„პოლიტიკაში რუსის გავლენა გექნება თუ ჩინელის, არც ერთი არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს“ - კვირის პალიტრა

„პოლიტიკაში რუსის გავლენა გექნება თუ ჩინელის, არც ერთი არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს“

ცოტა ხნის წინ ჩინეთში საზეიმოდ გაცხადდა ცნობა ჩინეთ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ახალ ხელშეკრულებას საქართველოსთვის და რას მიიღებს ჩინეთი, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილ ელჩს, "ევროპელი დემოკრატების" გენერალურ მდივანს მამუკა გამყრელიძეს ვესაუბრეთ:

- 2006 წლის შემდეგ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში არ ყოფილა. მართალია, თავიდან იყო ინფორმაცია, რომ შედგებოდა სამუშაო ვიზიტი, თუმცა შემდეგ ყველამ ვნახეთ, რომ რეალურად ეს სახელმწიფო ვიზიტის ტოლფასი იყო.

- ამ დოკუმენტის ტექსტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა თავს იჩენს რამდენიმე "მაგრამ". მაგალითად, სტრატეგიულ შეთანხმებაში წერია, რომ საქართველო უერთდება ჩინეთის გლობალური ცივილიზაციის გეგმას. რა იგულისხმება ამაში?

- თავიდან, როდესაც ჩვენი ურთიერთობა ასე დაფასდა და სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიდა, ყველამ ვიგულისხმეთ, რომ საუბარი მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე იყო და პოლიტიკურად იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული პატივისცემის გამოხატვა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამწუხაროდ, ასე არ გამოდგა. ჩინეთი ცერემონიების მოყვარული ქვეყანაა, მათთან სტრატეგიული პარტნიორობის ოცამდე დონე არსებობს. ძალიან ბევრი, მსოფლიოს თითქმის ნახევარი ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ მე ვგულისხმობდი, რომ ლაპარაკი იყო მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ შემადგენელზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური შემადგენელიც ყოფილა, თან საკმაოდ დატვირთული, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობის შესახებ, რომელშიც, თქვენ როგორც აღწერთ, გლობალური ცივილიზაციის გეგმაში მონაწილეობა განიხილება. გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა, გლობალური უშიშროების ინიციატივა და გლობალური განვითარების ინიციატივა არის სი ძინპინის ინიციატივები. ის თითქოსდა ბევრს არაფერს მოიცავს, ძალიან ზედაპირული შინაარსი აქვს, ბევრი სიტყვაა და კონკრეტიზაცია არაფრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემდგომ ჩინეთში არ ხდება ამის დაკონკრეტება. როდესაც პარტიის თავმჯდომარე ან პრეზიდენტი წამოაყენებს ხოლმე ინიციატივას, შემდეგ მას განიხილავენ. სწორედ ამ დროს ხდება ამ ინტერპრეტირების ზუსტი წარმოდგენა, თუ რა აქვს ჩინეთის ხელისუფლებას მხედველობაში. მაგალითად, ამ დოკუმენტში არის თითქოსდა უწყინარი ფრაზა, რომელიც გაეროს უსაფრთხოების დეკლარაციიდანაა აღებული. კერძოდ, ქვეყნებმა სხვის ხარჯზე არ უნდა დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება. ამ სიტყვებში თითქოს ისეთი არაფერია, მაგრამ ამის შემდგომ ჩინურ მედიაში სხვადასხვა ორგანოში ამ სიტყვების ინტერპრეტირება ასე ხდება, რომ ეს პირდაპირ მიმართულია ნატოს გაფართოების წინააღმდეგ. შემდგომ ამბობენ, რომ ჩინეთი წინააღმდეგია ყოველგვარი სამხედრო ალიანსის, უპირველეს ყოვლისა, ნატოსი. როდესაც ვამბობთ, რომ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში ვმონაწილეობთ და ჩავერთვებით ძალიან აქტიურად, თითქოსდა არაფერია, მაგრამ სინამდვილეში ამ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი განვითარების დასავლური ვექტორი. გარდა ამისა, ტექსტში იყო კიდევ პუნქტი 1.3, სადაც პირდაპირ იყო გადმოღებული ჩინეთის მე-20 ყრილობის დეკლარაციიდან ფრაზა: ,,ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად, - და შემდეგ დასძენს, - მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლისთვის საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად". როგორც მოგახსენეთ, ფრაზა "ჩინეთის მოდერნიზაციის ახალი გზა" პირდაპირ არის გადმოტანილი ყრილობის რეზოლუციიდან, სადაც წერია, რომ "ჩინური მოდერნიზაცია არის სოციალისტური მოდერნიზაცია, რომელსაც ხორცს ასხამს ჩინეთის კომუნისტური პარტია". გამოდის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამოცდილება უნდა გავიზიაროთ?! ჩვენ სახელმწიფოს სრულიად სხვა მოწყობა გვაქვს, დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩინეთში კი არის მკვეთრად გამოხატული ავტოკრატიული რეჟიმი - ეს არის კომუნისტური პარტიის დიქტატურა. რანაირად შეიძლება მოხერხდეს ამ ორი სისტემის შეთავსება. ალბათ, ეს საქართველოს მთავრობამ უნდა აგვიხსნას. რა თქმა უნდა, დაიწყებენ ახსნას, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცით, რომ ის სისტემა, რაც ჩინეთშია, საქართველოში არ გამოდგება. ძალიანაც რომ მოინდომონ, მაინც ვერ მოახერხებენ ამას, იმიტომ, თვითონ მოსახლეობის ხასიათია სხვანაირი. კონფუციანელობა მათ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. 25 საუკუნეა კონფუციანელობა არსებობს და ამდენი ხნის განმავლობაში ეს მკვეთრად გამოხატული ღერძი და ერთმანეთთან დამოკიდებულება, სახელმწიფო მოხელეების ერთმანეთზე დაქვემდებარება, პირამიდული სტრუქტურა მათ ბუნებაშია. მათთვის ორგანულია, რომ ზემოთ არის ვიღაც ხელმძღვანელი, რომელიც ყოველთვის მართალია, იმიტომ, რომ რელიგიამდე აყვანილი კონფუციანელობა ასე ამბობს. ჩვენ უფრო თავისუფალი ერი ვართ, ქრისტიანი, რომელიც აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ორგანულადაც ვერ შეეწყობა ეს ორი სისტემა ერთმანეთს. ამიტომ თავი უნდა გავანებოთ ექსპერიმენტებს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ტექსტი შედგენილია ჩინეთში, რომელზეც უბრალოდ ხელი მოუწერეს, შეიძლება არც დაფიქრდნენ, ზედაპირულად გადახედეს.

