ფრთხილად! თაღლითი დასაქმების სააგენტოები - "მიგრანტები მოატყუა და როცა ისინი უკან დაბრუნდნენ, ამ სააგენტოს კვალი გაქრა"
პირველი სექტემბრიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის მთავარი მიზანი საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა და სისტემური აღრიცხვაა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, ხშირია კერძო სააგენტოების მიერ მიგრანტების დასაქმებისა და მათი მოტყუების, „გადაგდების“ შემთხვევები, ახალი კანონი კი რისკების მინიმიზაციას ემსახურება და დასაქმებულებზე დადებითად უნდა აისახოს.
„ახლაც გვაქვს 6-კაციანი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელმა მიგრანტები მოატყუა და როცა ისინი უკან დაბრუნდნენ, ამ სააგენტოს კვალი გაქრა და ხელში არაფერი გვიჭირავს, რითაც მას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. ამიერიდან კი ეს კომპანიები გაივლიან სპეციალურ სერტიფიცირებას, დაექვემდებარებიან კანონს მიგრაციის შესახებ და გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ შრომით კონტრაქტში იყოს გაწერილი პირობები, რომლებიც, პროფკავშირების აზრით, თავის დაზღვევის მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის.
არავის აქვს ილუზია, რომ პირველი სექტემბრიდან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სამოთხე იქნება ამ კუთხით, მაგრამ აქამდე კანონიც არ გვქონდა და თვეების, წლების განმავლობაში იწელებოდა სასამართლო პროცესი, რადგან ეს კომპანიები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, რომელიც მათ არაფერს არ სთხოვდა,“ - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
პროფკავშირების თავმჯდომარე საუბრობს იმაზეც, რომ რამდენჯერმე ასეთი შემთხვევები სახელმწიფო დასაქმების პროგრამების დროსაც დაფიქსირდა და სახელმწიფომ მოქალაქეების დაცვა ვერ მოახერხა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ზედამხედველობა.
„სახელმწიფოს ამბიცია უნდა ჰქონდეს, იცოდეს, თავისი მოქალაქე სად და რა პირობებში საქმდება, თუნდაც დასავლეთისადმი ცუდი განწყობა რომ არ იყოს ამ მოძალებული რუსული პროპაგანდის ფონზე, ამიტომ უნდა გაგაჩნდეს ამბიცია, რომ მოქალაქეებს იმედი არ გაუცრუვდეთ.
ერთი მხრივ, კანონის აღსასრულებლად საჭიროა სახელმწიფოს ზედამხედველობა. შრომის ინსპექციის შესახებ კანონი მივიღეთ, მაგრამ სულ 83 შრომის ინსპექტორი გვყავს. კანონი რომ არ გვქონოდა, ბუნებრივია, ისევ ქვის ხანაში ვიქნებოდით, ახლა კი საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რაც ამ 83 ინსპექტორს მიეხმარება ამ შემთხვევების გამოვლენაში,“ - გვეუბნება პროფკავშირების თავმჯდომარე.
ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, რეგულაციური ჩარჩოს შექმნას, მართალია, ექნება გვერდითი ეფექტებიც, მაგრამ ამას დადებითი მნიშვნელოვნად გადაწონის.