„მწვრთნელმა თავისი მოთამაშეების ენა უნდა იცოდეს!“
"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სწორი მწვრთნელობა ბევრი ვარჯიში იყო. ახლა ყველაზე მთავარი სწორი ვარჯიში და მისი დოზირებაა. დღეს მწვრთნელის მთავარი საქმე მოთამაშეებისთვის წნეხის შემსუბუქება, იოლად და გასაგებად ლაპარაკია", - მითხრა საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა ლადო კილასონიამ. მისმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენთვის ისტორიული შედეგი - მერვე ადგილი წამოიღო და საოცარი ემოციით შესრულებული ჰიმნით, უამრავი ლამაზი კომბინაციითა და ლელოთიც დაგვამახსოვრა თავი. რაგბის და "გასაგებად ლაპარაკის" გარდა, ლადოს წერაც ჩინებულად გამოსდის - ინტერვიუს წაკითხვისა და სოციალურ ქსელში მისი გვერდის ნახვის შემდეგ ამაში თქვენც დარწმუნდებით:
- ლადო, უკვე შევთანხმდით, რომ რაგბი ჩვენი თამაშია. ასე იყო ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან და... "ჩვენი თამაში" იქნება სულ, სანამ სპორტის ეს სახეობა იარსებებს?
- იმედია სულ იქნება. ეს გრძელი ამბავია, თუკი ძველ გულშემატკივრებს დაელაპარაკებით, გეტყვიან, რომ ქართული რაგბი საბჭოეთში სწორედ თავისი სილაღითა და სილამაზით გამოირჩეოდა. ამას 1973-74 წლის თბილისის "ლოკომოტივიც" ამტკიცებს, რომელმაც როგორც კი ნახა საბჭოთა კავშირში ჩამოსული ბრიტანული "პინგვინსის" თამაში, იმწამსვე აიწყვიტა და ისეთი რამეების კეთება დაიწყო, რასაც საბჭოთა რაგბი ჩვეული არ იყო, მაგალითად, ორი ფრთით თამაში, მცველის თავზე ბურთის გადაკიდება და დაჭერა, კარში დარტყმის ახლებური სტილი. ჩვენმა შერკინებამ კი სხვა მიზეზით დაიქუხა და ამ ამბავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგ მწვრთნელთან, კლოდ სორელთან მივყავართ, რომელმაც ნაომარი საქართველოდან მოთამაშეების ფრანგულ კლუბებში მოსახვედრი არხი გაჭრა. და ძალიან მაგარია, როდესაც დღეს ამ ორი რამის, ხაზის სილაღისა და შერკინების სიძლიერის ნაზავს ვხედავთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში! ეს ჩვენი ეროვნული ნაკრების ახლანდელი სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა!
- მაშინ, ისიც უნდა ვთქვათ, რატომ არის რაგბი "ჩვენი თამაში" - ასერიგ რატომ შეისისხლხორცა და შეიყვარა ქართველმა კაცმა?
- ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ჭიდაობის ხალხი ვართ, რაგბიში კი ეს, ანუ კონტაქტის სიხისტე, მთავარია. კიდევ იმიტომ, რომ დაპყრობილ ან დანგრეულ ქვეყანაში ადამიანები საკუთარი მარცხის სიმწარეს, იმედგაცურებას სპორტით ანელებენ და რაც უფრო გუნდურია და კონტაქტური სპორტის სახეობა, მით უფრო მძლავრია ეს შეგრძნება, იმიტომ, რომ სულ ვუგებთ რუსეთს!
- და მაინც: ყველაზე ამაყი როდის იყავით იმით, რომ სარაგბო თემის წევრი ხართ?
- ძალიან ხშირად, დღემდე. რომელიმე ერთი ეპიზოდი არ მახსენდება. კარდიფში ჩვენი ისტორიული გამარჯვება! ირლანდიის და არგენტინის ახალგაზრდული გუნდების დამარცხება!
- მეც ბევრჯერ მიამაყია ქართველი მორაგბეებით, თუმცა არასდროს მინახავს, რომელიმე ქართული გუნდი ისეთი განცდით აჰყოლოდეს ეროვნულ ჰიმნს, თქვენი ბიჭები რომ მღეროდნენ სამხრეთ აფრიკაში გამართული მატჩებისას... ასე გულიანად ვერ იმღერებ ვინმეს დასანახავად, სოციალურ ქსელში მოწონების მოსაგროვებლად... ეს არის ზედაპირზე გამოტანა ყველაფერი იმისა, რაც გულში გიდუღს... საიდან მოდის ეს მუხტი, ეს ემოცია?
- ამას ვერ დადგამ, ვერ ითამაშებ, ვერ ასწავლი! სიმღერა გულიდან ამოდის!
