ნატოში გაწევრების სანაცვლოდ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის „გადაფორმებას“, უკრაინამდე კულუარულად ჯერ საქართველოს სთავაზობდნენ... - კვირის პალიტრა

ნატოში გაწევრების სანაცვლოდ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის „გადაფორმებას“, უკრაინამდე კულუარულად ჯერ საქართველოს სთავაზობდნენ...

პოლიტიკა რომ არცთუ სუფთა საქმეა, ძველი ამბავია, მაგრამ პოლიტიკოსები ცდილობენ "ბინძური" საქმეები რაც შეიძლება შეფარულად და კულუარულად აკეთონ, რათა საერთაშორისო საზოგადოების ან სულაც რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის განრისხება არ გამოიწვიონ... დროზე ადრე...

სტიან იენსენი შეიძლება ერთ ჩვეულებრივ დასავლელ კლერკად მივიჩნიოთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელის სავარძელში ზის, მისმა სიტყვებმა პატარა "ქარბორბალა" დაატრიალა საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში.

"მე ვფიქრობ, ერთ-ერთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, რომ უკრაინამ უარი თქვას ტერიტორიებზე და სანაცვლოდ ნატოს წევრობა მიიღოს", - თქვა ნატოს გენმდივნის ოფისის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა 15 აგვისტოს ერთ-ერთ ნორვეგიულ ქალაქში გამართულ ნაკლებად მნიშვნელოვან საჯარო დისკუსიისას, მაგრამ რამდენიმე საათში მსოფლიო პოლიტიკაში ატომური მინიაფეთქების ეფექტი ჰქონდა.

ოფიციალურმა კიევმა სასწრაფოდ კატეგორიულად დაგმო ნატოს ამ ჩინოვნიკის აზრი-შეთავაზება და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, უკრაინა ტერიტორიებით არ ვაჭრობსო.

თავისი ოფისის ხელმძღვანელის ეს, მასთან შეუთანხმებელი გაცხადება გააკრიტიკა თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები აგრესორ რუსეთთან.

სტიან იენსენის ამ დაუფიქრებელ ნათქვამს იმხელა პროტესტი მოჰყვა, რომ ის იძულებული გახდა სასწრაფოდ ბოდიში მოეხადა და თავისი სიტყვები უკან წაეღო, მაგრამ იყო კი ეს შემთხვევითი შეცდომა? ნატოს ოფისის ახალგაზრდა ხელმძღვანელს (რომელსაც ამის შემდეგ შეიძლება დაატოვებინონ კიდეც ამ ოფისის კომფორტული სავარძელი) შეიძლება მართლაც გამოუცდელობით მოუვიდა, როდესაც საჯაროდ და თანაც მასმედიის წარმომადგენელთან წამოსცდა ასეთი აზრი, თორემ აბსოლუტურად იმავეს წლების წინ... საქართველოსაც სთავაზობდნენ!

აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდე იმ ქართველ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს შორის, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა უწევდათ დასავლელ კოლეგებთან და მათ შორის ნატოს შტაბბინის დერეფნებში, კულუარულად იყო საუბრები, რომ არსებობდა ასეთი წინადადება - კერძოდ, საქართველო უთმობს რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, სამაგიეროდ, საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი გაყინული წერტილიდან დაიძვრებაო.

ყურადღება მიაქციეთ - ოკუპირებული ტერიტორიების აგრესორი რუსეთისთვის დათმობის სანაცვლოდ განა ავტომატურად ნატოში გაწევრებას გვპირდებოდნენ, არამედ პროცესის მხოლოდ დაჩქარებას(!).

უდავოა, რომ საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების დიდად გაპიარებული შეპირების მიუხედავად, ამ პროცესს ისევ ნატოს წევრი რიგი წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებიU ამუხრუჭებდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ ერთმა მათგანმა საჯაროდ აღიარა კიდეც.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სარკოზიმ ცნობილ ფრანგულ გამოცემა "ლა ფიგაროს" ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა: "მე დავარწმუნე პუტინი, რომ თბილისიდან 25 კილომეტრში მდგარი რუსული ტანკები უკან გაეყვანა, მაგრამ ამასთან ერთად მე და ანგელა მერკელმა პუტინს დავანახეთ, რომ ვიცით მისი "წითელი ხაზების" შესახებ და ამიტომაც საფრანგეთმა და გერმანიამ უარი ვუთხარით საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრებაზე".

საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საზეიმოდ შეპირების 15-ე წლისთავზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი აღიარებს, რომ მან გერმანიის კანცლერ მერკელთან ერთად გაითვალისწინა პუტინის "წითელი ხაზების" ანუ ნატოს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების დაუშვებლობა და დაბლოკა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების პროცესი, რომელიც მას შემდეგაც გრძელდება, რაც სარკოზი და მერკელი "დიდი პოლიტიკის" სანაგვეში აღმოჩნდნენ.

გამოდის, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის წევრობის შეპირება თავიდანვე "შეუსრულებელი მისია" ყოფილა. მერე რა, რომ სწორედ ამ შეპირების გამო მალევე საქართველოში რუსული ტანკები შემოიჭრნენ, ხოლო რუსული ბალისტიკური რაკეტები უკრაინულ ქალაქებში დღესაც ფეთქდებიან?

საქართველომ და უკრაინამ მძიმედ იწვნიეს დასავლეთის მაშინდელი ლიდერების თურმე თავიდანვე ცრუდაპირებების შედეგები. უფრო მეტიც, აგრესორი კრემლი სულაც არ აპირებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთის, ყირიმის თუ დონბასის "გადაფორმების" შემთხვევაშიც შეჩერებას.პუტინის იდეფიქსი, სიცოცხლის ბოლომდე მოასწროს არათუ საბჭოთა კავშირის, არამედ მეფის რუსეთის საზღვრებში ახალი რუსული იმპერიის აღდგენა, მეზობლების ახალ-ახალი ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერებას არ ითვალისწინებს.