"5 წუთში წივილ-კივილი ატყდა... უცებ საშინელი წყალი მოვარდა ზემოდან... ქალები და კაცები ტიტვლები გამოცვივდნენ და ჩვენსა შემოვარდნენ" - წყალდიდობა აბანოთუბანში - რა მოხდა წლების წინ - კვირის პალიტრა

"5 წუთში წივილ-კივილი ატყდა... უცებ საშინელი წყალი მოვარდა ზემოდან... ქალები და კაცები ტიტვლები გამოცვივდნენ და ჩვენსა შემოვარდნენ" - წყალდიდობა აბანოთუბანში - რა მოხდა წლების წინ

აბანოთუბანი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია და სახელწოდებაც აქვე თავმოყრილი გოგირდიანი აბანოების ერთობლიობით მიიღო. სხვადასხვა სახელწოდება აქვს აბანოს თითოეულ ნაგებობასაც, რაც ან მფლობელის სახელის, ან აბანოს იერ-სახის მიხედვით ეწოდა. ასე არსებობდა XVII-XIX საუკუნის თბილისში ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის, გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, გრილი და ჭრელი აბანოები.

photo-gallery-189-b-1692622076.jpg

ამ უკანასკნელს სხვებისგან ფასადის ფერადი ჭიქური გამოარჩევს.

ძველ თბილისში აბანოებს მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონდა, მას საბანაოდ, დასასვენებლად, მოსალხენად და საპატარძლოების შესამოწმებლადაც აკითხავდნენ. რეკონსტრუირებულ აბანოთუბანს დღესაც ბევრი სტუმარი ჰყავს, იქ მომუშავეებსა და აბანოთუბნის მცხოვრებლებს კი, ალბათ, ბევრი საინტერესო, შესაძლოა - საიდუმლოებით მოცული ამბავიც ახსოვთ.

ამჯერად 1957 წელს აბანოთუბანში დატრიალებულ დიდ ტრაგედიაზე გიამბობთ. მაშინ გადაუღებელი წვიმისგან ადიდებულმა წავკისის წყალმა წყალდიდობა გამოიწვია და ბევრი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

მახსოვს, წლების წინ აბანოთუბნის ტრაგედიაზე მისმა შემსწრემ, იქ მცხოვრებმა 83 წლის ქალბატონმა ელენე სალაძემ მიამბო. ქალბატონი ელენე აბანოს ქუჩაზე, ჭრელი აბანოს გვერდით ცხოვრობდა.

imro1804-1692622147.jpg

სიზმარივით მახსოვს ის დღეო, - მითხრა, - საშინელება ტრიალებდა. მთიდან ჩამომავალ ამ ხევს, წავკისის წყალი რომ მოედინება, ლეღვთახევი ჰქვია, ჩვენ ქვემოთ ადგილს კი წინათ დაბახანას ეძახდნენ. აქ ცხელი, ქაფქაფა გოგირდის წყალი ამოდიოდა მიწიდან, ზემოდან კი ჩანჩქერის ცივი წყალი ერთვოდა. ახლა რომ არხია, აქ გვირაბივით იყო და ღელე მტკვარს უერთდებოდა. მიწიდან კი მწვანე და სუნიანი წყალი ამოდიოდა. ამ ოჯახში რძლად რომ მომიყვანეს, 17 წლისაც არ ვიყავი, ადრე გამათხოვეს და კარგად მახსოვს, პირველად რომ წავყევი ჩემს მულსა და მეზობლის გოგო-ბიჭებს საბანაოდ. მას შემდეგ ხშირად ვბანაობდით ხოლმე - გოგონებიც და ბიჭებიცო... თურმე, იქვე, ღელეში მოსახლეობა სარეცხსა და ხალიჩებსაც რეცხავდა.

"ყოველ საღამოს ჩავდიოდნენ საბანაოდ, მერე ჩანჩქერის წყალში ვგრილდებოდით და კიდევ კარგი, იმ მომენტში არ აღმოვჩნდით იქ. ჩემი ბიჭი იმხანად პატარა იყო, პირველკლასელი და ჩემმა დედამთილმა უთხრა, - ადე, დაბლა, მაღაზიიდან მარილი ამაიტანეო. კიდევ კარგი, არ გავუშვით - 5 წუთში ისეთი წივილ-კივილი ატყდა, რომ... საშინელი წყალი მოვარდა ზემოდან - მთის მდინარემ, ხომ, უცბად მოვარდნა იცის! ჩვენ დაბლა არხი არის და მანდ საავადმყოფოსავით იყო, ტალახის აბაზანებს იკეთებდნენ. სულ წაიღო ეგა. ქალები და კაცები ტიტვლები ამოვარდნენ და ჩვენსა შემოვარდნენ. სასწრაფოდ მივეცით ტანსაცმელი.

legvtaxevis-xeoba-1692622543.jpg

ჩვენ ქვეითაც, სარდაფში აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და ისინიც აქ ამოცვივდნენ. ჩვენ, ახალგაზრდებს, გვაინტერესებდა, გარეთ რა ხდებოდა, კიბეებით ზემოთ ავედით და იქიდან გადავყურებდით. აბანოებიდან ამოსული ქალები და კაცები წყალს მტკვრისკენ მიჰყავდა. ერთ ებრაელ ქალს, საწყალს, ბავშვი გაუვარდა ხელიდან - ბოძს უნდა ჩასჭიდებოდა და წამით გაუშვა ბავშვს ცალი ხელი, ამ დროს წყლის ნაკადი დაეჯახა, ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და წაიღო. ჩემი ბიჭის თანაკლასელი გოგონა და მისი ბებია მოჰყვნენ ამ ამბავში. დაბლა, მესამე აბანოში ყოფილან და ორივე წაიღო წყალმა. დიდხანს ეძებდნენ და არხში ნახეს, ჩახერგილ ხეს არ გაუტარებია და დამხრჩვალან.

იმ აბანოში კაცებს კიბე ჩაუშვიათ ხალხის ამოსაყვანად, ერთი გოგონა ამოჰყოლია კიბეს და თითქმის ამოსულს, ამდენი კაცი რომ დაუნახავს, შერცხვენია, ტიტველი რომ იყო და უკან ჩაბრუნებულა. კაცები ეძახდნენ, ამოდი, ვინ გიყურებსო, მაგრამ ამასობაში წყალს წაუღია. კიდევ, მახსოვს, დავინახე, გრძელთმიანი პატარძალი და მისი მხლებლები რომ მოჰყავდა წყალს. იმ პერიოდში საპატარძლოები შესამოწმებლად დაჰყავდათ აბანოში და იმ დღესაც ჰყოლიათ. საწყლები, ყველანი დაიხრჩვნენ", - მიამბო ქალბატონმა ელენემ.

legvtaxevi-saukunis-win-1692622501.jpg

ჩემმა მასპინძელმა ზუსტად ვერ მითხრა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭრელი აბანოს ნომრებში ბევრი ხალხი იყო და პირველად წყალიც სწორედ იქ შევარდნილა. ხალხს კარის გაღება ვერ მოუხერხებია და შიგ ჩამხრჩვალა. გვირაბში, თურმე, წვრილი მილები ყოფილა და ზემოდან წამოსული სილითა და ხეებით სულ ამოვსებულა, ამიტომ წყალი გამოსვლას ვეღარ ასწრებდა. რომ ჩავეკითხე, რამ გამოიწვია წყალდიდობა-მეთქი, მიპასუხა:

"ბებერი ხალხი ცხოვრობდა აქ, აზერბაიჯანელები და ამბობდნენ, ასეთ ამბავს არ მოვსწრებივართო. იმ დღეებში წვიმდა, მაგრამ არც თავსხმა ყოფილა. ალბათ ზემოთ, მთაში წვიმდა ძლიერად, წავკისის წყალი ადიდდა და ლეღვთახევიც წყალმა დაფარა. მაშინ შიდაკომუნიკაციები ხომ არ არსებობდა! იმდენ ხანს გაგრძელდა წყალდიდობა, ვშიშობდით, ჩვენთანაც არ ამოსულიყო, მაგრამ გადავრჩით.

259024-10151118106808229-1345267475-o-1692623021.jpg

ამ ამბის შემდეგ კომუნისტებმა გვირაბი ამოქოლეს, ჩანჩქერიც აღარ ჩამოდიოდა აქეთ, დიდი მილები ჩადეს მიწაში და წყალი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა. ახლა ისევ გათხარეს არხი და მასში კვლავ მიედინება წყალი.

2012 წელს რომ დიდი წვიმა იყო, სარესტავრაციო სამუშაოების გამო დროებით აქ არ ვცხოვრობდით, მაგრამ გვითხრეს, ძალიან ადიდდა წყალიო. იმედია, ყველაფერი კარგად გააკეთეს და წინა საუკუნის ამბები აღარ განმეორდება. ღმერთმა დაგვიფაროს. ძველი ამბიდან ისეთი შიში გამომყვა, რეკონსტრუირებული აბანოები არც მინახავს. ზემოდან თუ გადავხედავ ხოლმე, თორემ დაბლა არც ჩავსულვარ... ისე, თქვენ რომ გესაუბრებოდით, ცნობისმოყვარეობამ მძლია... შეიძლება კიდეც ჩავიდე. ერთხელ ხომ მაინც უნდა ვნახო, რა გააკეთეს!"

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)