- კიდევ ერთი "მაგრამ" გვხვდება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში.

- საქართველო ჩინეთის ერთიან ტერიტორიას აღიარებს - ტაივანსაც წარმოიდგენს როგორც ჩინეთის ნაწილს. იცით, საკითხავი რა არის? დოკუმენტში წერია, რომ ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ, მაგრამ თუ ტაივანთან დაკავშირებული დამატებითი ფრაზაა ჩადებული, ჩინეთის მხრიდან ასეთივე ფრაზა არ არის არც აფხაზეთსა და არც სამაჩაბლოზე. დიპლომატიაში მთავარი პრინციპია, მე რაღაცას რომ გაძლევ, შენც იგივე უნდა გამიკეთო. ჩინეთი ამას ვერ გააკეთებდა, მაშინ რუსეთის პოზიციას დაუპირისპირდებოდა, რაც სულაც არ სურთ. მაშინ ჩვენებსაც არ უნდა ეთქვათ არაფერი - ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ და მორჩა, ტაივანის საკითხი ცალკე აღარ უნდა ჩაწერილიყო.

- რა მინუსები და პლუსები დაინახეთ ამ რამდენიმე "მაგრამ"-ის გარდა.

- პლუსები და მინუსები შეფასდება მხოლოდ მაშინ, როცა გავიგებთ, ამ დოკუმენტის რა ნაწილი გაივლის პარლამენტში რატიფიკაციას, როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში. ის უნდა განიხილონ პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში ჯერ განხილვა იქნება უმნიშვნელოვანესი, როგორი დამოკიდებულება ექნება ოპოზიციას, ხელისუფლებას და შემდეგ, როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია ცხოვრებაში. ჩვენ კითხვები გვექნება საქართველოს მთავრობასთან და არამც და არამც ჩინეთთან. ჩვენი მთავრობა, არ ვიცი, უცოდინარობის თუ რის გამო, შეიძლება ზოგ საკითხში დამოკიდებული აღმოჩნდეს ჩინეთის მთავრობაზე. დოკუმენტში არის პუნქტი 2.10: "ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალურ და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს". ეს უდიდესი საფრთხის შემცველი პუნქტია. კი ბატონო, შეისწავლიან და შესაძლებელია შემოგვთავაზონ კრედიტები, ეს მათი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ჩინური კრედიტები ძალიან მძიმედ არის დატვირთული პროცენტებით, ვალდებულებებით და შემდეგ ეს ჩინეთის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე. არაერთმა ქვეყანამ იწვნია საკუთარ თავზე, როდესაც ჩინეთმა ძალიან გულუხვად გაცემული კრედიტებით მაქსიმალურად დააკაბალა პოლიტიკურად. ასეთია პაკისტანი, სადაც პირდაპირი ინვესტიციები დაახლოებით 60 მილიარდის ტოლფასი იყო, უზარმაზარი ინფრასტრუქტურა განვითარდა (გზა, რკინიგზა, პორტი აშენდა). ფული საკმარისი არ აღმოჩნდა და პაკისტანის მთავრობამ დამატებითი კრედიტები აიღო. ახლა ამ უზარმაზარ კრედიტს ვერ იხდიან. საქართველოს შეიძლება უთხრან, იცი, რადგან ვერ მიხდი კრედიტებს, ნება იბოძე და რკინიგზა მომეციო. მოკლედ, ჩინეთისთვის კრედიტებია ზემოქმედების ინსტრუმენტი. განსაკუთრებით სარგებლობენ ამ კრედიტებით აფრიკაში.

