რა ხდება გეოპოლიტიკურ კულუარებში: უკრაინას „ცუდ მშვიდობას“ სთავაზობენ?! - კვირის პალიტრა

რა ხდება გეოპოლიტიკურ კულუარებში: უკრაინას „ცუდ მშვიდობას“ სთავაზობენ?!

15 აგვისტოს ნორვეგიაში გამართული ერთ-ერთი დისკუსიის დროს ნატოს გენერალური მდივნის ადმინისტრაციის უფროსმა სტიან იენსენმა თქვა, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობა შეიძლება იყოს გამოსავალი კონფლიქტის დასრულებისთვის. მან ასევე გაიმეორა ნატოს პოზიცია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთთან მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული. ამ განცხადებამ საერთაშორისო საზოგადოება დააბნია, ხოლო უკრაინის, მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ჩვენ ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით", - დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა "ფეისბუქზე". მოგვიანებით იენსენმა თქვა, რომ ნანობს ამგვარი კომენტარის გაკეთებას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ალიანსის პოზიცია არ შეცვლილა და "მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობებია მისთვის მისაღები რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის". მიუხედავად ამისა, ფაქტია, ეს ვერსია ნატომ გაახმაურა. შესაძლებელია თუ არა ნატო და საზოგადოდ, საერთაშორისო საზოგადოების წამყვანი წევრები არაფორმალურად ამუშავებდნენ ომის დასრულების ამ სცენარს და რა შემთხვევაში შეიძლება ეს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე­ შარაშენიძეს ესაუბრა:

- თუ ვიღაც განიხილავს და მსჯელობს ამ საკითხზე, შესაძლოა იყოს, ასე ვთქვათ, ნატოს ბიუროკრატია. ფიქრობენ, რა გამოსავალი მოინახოს, რადგან ამ ომით დაღლა უკვე შეინიშნება. გამოჩნდა სტატიები წამყვან გამოცემებში, სადაც ამბობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა მიზანს ვერ აღწევს და რას ვაპირებთო. ამიტომაც, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებმა იფიქრეს, რომ იქნებ გამოსავალი ეს იყოს - რომელიღაც ტერიტორია წაიღოს რუსეთმა, დანარჩენი შევიყვანოთ ნატოში და დავიცვათო.

- გასაგებია, რომ გამოსავალს ეძებენ, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და საერთაშორისო სამართალს რომ თავი დავანებოთ, რუსეთისთვის ახლა ტერიტორიის მიცემა არ ნიშნავს, რომ პუტინმა მიზანს მიაღწია და დასავლეთი დამარცხდა?

- თუ ეს ომი გაგრძელდა ამ მოცემულობით კიდევ ერთი წელი მაინც, არ არის გამორიცხული, უფრო გაძლიერდეს ამ ომით დაღლა, განსაკუთრებით ევროპაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს ომი თითქმის ყველას ეკონომიკას ურტყამს. გერმანიაში ეკონომიკური კატასტროფა არ არის, მაგრამ არც ვითარდება, არადა, გერმანიის ეკონომიკა ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივია. შესაბამისად, მსგავსი განწყობები უკვე შეინიშნება და თუ უკრაინამ გარღვევას ვერ მიაღწია, ეს განწყობები გაძლიერდება.

- დავუშვათ, საერთაშორისო საზოგადოება ომის დასრულებას ამ სცენარით ფიქრობს. გაყოფილი გერმანიის ნატოში გაწევრების ქეისის გამოყენება იქნება იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუკი აღმოსავლეთ უკრაინის რაღაც ნაწილს რუსეთს დაუთმობენ?

- უკრაინელები ამას არაფრით არ დაეთანხმებიან და მართლებიც იქნებიან. უფრო მეტიც, ეს სცენარი თავად რუსეთსაც არ აწყობს. კრემლს სურს უკრაინის მთლიანად მოშლა, სურს სახელმწიფოს ქმედუნარიანობა დააკარგვინოს. ნატოს წევრი უკრაინა, კბილებამდე შეიარაღებული, გაწვრთნილი ჯარით რაში აწყობს? ახლა ისეთი სიტუაციაა ამ ომში, არც ერთი მხარე არ დაიხევს უკან და გასაგებია, რატომაც - ერთი თავის სამშობლოს იცავს, მეორეს მიაჩნია, რომ თავის ეროვნულ ინტერესებს იცავს და ამ სიტუაციაში დასავლეთი თუ მიატოვებს უკრაინას, ეს მისი მორალური კატასტროფა იქნება.