- ქართველი ხომ "ყველგან და ყოველთვის მღერის. სიმღერა მისი არსებობის ერთი უმთავრესი ძარღვთაგანია, შეიძლება ითქვას, თავის გატანის ერთი უმთავრესი საშუალებაც"... მაგრამ რაგბის დავუბრუნდეთ: სად უფრო მნიშვნელოვანია მწვრთნელი და მისი საქმე - სამუშაო ოთახში, სადაც შემადგენლობასა თუ ტაქტიკაზე ფიქრობს, მოედნის კიდესთან, ნერვიულობისას თუ გასახდელში, როცა მატჩის წინ ან შესვენებისას ელაპარაკება შეგირდებს?
- ყველგან! მწვრთნელობაში სხვა რამე მგონია უფრო საინტერესო და რთული: პროფესიული სპორტისთვის რაგბი ძალიან ახალგაზრდაა და 30 წელსაც არ ითვლის, ამიტომ ეს თამაში, ისევე როგორც ნებისმიერი სპორტული სახეობა, საოცარი სისწრაფით ვითარდება, გარბის! ასევეა მწვრთნელობა - წინ მიდის, იცვლება! ვერ გაჩერდები, ვერ დატკბები საკუთარი თავით, როგორც კი ეს გრძნობა ორ დღეზე მეტს გასტანს, უნდა გამოფხიზლდე, რადგან დაჟანგებას იწყებ! რამდენიმე წლის წინ სწორი მწვრთნელობა ბევრი ვარჯიში იყო. ეს წარსულში დარჩა, ახლა მთავარი სწორი ვარჯიში და მისი დოზირებაა. ახლა მწვრთნელის მთავარი საქმე მოთამაშეებისთვის წნეხის შემსუბუქება, იოლად და გასაგებად ლაპარაკია! გუნდური მწვრთნელი მხოლოდ საკუთარი ლექსიკონით ვერ ისარგებლებს, მან საკუთარი მოთამაშეების ენა უნდა იცოდეს! მწვრთნელობაში კიდევ ერთი რამეა მთავარი: არ ითამაშო! როგორიც ხარ, ისეთი იყავი, ოღონდ სიმშვიდე მოგეთხოვება! ტაიმებს შორის, გასახდელში, მწვრთნელს სიმშვიდე და თამაშის ანალიზი უნდა შეჰყვეს და არა ემოციური სადღეგრძელო! ზემოთ თქვით, რომ სიმღერის ხალხი ვართ და ნამდვილად ასეა, მაგრამ ამასთან ერთად სადღეგრძელოების ხალხიც ვართ, ოღონდ სადღეგრძელო მოკლე უნდა იყოს და ნაღდი და გასაკეთებელ საქმეს წინ არ უნდა უსწრებდეს!
- შერკინებაში ყოველთვის განსაკუთრებულად ძლიერი ვართ... რატომ? მიწოლა გამოგვდის კარგად თუ გატანა ერთმანეთისა და მეტოქის? უმეტეს შემთხვევაში ხომ ქართველებმა სულაც არ ვიცით ერთმანეთის გატანა, პირიქით, ქიშპობასა და ერთმანეთის "ჭამაში" არ გვყავს ბადალი... რაგბი როგორ ახერხებს ჩვენებური სტერეოტიპის დანგრევას, საიდან ასეთი ერთიანობა?
- თამაშის დაუწერელი წესებიდან: სასტვენის შემდეგ დამარცხებულ გუნდს ტაშიანი დერეფანი, მესამე ტაიმი. ისიც, რომ ქართული რაგბი მცირერიცხოვანია, ერთი მუჭა ვართ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.
- ყველაზე ემოციურად რა გახსენდებათ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან?
- იტალიასთან მოგება. ემოციურად ეგ იყო ჩვენი მწვერვალი. ორი თამაშის მოგება თებერვალში, "შევარდნის" ბაზაში დავგეგმეთ და ამ მიზნის მისაღწევად, ყველამ თავაუღებლად ვიმუშავეთ რამდენიმე თვე, ისე, რომ საჯაროდ არც ერთხელ არაფერი გვითქვამს! გვინდოდა ჯერ გაგვეკეთებინა და მერე გველაპარაკა! ასეთი გამარჯვებების უკან ყოველთვის ბევრი ოფლი, ნერვიულობა და იმ მოთამაშეების დამსხვრეული იმედია, რომლებიც სატურნირო სიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი იშრომეს. გუნდი ასეთ, ჩუმ, ბევრისთვის უხილავ შრომაზე შენდება!
- სავიზო პრობლემების გამო სამხრეთ აფრიკაში შერკინების მწვრთნელი გამოგაკლდათ და ბიჭები მის გარეშე ემზადებოდნენ. ცხადია, ამან გეგმები არია, მაგრამ... "გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო" - დანაკლისმა ისე შეკრა და გააერთიანა გუნდი, ჩვენების ფანტასტიკური თამაში აღარ გაგკვირვებიათ...
