სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები
"თვის ბოლოს კიდევ გვაქვს კონცერტი ზღვისპირეთში, მანამდე შინ მშვენივრად გამყავს დრო"
მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - ახალი ჩამოსული ვარ ბათუმიდან. სადაც "დუეტ ჯორჯიას" კონცერტი გვქონდა. შემდეგ რუსა მორჩილაძის საღამოშიც ვმონაწილეობდით. თვის ბოლოს კიდევ გვაქვს კონცერტი ზღვისპირეთში, მანამდე შინ მშვენივრად გამყავს დრო. მე წყნეთში ვცხოვრობ, რატი დურგლიშვილი - მცხეთაში, იქ ვსტუმრობ ხოლმე, მისი აუზი არაჩვეულებრივი საშუალებაა სიცხესთან ბრძოლისთვის.
მიყვარს თავისუფალი დროის შვილიშვილთან ერთად გატარება, რომელიც უკვე 2 წლის კაცუნაა. პატარა მიქაელი ჩემი ყველაზე მთავარი და საყვარელი არსებაა. ახლახან 5 დღით მყავდა ცემში ჩემს მშობლებთან ერთად და შესანიშნავად გაჩერდა ჩემ გარეშე. ისეთი ტკბილია, "მაკა, მოდიო", მეძახის ხოლმე, როცა მხედავს. ის კი არა, დედამისსაც მაკას ეძახის და, სალომე, ცოტა არ იყოს ეჭვიანობს.
"ჩემი ნამდვილი დასვენებაა, როდესაც არ ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა"
დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი: - აქამდე ვერ გავედი ქალაქიდან, თვის ბოლოსთვის ზღვაზე მივდივარ, ჩემს გრიგოლეთში. იქ აგარაკი მაქვს. ზაფხულობით თითქმის ყოველთვის იქ ვატარებ დროს.
- როგორც ვიცი, გრიგოლეთში ხშირად გსტუმრობთ ქართული ბომონდი.
- რა თქმა უნდა, წელსაც წინასწარ აქვთ დაჯავშნილი, მე ამდენი ხნით ვიქნები, მე კი - ამდენითო. ჩემთვის ნამდვილი დასვენებაა, როდესაც არ ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა, როგორ გამოვიყურებოდე, ანუ ხალათისა და მაკიაჟის გარეშე, მეგობრების გარემოცვაში, ჭიქა ყავით გატარებული დრო ჩემთვის დასვენების ყველაზე საუკეთესო მომენტია.
"ოჯახთან ერთად დასვენება ძალიან კარგია, თუმცა მიყვარს ჩემს გოგონებთან ერთად განმარტოების დღეების მოწყობა"
სალომე ბაკურაძე, მომღერალი: - ამწამს თბილისში ვარ, კარგად დავისვენე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვიყავი ქუთაისში, ბათუმში, მერე თურქეთში, შემდეგ მეგობართან გურიაში გამოვიარეთ, სადაც შვილებთან ერთად კარგი დრო გავატარეთ, ბახმაროშიც ავედით. ჩემს ყველა მოგზაურობას ახლავს ქუთაისში შევლა 1-2 ღამით მაინც. ახლა მეგობრებთან ერთად გონიოსკენ მაქვს გეზი აღებული.
- შენი ქალაქი ქუთაისი უფროა თუ თბილისი?
- ქუთაისი ჩემი ქალაქია, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ქუთაისელი ვიქნები. თუმცა არანაკლებ მიყვარს თბილისი, რომელმაც მიმიღო და გულში ჩამიკრა. სადაც არ უნდა წავიდე და რაც არ უნდა კარგი დრო გავატარო, ყოველთვის, როცა თბილისში შემოვდივარ, სხვაგვარად მიძგერს გული, იმიტომ, რომ აქ ჩემი სახლი მელოდება, ოჯახი, ჩემი ნივთები..
- დასვენება მარტო გიყვართ თუ ბავშვთან ერთად?
- სანტისთან ერთად დასვენება ყოველთვის კომფორტულია. დიდი ადამიანივით ესმის ყველაფერი, პატარაობიდან ასეთია. მეც ჭკუამხიარული დედა ვარ. ვცდილობ ყველაფერში ავყვე. კარგად ვთანხმდებით, თამაშზეც, ზღვაზე გასვლაზეც, კაფეში დაჯდომაზეც... თუ მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ, ხომ მთლად გადასარევია, ორივე ვინაწილებთ მშობლის პასუხისმგებლობას და შესანიშნავად გაგვყავს დრო. წელს მხოლოდ 2 დღით ჩამოგვაკითხა შალიკომ, ჩემი კონცერტის გამო ბათუმში. მანამდე მე და სანტი ვიყავით, დედაჩემსა და ჩემს დასთან ერთად. ოჯახთან ერთად დასვენება ძალიან კარგია, თუმცა მიყვარს ჩემს გოგონებთან ერთად განმარტოების დღეების მოწყობაც. შორიახლოს ან სამოგზაუროდ მივდივართ, ან აქვე, საქართველოში, 1-2-დღიან გასვლებს ვაწყობთ ხოლმე.დაღლას უფრო ზამთარში, წინასაახალწლო პერიოდში ვგრძნობ, როდესაც ბევრი გადაღება ერთად იყრის თავს, ქუჩის კონცერტები, სიარული რეგიონებში და ა.შ. ზაფხულსა და წელიწადის სხვა დროსაც ვახერხებ დასვენებას, დაღლას კი მინაზღაურებს ოვაციები, შეხვედრები პუბლიკასთან. ზაფხულობით კონცერტები განსაკუთრებით სასიამოვნოა, თან დასვენებას ახერხებ, თან ეფერები შენს მსმენელს და ეს ძალიან სასიამოვნო და კარგი გრძნობაა ყველა შემსრულებლისთვის.