- თეორიულად რომ დავუშვათ, რა ვითარებაში ან რა პირობებით შეიძლება დათანხმდეს უკრაინა ამ სცენარს?

- თეორიულადაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ უკრაინა მსგავს გარიგებაზე წავიდეს, მით უმეტეს, ამხელა ტერიტორია დათმოს. ეს კიდევ შეიძლებოდა დაგვეშვა 2014 წელს, უკრაინას ნატოში შესვლის სანაცვლოდ ყირიმი დაეთმო. ყირიმის ანექსია რუსეთს პრინციპში აპატიეს. ეს არავის უღიარებია, ამის გამო სანქციებიც კი არ დაუწესეს. ახლაც ლაპარაკია, რომ უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს, მაგრამ შესაძლოა ყირიმი რუსეთს დარჩეს, მაგრამ ახლა, ამ გაგანია ომში, გამორიცხულია ტერიტორიის დათმობაც და საერთოდ უკრაინის ნატოში შესვლაც.

- დღევანდელი გადასახედიდან უკრაინა შეძლებს უახლოეს პერიოდში ფრონტზე სტრატეგიულ წინსვლას?

- დიდი ალბათობით, ომი გაგრძელდება. როდის მიაღწევს უკრაინა ფრონტზე გარღვევას, ჯერ ძნელია თქმა. იყო დიდი იმედი, რომ ზაფხულში გაარღვევდნენ ფრონტს, მაგრამ ეს აშკარად ვერ მოხერხდა. შესაძლოა ტაქტიკური წინსვლა აქვს, მაგრამ სტრატეგიული გარღვევა არ ჩანს. ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად, რამხელა დანაკარგი აქვს უკრაინას, რა მსხვერპლი მოჰყვა კონტრშეტევას. ჩემი აზრით, ახლა, უკრაინისთვის ყველაზე ძვირფასი უკრაინელი ჯარისკაცია. იარაღს დასავლეთი აწვდის, თვითონაც რაღაცას აწარმოებენ, მაგრამ მთავარი ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალაა. ამ მხრივ რიცხობრივი უპირატესობა რუსეთს აქვს და ეს ძალიან ცუდია. შესაბამისად, უკრაინამ ომი რომ მოიგოს, საჭიროა მეტი მსხვერპლი იყო რუსეთის ჯარში. თუ თანასწორი მსხვერპლი აქვთ, მაშინ, ეს უკრაინას ურტყამს, რადგან მოსახლეობით გაცილებით მეტია.

- თუ დასავლეთის პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვალა - რადიკალურში ვგულისხმობ შეტევითი იარაღის საჭირო რაოდენობით მიწოდებას - რა გარღვევაზე შეიძლება ლაპარაკი და სანქციების გამკაცრების პოლიტიკა როდემდე შეიძლება იყოს საკმარისი?

- არა მგონია, დასავლეთს მეტი სანქციის დადების საშუალება ჰქონდეს. კი, მიიღეს სანქციების ახალი პაკეტი, მაგალითად, რუსეთში აღარ შედის საქართველოდან ნახმარი მანქანები, მაგრამ ეს რუსეთის ეკონომიკას რას დააკლებს? ყველაზე მძიმე სანქციები შარშან დააწესეს და როგორც ჩანს, რუსეთმა ამ სანქციებთან ადაპტირება მაინც მოახერხა. სანქციები დააწესეს დასავლეთმა და იაპონია-კორეამ, მაგრამ ეს ხომ არ არის მთელი სამყარო? დანარჩენ ქვეყნებთან ვაჭრობით ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირება შეიძლება, მათ შორის ტექნოლოგიების. ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რუსეთისთვის შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს, მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა, რომ მშვენივრად ყიდულობს, მათ შორის უყიდია ამერიკული კომპანიებისგანაც. ჩინეთისგანაც იყიდის, ოღონდ რამდენად ხარისხიანი იქნება, საკითხავია. ამ სიტუაციაში კი ვიღაცები რატომღაც საქართველოს ადანაშაულებენ, საქართველოს გავლით შედის ჩიპებიო. რუსეთს ჩინეთიდან ყველაფრის შეტანა შეუძლია, საქართველო რაში სჭირდება?

