„ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მეცნიერებს უნდა მოვუსმინოთ და დავუჯეროთ“ - კვირის პალიტრა

„ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მეცნიერებს უნდა მოვუსმინოთ და დავუჯეროთ“

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა... ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის... და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან". - წერდა დიდი ილია 1897 წლის მიწურულს. "წმინდა ილია მართლის ანდერძს თანამედროვე ეპოქაშიც არ დაუკარგავს ძალა", - გვითხრა ცნობილმა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, რომელსაც ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებზე ვესაუბრეთ:

- ბატონო მერაბ, შოვში დატრიალებულმა უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა და ააფორიაქა! თქვენი დაკვირვებით, რა გვასწავლა ამ ტრაგედიამ?

- რაც მოხდა, უდიდესი დარტყმაა თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი საქართველოსთვის. შეუძლებელია ის ადამიანები ვანუგეშოთ, ვინც სტიქიის დროს ყველაზე ძვირფასი ახლობელი ადამიანები დაკარგა. ერთადერთი, რაც მომავალში მაინც უნდა გამოვიჩინოთ, სიფრთხილეა. საქართველო მთაგორიანი, მყინვარების ქვეყანაა. ამიტომაა აუცილებელი წინასწარი მეცნიერული ანალიზი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. როდესაც დედამიწაზე გლობალური დათბობაა, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მსგავსი მოვლენებისთვის მზად ვიყოთ. იცით, ყველაზე მეტად რა მაწუხებს? - საქართველოში გვქონდა შესანიშნავი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები, რომლებიც მსგავს საკითხებს საფუძვლიანად სწავლობდნენ. ეს სისტემა ათეული წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგრამ ერთბაშად დაინგრა! ადამიანები კი, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებოდნენ, უცხოეთში გადაიხვეწნენ. ასეთ ხალხს ქვეყანა თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდეს, მაგრამ არა - ქართველი მეცნიერების წინაშე ყველა ხელისუფლება სცოდავდა. დამნაშავეა ყველა, ვინც ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის განათლებას. ეს სფერო წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და სავალალო შედეგი ამიტომაც მივიღეთ! ყველას ვუსამძიმრებ, ვინც ამ საშინელი სტიქიის გამო ახლობელი ადამიანი დაკარგა! ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მეცნიერებს უნდა მოვუსმინოთ და დავუჯეროთ.

- გეოლოგების აზრით, რთული მდგომარეობაა რიკოთის უღელტეხილზეც, რატომ არ უჯერებენ სპეციალისტებს?

- მთავარ მაგისტრალს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ის ჩვენი ეკონომიკის მთავარი არტერიაა, ამიტომაც სპეციალისტების აზრი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. მე ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: არ ღირს საქმის დაწყება, თუ ყველაფერი წინასწარ გათვლილი არა გაქვს. პრევენცია აუცილებელია, მაგრამ ამას განათლებული ხალხი სჭირდება - სპეციალისტები. ტყუილად კი არ ჩიოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები მცოდნე, განათლებული ხალხის ნაკლებობაზე. ასეთი ხალხი დღესაც გვაკლია, თუმცა, ვინც გვყავს, ხშირად იმათაც არ უჯერებენ! ისიც სამწუხაროა, რომ საქართველოში ოდითგანვე უცხოელებს უფრო უსმენდნენ, ვიდრე ადგილობრივ სპეციალისტებს. უცხოელებს მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა ქართველი სპეციალისტები არა გვყავს, თანაც ქართველები ყოველთვის ითვისებდნენ და ითვალისწინებდნენ უცხოურ გამოცდილებას. დავით აღმაშენებელი საუკუნეების წინ მეფობდა, მაგრამ მთელი მისი მოღვაწეობა წიგნსა და ცოდნასთან იყო დაკავშირებული. თუკი რაიმეს აკეთებდა ან აშენებდა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი! ეს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ხომ უნდა გავითვალისწინოთ?!

- სამწუხაროდ, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და მათ ადგილს უცხოელები იკავებენ, ეს რას მოგვიტანს?

- იცით, თავის დროზე თბილისს "სიხარულის სახლი" დაარქვეს, რადგან აქ ნებისმიერი ეროვნების ადამიანი თავს დაცულად და კარგად გრძნობდა. ყველა, ვინც აქ ჩამოვიდოდა, აღფრთოვანებული ამბობდა, რომ საქართველო უაღრესად საინტერესო ქვეყანაა, ლამაზი და სტუმართმოყვარე. აქ ცხოვრების მსურველები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ამ საკითხსაც წინასწარ გათვლა და დაკვირვება სჭირდება: ხომ ვხედავთ, თურქებიც შემოდიან, არაბებიც, რუსებიც და უკრაინელებიც. ადამიანს, რომელსაც აქ ცხოვრება სურს, ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ შესწავლილი უნდა იყოს, ვინ მოდის, რამდენი ხნით, ან რატომ და რა მიზნები ამოძრავებს. ისევ ყველაფერი პრევენციამდე მიდის. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ამ საკითხსაც ძირეული შესწავლა სჭირდება. ისეთი ზომების მიღებაა საჭირო, რაც მოსალოდნელ ხიფათს თავიდან აგვაცილებს. ამასაც ჭკვიანი და საქმის მცოდნე ადამიანები სჭირდება.

ყველაფრის მიუხედავად, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში უმთავრესი საფიქრალი დემოგრაფიაა - ქართველების გამრავლება საგანგაშოდ შემცირდა: მაჩვენებელი 1980-იან წლებთან შედარებით ორჯერ ცოტაა, რაც სერიოზული პრობლემაა! ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა უნდა შეცვალოს და როგორ მოიქცეს.

- ემიგრაციაში წასულ ქართველებს რას ეტყოდით?

- ზოგიერთს ურჩევნია, ზედმეტი ათასი ლარი ჰქონდეს და უცხოეთში დარჩეს, რაც, ჩემი აზრით, ეს გამოუსწორებელი შეცდომაა. უკვე ვთქვი, რომ ქართველი ხალხის რაოდენობა თანდათან მცირდება და ეს ყველაზე სახიფათო მოვლენაა, რომელსაც დღევანდელ საქართველოში ვხედავ! თუ ადამიანს გულით სურს, აუცილებლად გაიმარჯვებს და სამშობლოშიც კარგად იცხოვრებს. მე დოლიძის ქუჩის ახლოს ვცხოვრობ და გამოუყენებელ ერთ სანტიმეტრს ვერ ვხედავ. ინიციატივიანმა ხალხმა მოახერხა და სამუშაო ადგილები თავისით შექმნა, ახლა ეს ხალხი საკუთარ ოჯახსაც ინახავს და სხვასაც. მშრომელი და ნიჭიერი ადამიანი აუცილებლად იპოვის გზას, რომ სამშობლოში იცხოვროს და შვილებიც აქ აღზარდოს. თუ ასეთ ხალხს ხელს შევუწყობთ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ვინც ემიგრაციაში უკეთესი ცხოვრების იმედით გაიქცა, ისიც დაგვიბრუნდება.

ხათუნა ჩიგოგიძე