რუსების თავდაცვის ზღუდეების გადასალახავად უკრაინელები კონტრშეტევების ტაქტიკას ცვლიან...
ამ რუკაზე ასახულია ხერსონისა და ზაპოროჟიეს ნაწილობრივ ოკუპირებულ ოლქებში რუსების თავდაცვის ზღუდეების რამდენიმე ზოლი, რომელთა გადასალახავად და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად უკრაინის არმიას წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები ელის...
რუსეთ-უკრაინის ომი იმითაცაა რთული, რომ ის ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე სამხედრო მოქმედების თეატრზე ვითარდება ანუ ბრძოლის ტაქტიკა ლუგანსკის ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კრემენოესთან, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ხდება ზაპოროჟიეს ფრონტის სამხრეთ ნაწილში - თუკი კრემენოესთან უხვადაა ტყე, ორეხოვოსთან გაშლილი სტეპებია, რაც უკრაინული კონტრშეტევების ტაქტიკას ზღუდავს.
დიდი ხნის წინ დაანონსებული უკრაინელთა მთავარი კონტრშეტევა თავიდანვე იყო განწირული სირთულეებისთვის, რადგან ყველა ხვდებოდა, უფრო საით იქნებოდა მიმართული.
მართალია, უკრაინა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დეოკუპაციასაც ცდილობს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური მაინც სამხრეთის მიმართულებაა - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილების გათავისუფლება, რაც კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინის არმიას უმოკლესი გზით გაიყვანს აზოვის ზღვის სანაპიროზე, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის რუსი ოკუპანტებისგან „გაწმენდისა“ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუსეთის როსტოვის ოლქიდან ამ ოკუპირებულ მიწებზე ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის ჩაკეტვის ჩათვლით.
შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს რამდენიმეშრიანი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად უკრაინული კონტრშეტევების ყველაზე პროგნოზირებად მიმართულებებზე, რისთვისაც მათ საკმაოზე მეტი დრო მიეცათ, სანამ დასავლეთი ორჭოფობდა, თუ რამდენი ტანკი და ჰაუბიცა გაემეტებინა კონტრშეტევების სამზადისში მყოფი უკრაინის არმიისთვის.
მაგრამ შეტევითი საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და შედეგიანად ჩატარებისთვის ტანკების რაოდენობაზე არანაკლები (თუ მეტი არა) მნიშვნელობა შეტევის ტაქტიკას ენიჭება. სამხედრო მოქმედებების თეატრი ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ ნაწილში კი იმითაა გამორჩეული, რომ ასეულობით კილომეტრზე გადაშლილი სტეპია, სადაც შეტევაზე გადასული ჯავშანტექნიკა ხელისგულზე მოჩანს და ერთადერთი თავშესაფარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაშენებული ქარსაცავი ტყის ზოლებია, რომლებიც სამანქანო გზებს ორივე მხრიდან მიუყვება.
უკრაინაში ომს შეიძლება „ქარსაცავი ტყის ზოლების ომიც“ კი ეწოდოს, რადგან საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმები სწორედ მათზე მოდის, რადგან ორივე დაპირისპირებული მხარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე სწორედ მათში მალავს თავის საბრძოლო ტექნიკას, თხრის სანგრებსა და მიწურებს დაბომბვების დროს პირადი შემადგენლობის თავშესაფრად.
4 ივნისს, როდესაც უკრაინელების კონტრშეტევა დაიწყო ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე ორეხოვოდან და ნოვოსილკიდან სამხრეთის მიმართულებით, მასში გამოიყენეს მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯავშანსატანკო ჯგუფები, თუმცა ამ ტაქტიკამ დიდად ვერ გაამართლა, რადგან რუსი ოკუპანტების პირველ თავდაცვის ზღუდეებამდე მიღწევაც კი ძალიან გაჭირდა, რადგან ჯავშანჯგუფები "უხვად"“დანაღმულ ველებზე მოხვდნენ, რასაც დაემატა რუსული არტილერიისა და ავიაციის მასირებული დაბომბვები, კამიკაძე-დრონების თავდასხმები და უკრაინელებმა ჯავშანტექნიკის, მათ შორის დასავლური "ბრედლებისა"“ და "ლეოპარდების", დიდი დანაკარგი განიცადეს.
ახალი ტაქტიკის თანახმად, უკრაინელების მოიერიშე ჯგუფები რუსების თავდაცვის პირველ ხაზამდე კი მიჰყავთ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს, მაგრამ შემდეგ ისინი ჩამოქვეითდებიან და აგრძელებენ გადაადგილებას გამნაღმველების დახმარებით.
ამით უკრაინის გენშტაბი თავიდან იცილებს ჯავშანტექნიკის დიდ დანაკარგს, მაგრამ იზრდება დაჭრილი და დაღუპული ქვეითების რაოდენობა.
შეტევის ახალი ტაქტიკით უკრაინის არმიამ ბოლო დღეებში მიაღწია მცირე წარმატებას და ორეხოვოს მიმართულებაზე დაიკავა სოფელი რობოტინე (საიდანაც მელიტოპოლამდე 75 კმ, აზოვის ზღვის სანაპირომდე კი 90 კმ-ია), ხოლო უფრო აღმოსავლეთით, სოფელი უროჟაინე (აქედან მარიუპოლამდე და შესაბამისად, აზოვის ზღვის სანაპირომდეც 90 კმ-ია დარჩენილი), მაგრამ რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ზღუდეც კი არ არის ჯერ გარღვეული, ხოლო როგორც ამ რუკაზე ხედავთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ორი-სამი ზღუდე აქვთ აღმართული აზოვის ზღვის მიმართულებისკენ.
შესაბამისად, კონტრშეტევიდან თითქმის სამი თვის თავზე უკრაინის არმიის წინსვლა არცთუ ძალიან შთამბეჭდავია და წვიმების სეზონების დადგომამდე დარჩენილ ორ თვეში უკრაინამ რამენაირად უნდა შეძლოს იმ ურთულესი 80-90 კმ-ის ბრძოლებით გადალახვა აზოვის ზღვის სანაპირომდე, რაც კიევს მოსკოვთან სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ უპირატესობას მისცემდა ახალი წლის წინ.