"ჩუმი თვითგანადგურება" - "რეგიონებსა და თბილისში მთელი ნარკოანკლავები გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩუმი თვითგანადგურება" - "რეგიონებსა და თბილისში მთელი ნარკოანკლავები გვაქვს"

ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების ზრდა საგანგაშოა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 მოქალაქე შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 3 არასრულწლოვანი იყო. დოკუმენტის მიხედვით, 25-44 წლის 789 მამაკაციდან 587-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 49 ქალს შორის დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 19-ს ჰქონდა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი მოქალაქე თბილისსა და კახეთის რეგიონში შემოწმდა.

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1241 მოქალაქიდან, 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 კაცი შემოწმდა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა. 2021 წელს 4225 პირი შემოწმდა, მათგან 2689 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. შემოწმებულთაგან 71 ქალი იყო, მათ შორის ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. 30 შემოწმებული არასრულწლოვნიდან (28 ბიჭი და 2 გოგონა), ნარკოტიკული თრობა 19-ს დაუდასტურდა - 17 ბიჭსა და 2 გოგონას.

დღეს ყველა სახის ნარკოტიკი რომ ხელმისაწვდომია და გაახალგაზრდავდა მომხმარებელთა ასაკიც, ამაზე თითქმის ყველა ინტერვიუში საუბრობენ ნარკოლოგები. ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე იმასაც არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ლაბორატორიები.

გვესაუბრება ნარკოლოგიური კლინიკა "ნეოგენის" კლინიკური დირექტორი, ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია:

- ადრე მოხმარების დადასტურების პროცენტი გაცილებით დაბალი იყო. ახლა კი, სამწუხაროდ, მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა, მოიმატა მომხმარებელი ასაკოვანი მოქალაქეების რიცხვმაც. უკვე ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა იმდენად მაღალია, ვეღარ ერევიან პრობლემას.

ახალმა ტექნოლოგიებმა, სხვადასხვა ადგილას ნივთიერებების დადებამ ძალიან დაამძიმა სურათი. ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. ეს არის მთავარი მიზეზი, მეტი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ამ საკითხზე. მეტად უნდა ვებრძოლოთ პრობლემას. მაგალითად, ამერიკაში, კანადაში ოპიატური კრიზისია, ფენტალინის დიდი რაოდენობით მოხმარების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. ჩვენთან, პირიქით, ძალიან გახშირდა ამფეტამინების მოხმარება 15-16-17 წლის მოზარდებში, მათ შორის გოგონებშიც. ეს არის რაც დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს.

ამფეტამინების მომხმარებელთა მართვა რთულია, რადგან მათ ადიქციური პოტენციალი აქვთ, ანუ უფრო მეტად იწვევს მოთხოვნილებას. უფრო ძლიერიც არის, ვიდრე ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები. საგანგაშო ისიც არის, რომ ერთი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პოლინარკომანიით შეიცვალა - ანუ ერთდროულად მოიხმარენ რამდენიმე ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც უფრო მეტად ართულებს მომხმარებლის ჯანმრთელობას. ასეთი პაციენტის მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ამფეტამინები უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, ვიდრე ტრადიციული ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, ოპიუმი, ბუპრენორფინი და ა.შ. ხშირია სუიციდისკენ მიდრეკილება, ასოციალური ქცევები, ოჯახური ძალადობა და ამ პრობლემის მოგვარების მექანიზმი არ გვაქვს.

- მკურნალობის რა მეთოდია ასეთ დროს ეფექტური?

- ამფეტამინების მომხმარებელს სჭირდება ხანგრძლივი რეზიდენტული სარეაბილიტაციო მკურნალობა, რადგან ამ პრეპარატებს დამოკიდებულების პოტენციალი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე სხვა ჯგუფის ნარკოტიკებს და მკურნალობის ეფექტური მეთოდი რთული მოსაძებნია. ამ ჯგუფის მომხმარებელთათვის სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო. თუ გვინდა ამ პრობლემის დაძლევა, აუცილებელია სარეაბილიტაციო პროგრამები. პაციენტი ასეთ დაწესებულებაში უნდა იყოს. იმდენად ძლიერი მოთხოვნილება უყალიბდებათ, რომ საჭიროა პირის სრულად მოწყვეტა იმ გარემოსაგან, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ნებისმიერი სტიმული აათმაგებს სურვილს.

- ბუნებრივია ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალება ხშირად ოჯახებს არ აქვთ. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- დიახ, უსახსრობაც დიდი პრობლემაა. ერთია, აქვს თუ არა მომხმარებელს მკურნალობის სურვილი და მეორე, აქვს თუ არა საშუალება.

