„ვინც სერიალში ვთამაშობთ, წელს არ გამოვიდა დასვენება“
„ძველი სეზონებიდან ვიდეო რომ შემხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში, ისეთი პატარები არიან... იმხელა დრო მაქვს მათთან გატარებული, ეს ბავშვები ყველა ჩემია და ყველა ანისი, ვერ გამოვყოფ, რომელი უფრო საყვარელია. დიდები უკვე ჩამოყალიბებული მსახიობები არიან, პატარებიც გაიზარდნენ, დაჭკვიანდნენ, აღარ ცელქობენ...“
ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:
- სულ გადაღებები მაქვს, თუ თავისუფალი დრო გამოვნახე, კახეთში ჩავდივარ მშობლებთან. ისე, ზაფხული არც გაგვიგია, ვინც სერიალში ვთამაშობთ, წელს არ გამოვიდა დასვენება.
- ისე დაგვემშვიდობეთ, არც გვეგონა, რომ ახალ სეზონს დაიწყებდით...
- წინა სეზონის შემდეგ იმდენად დიდი პაუზა იყო, მეც ვიფიქრე, აღარ გაგრძელდება-მეთქი. მერე უცებ გადაწყდა, რომ აღედგინათ და შევუდექით მუშაობას. როგორც ყოველთვის, ეს სეზონიც ძალიან საინტერესოა. მგონი, კარგი გამოდის. მსახიობებს ერთმანეთი მონატრებული გვყავდა. ბავშვები ერთი კვირა რომ არ ნახო, უკვე ეტყობათ და ამდენი თვის შემდეგ ძალიან გაზრდილი და შეცვლილი მეჩვენენ. ძველი სეზონებიდან ვიდეო რომ შემხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში, ისეთი პატარები არიან... იმხელა დრო მაქვს მათთან გატარებული, ეს ბავშვები ყველა ჩემია და ყველა ანისი, ვერ გამოვყოფ, რომელი უფრო საყვარელია. რასაც ჰქვია, ჩვენს ხელში გაიზარდნენ. გადაღებებს შორის პაუზებში სულ ვკითხულობთ ხოლმე ერთმანეთს, სატელეფონო ზარი იქნება თუ სოციალური ქსელით...
- ე.ი. მათ მიმართ "მშობლის" პასუხისმგებლობას გრძნობთ?
- თითოეულს შესანიშნავი მშობლები ჰყავს, მაგრამ მაინც მაინტერესებს, როგორ არიან. დიდები უკვე ჩამოყალიბებული მსახიობები არიან, პატარებიც გაიზარდნენ, დაჭკვიანდნენ, აღარ ცელქობენ, შემოგვციცინებენ და ჩვენც შევციცინებთ.
- დათო გოცირიძის შვილები ლევან ყოჩიაშვილის შვილებზე უმცროსები არიან ხომ?
- კესო უფროსია, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა და ჩემი ვაჟი კი თითქმის ტოლები არიან.
"ჩემი ცოლის დაქალების" მშვენება იყო კოტე თოლორდავა. ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, პირველი კურსიდან სულ ერთად ვიყავით. მერე მეტეხის თეატრში ვმუშაობდით, გახმოვანებაზეც ერთად წავედი. კოტე ჩემი კესოს ნათლია იყო; კარგი მსახიობი ხომ იყო, მრავალმხრივ ნიჭიერი კაციც გახლდათ - ზრდილი, განათლებული, ნაკითხი... ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ძალიან კარგად აეწყო რაღაცები კარიერაში, თეატრში, სერიალში, ფილმში... ბევრს მიაღწევდა, რომ დასცლოდა. გავდივარ ხოლმე მის საფლავზე, ძირითადად, დაბადების დღეზე. ხან ერთად, ხანაც ცალ-ცალკე, ვინც როგორ ვახერხებთ. პარალელურ სამყაროებში ვაგრძელებთ მეგობრობას...
ქვეყანაში ათასი რამ ხდება, ზოგის ანარეკლი ჩანს ჩვენს სერიალში... შოვის ტრაგედიამ ყველას თავზარი დაგვცა. ზაფხული არ გავა, რომ რაღაც უბედურება არ მოხდეს: შარშან იყო და, ვერტმფრენი ჩამოვარდა გუდაურში, 8 კაცი ემსხვერპლა, ახლა - შოვი... ყოველ ზაფხულს რაღაც უბედურება ხდება. წვიმა და ქარი სულ იქნება, კატასტროფებს ვერ იწინასწარმეტყველებ, მაგრამ მომზადებული უნდა ვიყოთ, ხალხის ევაკუაცია მაინც რომ მოვახერხოთ. სამაშველო სამსახურს თავისი პარკი უნდა ჰქონდეს. დროის მოგება არ გამოდის, შიშველი ხელებით არც გამოვა, თორემ გული რომ გულობს, ვიცით.
- ცნობილ ბაბუებზე ვწერდი ახლახან, თქვენც ხომ არ ემზადებით ამ საპატიო სტატუსისთვის?
- რა ვიცი, ჯერ სამაგისო ნიშნები არ ჩანს.
- რას ფიქრობ, როგორი ბაბუა იქნებით?
- მე გამიმართლა, დიდხანს მყავდა ბებია-ბაბუები. მათ ძალიან კარგი კვალი დატოვეს ჩემზე და ჩემს ძმებზე. მშობლები რასაც ვერ ახერხებდნენ, ისინი აკეთებდნენ. მგონი, კარგი ბაბუა ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან შევეცდები.