საქართველოსთვის ეს თანამშრომლობა შესაძლოა ეკონომიკურად დადებითი იყოს, თუმცა ამის თაობაზეც არის კითხვები, ვინაიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უკვე არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. არის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულება, ასევე ხელშეკრულება, რომლითაც ჩინეთი საქართველოს ცნობს ტურისტული დანიშნულების ქვეყნად. ჩვენ არ ვიყენებთ ამ ხელშეკრულებას, სად გინახავთ საქართველოში ტურისტი ჩინეთიდან? იყო ფრენა და ესეც აღარ არის. ჩინეთიდან შემოდის პროდუქცია, ამ ხელშეკრულებით მხოლოდ ჩინეთი ხეირობს. ჩვენგან რა გადის?

- ღვინო და ჩაი?

- იქ ჩვენი ჩაი არავის სჭირდება, ღვინო გადის, მაგრამ ჩვენი რაოდენობა ჩინეთისთვის აბსოლუტურად არ არის საკმარისი. გამოდის, ჩვენ ამ ხელშეკრულებით ვერ ვხეირობთ, სტრატეგიული პარტნიორობით რაც გვაქვს, იმაზე მეტს ვერაფერს მივიღებთ. საქართველოსთან პარტნიორობით, როგორც დეკლარირებულად დემოკრატიულ ქვეყანასთან, ჩინეთმა პოლიტიკური ქულები დაიწერა, ეკონომიკურად კი ჩინეთისთვის ჩვენ აბსოლუტურად არაფერს წარმოვადგენთ.

- კორიდორი სჭირდება და ჩვენი პორტებიო, არის ასეთი ვარაუდიც.

- ჩინელები პირდაპირ ამბობენ, სახმელეთო კორიდორი, რომელიც ჩინეთიდან მოდის ევროპისკენ, არის სამი: უპირველესად რუსეთი, მეორე - პაკისტანი და მესამე - საქართველო. საქართველოს ჩვენ დამატებით გზად განვიხილავთო. ეს კარგია, რატომაც არა, მაგრამ ეს გზა არავითარ შემთხვევაში ძირითადი არაა. ჩვენ გაცილებით საინტერესო ვიქნებით ცენტრალური აზიისთვის, ყაზახეთისთვის. 10-15 წელია მუსირებს აზრი, რომ უნდა აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიდამოებში, რომელიც გახდებოდა ყაზახეთის მარცვლეულის გადასატანი პორტი აფრიკის ქვეყნებისთვის. უკრაინის ომის გათვალისწინებით, როდესაც ვერ ხერხდება უკრაინიდან მარცვლეულის გატანა, ყაზახეთისთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. რეალურად რკინიგზა უკვე არსებობს, ჰაბების ნაწილი უკვე არის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, საქართველოშიც საჭიროა ჰაბები და, უპირველეს ყოვლისა, პორტი. მარცვლეულის გატანა შეიძლება თურქეთის გავლით, რკინიგზით, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. თუ პორტი არ იქნება, ამ გზას დატვირთვა არ ექნება.

- ჩინეთისთვის რა შეიძლება იყოს ანაკლია?

- ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა - რისთვის კეთდება ეს პორტი? თუ ექნება სამხედრო დატვირთვა, პორტის მშენებლობაში ჩინელების მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის, ყოველ შემთხვევაში, საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მათ მიერ პორტის მართვა. რა თქმა უნდა, უმჯობესია, პორტი დასავლეთმა ააშენოს. თუ პორტს მხოლოდ კომერციული დატვირთვა ექნება, ამ შემთხვევაში მისი მშენებლობა ჩინური ინვესტიციით საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ პორტს უნდა ჰქონდეს სამხედრო დანიშნულება, მაშინ მე ასე ვიტყოდი, კეთილინებოს დასავლეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოიზიდონ ინვესტიციები პორტის ასაშენებლად, რომელიც მათთვისაც საჭირო იქნება.

- ამ დოკუმენტის ხელმოწერამდე საჭირო იყო თუ არა კონსულტაციები პარტნიორებთან?

- ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, და ასე ყველაფერზე "დიდ ბიძიასთან" შეთანხმება, ვფიქრობ, არ არის საჭირო, თუმცა საქმის კურსში ჩაყენება მაინც შეიძლებოდა.

- შესაძლოა ჩინეთი საქართველოში რუსეთის ინტერესების დამბალანსებლად მოგვევლინოს?

- პოლიტიკაში რუსეთის გავლენა გექნება, ჩინეთის თუ ჩრდილო კორეის, არც ერთი არ არის მისაღები, ამიტომ ჩინეთი რუსეთს ვერანაირად ვერ დააბალანსებს. პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დასავლური ინტერესები, ეკონომიკაში ბევრი არაფერია ჩასანაცვლებელი, პოლიტიკაში კი რუსის გავლენა გექნება თუ ჩინელის, არც ერთი არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს.