"აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.." - კელი დეგნანი
შემიძლია იმის თქმა, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის არის უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შენდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში და ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალები.
„ფაქტი, რომ ამერიკელ და ქართველ სამხედროებს აქვთ ერთობლივი წვრთნები, ვარჯიშები, მსახურობენ ერთად, თავს სწირავენ ერთად, არის ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანი. ეს შენდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში და ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალები, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ძალები, სასაზღვრო დაცვის ძალები, სამართალდამცავები“, - განაცხადა ელჩმა.
ამასთან, როგორც მან „ნატო-ზე“ საუბრისას აღნიშნა, თუ საქართველო შეასრულებს წლიური ეროვნული გეგმით გაწერილ პუნქტებს, მაშინ ნატოს რომელიმე მოკავშირე ქვეყნისთვის „არა-ს“ თქმა რთული იქნება.
„საქართველოს აქვს მკაფიო გზა, ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირთან: წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) არის დოკუმენტი, რომელსაც საქართველო წარადგენს და რომელზეც თანხმდება ნატოს წევრებთან. ეს გზამკვლევია. თუკი საქართველო შეასრულებს მძიმე სამუშაოს, რაც მოიცავს იმავე სახის პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის, თუკი საქართველოს ლიდერებს ექნებათ საკმარისი გამბედაობა და ძალა დასხდნენ ერთად და შეასრულონ მძიმე საქმე, რომელიც გაწერილია 12 რეკომენდაციასა და წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რთული იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრისა თუ ნატოს რომელიმე მოკავშირე ქვეყნისთვის თქვას „არა“. თუმცა, საქმე გასაკეთებელია და ახლაა პროგრესის დრო“, - განაცხადა დეგნანმა.
"ინტერპრესნიუსი"