როდესაც ომზეა ლაპარაკი, საქართველოს მასშტაბი რუსეთისთვის ძალიან მცირეა. ნუ გვგონია, რომ საქართველოზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს პუტინი. ახლა სხვა სიტუაციაა და არა მგონია, ასეთი გათვლების საშუალება ჰქონდეს.

- უკრაინისთვის გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

- რუსეთში ბოლო ხანს სერიოზული რაღაცები ხდება, რაც მისი ხელისუფლებისთვის დამანგრეველი იქნება. ეს უკრაინისთვის გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, თუმცა კი დრო დასჭირდება. ისევ გავიმეორებ - უკრაინის ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსია. მეორე მხრივ, თუ მოხერხდება მაღალტექნოლოგიური იარაღის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება, კი ბატონო, მაგრამ რატომ არ აძლევენ? "ლეოპარდების" დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამართლდა.

- იდეა, რუსეთს დაუთმონ წაღებული ტერიტორიები და სანაცვლოდ ქვეყანამ მიიღოს ნატოს წევრობა, ანუ დარჩენილი ტერიტორიის უსაფრთხოების გარანტია, საქართველოში რამდენად შეიძლება გახდეს რეალური მსჯელობის საგანი?

- საქართველოში ამაზე მსჯელობა, ვფიქრობ, გამორიცხულია იმ მიზეზით, რომ დავკარგავთ ტერიტორიებს. ფორმულირება ასეთი იქნება: ტერიტორიები კი არ დაიკარგება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდება მეხუთე მუხლი, სანამ ეს ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება. მაგრამ დაიწყება სპეკულაცია, ეს ტერიტორიები სამუდამოდ რომ დაიკარგოს, მერე რას ვშვრებითო. ასე რომ, საქართველოში ამაზე მსჯელობა ასე იოლად არ გამოვა. ჩვენ გვინდა თუ არა, ყველაფერი გადის ერთ რაღაცაზე - რუსეთში რა მოხდება. თუ რუსეთის ხელისუფლება დაიშლება, შეიძლება რაღაც გვეშველოს, მაგრამ ახლა ვერც ჩვენ მივდივართ წინ და ვერც ვერავინ. საქართველოში ზოგიერთს სჯერა, რომ ამ მთავრობამ რომ მოინდომოს, შევალთ ნატოში. საქართველოს მთავრობაზე ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული. ვიდრე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული ჯარი სულ ახლოს დგას დედაქალაქთან, არ სურთ ნატოში ჩვენი შეყვანა. ამ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ. ამის გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ნატოში გაწევრება. ზღაპარია იმის თქმა, საქართველოს ნატოში იმიტომ არ იღებენ, რომ აქ დემოკრატია არ არისო. არც ალბანეთში ყვავის დემოკრატია, არც მონტენეგროში და მაინცდამაინც არც ბულგარეთში, მაგრამ დიდი ხანია ნატოს წევრები არიან.

- თავის დროზე თურქეთი, საბერძნეთი და ესპანეთი იმის გამო მიიღეს, რომ საბჭოეთის გავლენაში არ მოქცეულიყვნენ. საქართველოსთვის ამის პერსპექტივა არ არსებობს?

- ის ქვეყნები ნატოში იმიტომ მიიღეს, რომ იქ არ იდგა რუსული ჯარი. ჩვენთანაც რომ არ იდგეს რუსული ჯარი, ხვალ კი არა, გუშინწინ ვიქნებოდით უკვე ნატოში. იგონებენ ათას სისულელეს, ვაიმე, გეიაღლუმი ვერ ჩატარდა და ამიტომ არ გვიღებენ ნატოშიო. ეს რა შუაშია?! სამწუხაროდ, რეალობას ვართ აცდენილი.

რუსა მაჩაიძე