წამალდამოკიდებულებას, როგორც მთავარ პრობლემას, ისე უნდა მივაპყროთ ყურადღება. პრევენციით დაწყებული და შემოდინების შემცირებით დამთავრებული რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. რაც მთავარია, ვფიქრობ, საქართველოში არის ამფეტამინების დამზადების იატაკქვეშა ლაბორატორიები. წლების წინ ამის თაობაზე შს სამინისტრომაც გაახმაურა ინფორმაცია, გამოვლინდა კიდეც ერთი ფაქტი. ეჭვის საფუძველს ის მაძლევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების მასშტაბი ძალზე დიდია. სხვათა შორის, თვითონ პაციენტებსაც აქვთ ეჭვი. ოპიატური ნარკოტიკის მოხმარებაც პრობლემაა, მაგრამ ამფეტამინები პირველ ადგილზეა, განსაკუთრებით ინტრავენური მომხმარება. განსაკუთრებით გოგონებშია პოპულარული, თან 15-16 წლის მოზარდებში. გოგონები უმართავები ხდებიან. 16 წლის გოგოს რომ ვერ დაიმორჩილებს მამა, წარმოიდგინეთ რამდენად რთული სიტუაციაა. ბავშვები იწყებენ ამფეტამინის მოხმარებას მოწევით, შეყნოსვით, მერე გადადიან ინტრავენურ მოხმარებაზე და დამოკიდებულებაც ყოველდღიურად მძიმდება. ნარკოტიკის მოხმარება არასრულწლოვანზე გაცილებით ძლიერად მოქმედებს. ბავშვები დანგრეული ფსიქიკით ფსიქიატრიულ კლინიკებში ხვდებიან.

- წლის რომელ დროს არის უფრო გაზრდილი მოხმარება?

- ზაფხულობით ზღვისპირა რეგიონები ხდება უფრო ეპიცენტრი, იქ ინაცვლებენ მომხმარებლები.

- მარიხუანის მოხმარებაც ისევ პრობლემაა?

- რა თქმა უნდა, თუმცა სიმწვავე ოდნავ შემცირდა. იმედს ის იძლევა, რომ ბევრი მარიხუანის მომხმარებელი ითხოვს დახმარებას, გაიზარდა მკურნალობის მსურველთა რიცხვი. თვითონ აცნობიერებენ, რომ ჯანმრთელობა შეირყიეს, უჭირთ სწავლა, ყურადღების კონტენტრაცია, აქვთ ნევროზული პრობლემები. ამიტომაც მოგვმართავენ მკურნალობისთვის. ეს კარგი ტენდენციაა.

- პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს?

- რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ დაიწყო საუბარი რეზიდენტული სამედიცინო ცენტრების დაფინანსებაზე, მერე პანდემია დაიწყო და საქმე შეჩერდა. გასაგებია, რომ ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ბევრ ჩვენზე ძლიერ ქვეყანას უჭირს ამის მართვა. პაციენტის შენახვა კლინიკაში, კვება, მასთან სპეციალისტების მუშაობა დიდ ხარჯს მოითხოვს. ამიტომაც ბევრ ქვეყანაში საქველმოქმედო ფონდები აფინანსებენ ასეთ პროგრამებს. მიუხედავად ამისა, ასეთი ცენტრები შესაქმნელია, რადგან ვითარება საგანგაშოა.

- მართალია, პერიოდულად აკავებენ ნარკორეალიზატორებს, მაგრამ ცხადია, რომ ეს არსებით შედეგს არ იძლევა. კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

- დიახ, აკავებენ ნარკორეალიზატორებს. რეგიონებში მთელი ანკლავები გვაქვს, თბილისში არის უბნები, სადაც ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება. ნარკოტიკებით ვაჭრობა დიდ მოგებას ტოვებს. ამიტომაც ერთი პირის დაკავებას მოჰყვება ნარკოვაჭრობაში ახალი ხალხის ჩართვა. დაკავება ვერ ეწევა რეალიზატორთა რაოდენობის ზრდას. ამ პრობლემას სისტემური მიდგომა სჭირდება. საჭიროა საგანმანათლებლო მუშაობა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებიდან, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. საჭიროა ცნობიერების ამაღლება. მოვუწოდებ შს და ჯანდაცვის სამინისტროებს, სასწრაფოდ შექმნან ერთობლივი კომისია და დაიწყონ მუშაობა. ამ პრობლემას სახელმწიფოს მეტი კოორდინაცია სჭირდება. გასატარებელია კარდინალური რეფორმები. მერწმუნეთ, დღეს ქვეყანას ამაზე მძიმე პრობლემა არა აქვს.