- ამ ამბავს არაქართულ ანდაზას უფრო მოვარგებდი: "რაც არ გკლავს, გაძლიერებს". თორნიკე ბუბუტეიშვილის დაგვიანებამ თან მაგრად დაგვარტყა და თან სხვანაირად შეგვკრა! შერკინების მოთამაშეები თვითონ უღძვებოდნენ საკუთარ ვარჯიშებს, ბუბუტა თბილისიდან გვერთვებოდა ზუმით, ეს ვიდეოანალიზები და ვარჯიშები ძალიან მაგარი სანახავი იყო, რაგბიში ჩაუხედავ კაცსაც კი წამში დაარწმუნებდა, რომ მართლაც გუნდი ვიყავით, რადგან ერთნაირად ჩაცმულ ადამიანებს და გუნდს შორის უდიდესი განსხვავებაა.
- ბოლო წლებში საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებში ბევრი მაღალი დონის უკანახაზელია. ეს რის დამსახურებაა?
- იმის, რომ რამდენიმე ქართული კლუბის ბავშვთა ლიგაში კარგი მწვრთნელები გამოჩნდნენ, ელიტური აკადემიის და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელების, "შავი ლომისა" და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო გუნდების საერთო მუშაობის და, რა თქმა უნდა, რაგბის, როგორც თამაშის განვითარების, რომელიც მუდამ ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებთან აპირისპირებს მოთამაშეებსა და მწვრთნელებს!
- "ლელობურთი", ეს ტრადიციული თამაში გარკვეულწილად მართლაც ეხმარება ქართველ მორაგბეებს? გენის, მენტალობის, ბავშვობაში მოსმენილი ამბების დონეზე მაინც...
- ტრადიცია დიდი რამეა. აი, გენს რაც შეეხება, ეგ გენეტიკოსების საქმეა! შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მე გენი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ჩამოქნილი კონკრეტულ ხალხთა ჯგუფის ფიზიოლოგია მგონია, ძიძგილაობისა და ჭიდაობის სიყვარული კი უფრო ისტორიად და კულტურად მეჩვენება. თორემ გენით, რაგბისთვის პოლინეზიური გენია საუკეთესო, რასაც ყოველდღე გვიმტკიცებენ უზარმაზარი, მოქნილი, გრძელხელება და სწრაფი ფიჯელები, სამოელები და ტონგელები.
- ერიხ მარია რემარკი თავის ყველა წიგნში გვიყვება თაობაზე, "რომელიც თუმცა ყუმბარებს გაექცა, მაგრამ ომის მიერ მაინც მოისრა", მე კი იმ თაობაზე გკითხავთ, ვის მხარდამხარაც გითამაშიათ და მათზეც, ვისაც ახლა წვრთნით: სავარჯიშო-სათამაშო პირობების გარდა, რა მთავარი განსხვავებაა "ასფალტზე გაზრდილ" მორაგბეებსა და დღეს მოთამაშე ქართველ ახალგაზრდებს შორის?
- ძნელი სათქმელია, არაპროფესიული გარემო და დანგრეული ქვეყანა სხვანაირ თაობას ზრდის, პროფესიული და შედარებით გამართული - სხვანაირს! ჩვენს თაობაში იყვნენ ბრწყინვალე მორაგბეები, რომლებიც დღევანდელ გარემოშიც გამორჩეული იქნებოდნენ, და დღესაც არიან ისეთი ბიჭები, ვინც მაშინაც მაგრები გახდებოდნენ იმ ხრიოკებზე, უშუქობასა და უწყლობაში...
- ჯემალ ქარჩხაძის გმირსაც დავესესხოთ: "ხმლის ტრიალი იოლი საქმეა, ან გაიმარჯვებ, ან დაიღუპები. მოფურთხებით არავინ მოგაფურთხებს"... სპორტშიც ასეა: ან გაიმარჯვებ, ან... სხვა სახეობებში არ გვიკვირს გმირიდან ანტიგმირად გადაქცევის ამბები, მორაგბეები კი... როგორ ახერხებთ, მაყურებელმა წაგებული მატჩების შემდეგაც ტაშით გაგაცილოთ?
- ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ბოლომდე ვცდილობთ! ერთხელ კალათბურთზე წამიყვანეს. თუ სწორად მახსოვს, ჩვენი ნაკრები რუსებს ეთამაშებოდა. წავაგეთ, მაგრამ ბიჭებმა ისე იომეს, ისე იყო დამუხტული სპორტის სასახლის ჰაერი, რომ ის შეგრძნება დღემდე მომყვება. ასეთ რამეს ყველა ხედავს! ყველა ხედავს, როცა ბოლომდე დგახარ!
- კაპიტნის ფუნქციები და ხასიათი ახალგაზრდულ ნაკრებში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნულ გუნდში?
- არის ერთი საოცარი წიგნი, სემ ვოლკერის "კაპიტნის კლასი". მისი წაკითხვისას მაშინვე მიხვდები, რა მნიშვნელობა აქვს კაპიტანს და როგორ არ ჰგვანან დიდი ლიდერები ერთმანეთს, როგორი სხვადასხვა გზა და ფორმა აქვს გაძღოლას და როგორ არის ყველაფერი ეს დამოკიდებული ადამიანის ხასიათზე. მაგრამ მთავარი, რასაც ეს წიგნი ამტკიცებს, ერთია - მაგარი კაპიტნის გარეშე მაგარი გუნდი არ იკვრება! არც ახალგაზრდულში და არც ეროვნულში. ამ თეორიას გამონაკლისებიც ექნება, თუმცა, ალბათ, ძალიან ცოტა.
- საქართველოს ნაკრები აუცილებლად დაემატება "ექვს ერს", მაგრამ როდის? როდის იქნებიან მზად ჩვენს მისაღებად?
- ჩვენ მზად ვართ და ვიმსახურებთ! მაგრამ მეჩვენება, რომ ეს არაფერს წყვეტს!
- "ექვსი ერი" კომერციული ტურნირია, იქ გადამწყვეტი მხოლოდ სარაგბო მხარე არ არის, მაგრამ... ქართული ჯანით, შეუპოვარი ხასიათით, ამბიციით (შესაძლოა ზოგჯერ გადაჭარბებულითაც!), რას შემატებენ ბორჯღალოსნები ევროპული რაგბის მთავარ გათამაშებას?
- ზუსტად იმას, რაც ჩამოთვალეთ - სიხისტეს! ფიზიკურობას! და ძალიან სწრაფ განვითარებას! ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, ვინც მუდმივი, გეოგრაფიული სარაგბო პანდემიის მიუხედავად, ბოლო 30 წელია ვვითარდებით! წარმოიდგინეთ, სად ვიქნებოდით, იტალიასთან ერთად, ან იტალიის დამატებიდან მეათე წლისთავზე მაინც რომ მივეღეთ "ექვს ერში"...
- მორაგბე, რომელზეც წიგნს, ჩანახატს, წერილს დაწერდით...
- ასეთები მრავლად არიან: ჯონი უილკინსონი, ჯონა ლომუ, ვესტხოიზენი, ბრაიან ოდრისკოლი, რიჩი მაქოუ! მათზე ვწერ კიდეც. ვისაც ასეთი რაღაცების წაკითხვა სურს, შეუძლია Fაცებოოკ-ში მოძებნოს ჩემი გვერდი "ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები".
- როცა კარგ წიგნს კითხულობ, არ გინდა დამთავრდეს... რომელი მორაგბის კარიერაზე გქონიათ მსგავსი განცდა?
- ძალიან კარგი კითხვაა... ალბათ, ბრაიან ოდრისკოლის. სწორედ იმიტომ, რომ მისი ბრწყინვალე კარიერა მაინც სევდიანად დასრულდა. დასასრული დიდი რამეა, სხვანაირ სევდას და სიბასრეს სძენს ამბავს, მის გარეშე ხომ ლიტერატურაც არ იქნებოდა ის, რაც არის!
- მათ თუ ლომუ ჰყავდათ, ჩვენ - ლომი, თანაც, არაერთი! ამ ეპითეტის ხსენებისას, პირველ რიგში, რომელი ქართველი მორაგბე გახსენდებათ?
- მამუკა გორგოძე! ვასილ კაცაძე!
- თქვენს წერილებში არაერთი კოლორიტული პერსონაჟია. რაგბიში ვის შეხვედრიხართ ყველაზე კოლორიტულს?
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს გურამ მოდებაძეს - ჩვენებურად "ბურძგლას", ქუთაისელ მორაგბეს, მწვრთნელსა და მსაჯს დიმა ფულარიას, საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების მწვრთნელს დათო ვართანიანს!
- ისევ ქარჩხაძეს მივუბრუნდეთ: "ჩვენ, ხშირად, სისულელე და ოპტიმიზმი ერთმანეთში გვერევა და ბოლო საფეხურიდან პირდაპირ კიბის თავში გვინდა მოვექცეთ, შუაში კი ათასი საფეხურია... შეიძლება რომელიმე საფეხურს გადავახტეთ, მაგრამ ხვალ უკან დაბრუნება მოგვიხდება"... ჩვენ სად ვართ, დღეს რომელ საფეხურზეა ქართული რაგბი?
- შემდეგზე!