი ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 30 წლის შემდეგაც პოპულარულია. სწორედ ეს იყო ბრენდა კუპერის მიზანი, როდესაც ფრენ დრეშერს აცმევდა. სტილმა, რომელიც მან ფილმის პერსონაჟისთვის შექმნა, დროს გაუძლო და კვლავაც მოდურია. "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად დიზაინერი ბრენდა კუპერი პასუხობს.
- გახსოვთ თქვენი პირველი სამსახური?
- მე მსახიობი ვიყავი. გასული საუკუნის 80-იან წლებში ნიუ-იორკში გამოვდიოდი სცენაზე. ასევე ვმოდელობდი, მაგრამ ეს საქმე მძულდა. Aამიტომაც თავი დავანებე მსახიობობას და დავიწყე ფიქრი, რომელ სფეროში შევძლებდი დასაქმებას. ყოველთვის გამომდიოდა კარგი სამოსის არჩევა და ელეგანტური ჩაცმულობის შექმნა. 1970-იანი წლების ლონდონში ვინტაჟურ მაღაზიებში მიყვარდა ბოდიალი და კეტრინ ჰეპბერნის სტილში ჩაცმა. გადავწყვიტე, მოდის კონსულტანტობაში მეცადა ბედი. ასე დავიწყე მოდის სფეროში მუშაობა. ერთმა კლიენტმა მირჩია, ჰოლივუდში კოსტიუმების დიზაინერის ასისტენტთან დამერეკა, იქნებ ახალი, უფრო უკეთესი სამუშაო მეპოვა. მაშინ არც ვიცოდი, რომ დიზაინერებს აგენტები ჰყავდათ. სამი კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ თავი მეიძულებინა, დამერეკა, და მაშინ მივხვდი, რომ საუბარი ჩემი ძლიერი მხარეა. მართლაც, სამი დღის შემდეგ დიზაინერის ასისტენტად ამიყვანეს, სამი წლის შემდეგ კი სცენაზე მიმიწვიეს "ემის" ჯილდოს გადმოსაცემად სერიალ The Nanny-სთვის.
- როგორი იყო The Nanny-ზე მუშაობის პროცესი?
- ჩემთვის სცენა არ იყო უცხო და ზუსტად ვიცოდი, რომ სატელევიზიო გარდერობი არ არის მოდა. სერიალის გარდერობი არ იყო ისეთ დონეზე აყვანილი, როგორსაც იმსახურებდა. მე ვიცოდი, რასაც შევქმნიდი, მომდევნო 30 წელიწადს იქნებოდა მოდური. მე მიყვარს უკვდავი ჩაცმულობის შექმნა. გამოვიყენე 1920-40-50-60-იანი წლების ფილმების ჩაცმულობა, რადგან ის ეპოქა მომწონს. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, როგორც დიზაინერის. მინდოდა შემექმნა შოუ სტილისა და იუმორის გრძნობით.
- თავად თუ მისდევთ მოდას?
- არა, არასდროს, მოდას ვიყენებ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი სტილი შევქმნა, ტენდენციებს არასდროს მივყვები.
- რატომ? არ მოგწონთ თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა ტენდენციებმა უნდა მოახდინოს სხვებზე გავლენა?
- სიმართლე გითხრათ, არ მომწონს რაც ახლა ხდება მოდის სამყაროში, არ მომწონს ტრენდები, თანამედროვე მოდა. მე უფრო სტილის არქეოლოგად მიმაჩნია თავი, ადამიანად, რომელიც სტილის გრძნობას ქმნის.
- თქვენი ფავორიტი კინოგმირი რომელია?
- ოდრი ჰეპბერნი, რადგან მისი სტილი კლასიკური და დახვეწილია. ძალიან მიყვარს კეტრინ ჰეპბერნი, მისი მამაკაცური სამოსი 1940-იანი წლებიდან. დღეს ამ გმირების სამოსი რომ ჩაიცვათ, საოცრად მოდური და დახვეწილი იქნებით.
- ფრენ დრეშერის სტილმა იქონია გავლენა საზოგადოებაზე? თქვენ ფრენს 90-იან წლებში აცმევდით სატელევიზიო სერიალისთვის.
- ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი, რომ 30 წლის შემდეგაც არ დაევიწყებინათ ფრენის ჩაცმულობა. უამრავმა ქალმა ზუსტად ფრენის მსგავსი სამოსი შეიკერა, ან შეიძინა. ეს მახარებს, მით უმეტეს, ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. ჩაცმულობა საკუთარი თავის წარმოჩენის ყველაზე საზოგადო ფორმაა. შენი ჩაცმულობით აჩვენებ სხვებს, ვინ ხარ, რას გრძნობ. მერწმუნეთ, სამოსი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სხეულის საფარი. ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი ძლიერი ფორმა. როდესაც მომხიბვლელად გაცვიათ, უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს.
- შესაძლებელია თუ არა ჩაცმულობით დადებითად ან უარყოფითად განაწყო გარშემომყოფნი შენ მიმართ?
- როდესაც კმაყოფილი ხართ საკუთარი ჩაცმულობით, ბედნიერად გრძნობთ თავს, და ეს აუცილებლად გადაეცემა სხვებსაც. ქალებს მინდა ვუთხრა, არ აქვს მნიშვნელობა დაბალი ხართ, მაღალი, დიდი ზომის სამოსი გიყვართ თუ პირიქით, ვიწრო - კვლევებმა გვიჩვენა, რომ ქალების 97%-ს საკუთარი სხეული არ მოსწონს. სხვა კვლევის მიხედვით კი ქალების მხოლოდ 20% პროცენტია ბედნიერი იმ სხეულით, რაც მათ განგებამ არგუნა. ჩაცმულობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი თავის მიმღებლობას, უნდა შეიყვაროთ თქვენი სხეული ზედმეტი ჩარევის გარეშე, მიიღოთ საკუთარი თავი. მედია ხშირად აწესებს სილამაზის იმ სტანდარტს, რისი მიღწევაც წარმოუდგენელია.
რეკლამების 98% ციფრულადაა დამუშავებული, ფოტოები გაწმენდილია. გოგონებო, მერწმუნეთ, მოდელებსაც კი სურთ რეალურ ცხოვრებაში ისე გამოიყურებოდნენ, როგორიც სარეკლამო ფოტოებზე ჩანან.
- ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ ფერებს. რა ფერის ჩაცმას ურჩევდით გოგონებს, მათ, ვინც პირველ პაემანზე მიდის?
- ბევრი ფერი შემიძლია ვურჩიო, მაგრამ გადაჭრით ვიტყვი, რომ პირველ პაემანზე არ უნდა ჩაიცვან შავი სამოსი. პირველ პაემანზე ნუ წახვალთ ძალიან მოკლე ქვედაკაბითაც, რადგან შეიძლება უხერხულობა იგრძნოთ.
ფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი პირველად ფერს ხედავს. ჩვენ ვყიდულობთ იმ ფერის სამოსს, რომელიც მოგვწონს, მაგრამ შეიძლება სულაც არ მოუხდეს ჩვენი კანისა და თმის ფერს. გახსოვდეთ, ფერმა თქვენი კანის, თმისა და თვალის ფერი უნდა წარმოაჩინოს და არა პირიქით.
- ჩემი ბოლო კითხვა თქვენს ახალ წიგნს The Silhouette Solution: Using What You Have to Get the Look You Want შეეხება. რას გვასწავლის ბრენდა კუპერი?
- "უოლ-სტრიტ ჯორნალის" კვლევის თანახმად, მომხმარებელი თავისი გარდერობის საშუალოდ 20%-ს ხმარობს, ამ სამოსით ატარებს დროის 80%-ს. სამოსის 80% გარდერობში კიდია, ხშირად ბევრი რამ ჩაუცმელიც. მიზეზი? ჩვენ ვყიდულობთ იმისთვის, რათა უკეთ ვიგრძნოთ თავი, რადგან სულიერად კარგად ვართ, როდესაც მეტ სამოსს ვხედავთ გარდერობში. ჩვენ ბევრს ვყიდულობთ, ნაცვლად იმისა, სწორად შერჩეული ვიყიდოთ. სინამდვილეში არ ვგრძნობთ თავს კომფორტულად იმ სამოსში, რომელიც ვიყიდეთ, და ამიტომაც არ ვიცვამთ. ჩემი წიგნის მიზანია ყველა ქალმა თავი კომფორტულად იგრძნოს სამოსში, ასაკის, სხეულის ფორმებისა და წონის მიუხედავად. ჩაიცვით ისე, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ, წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო მხარე და იყავით ბედნიერი.