რა ახალი დეტალებია ცნობილი მამაკაცზე, რომელსაც ცოლის მკვლელობას ედავებიან
მამაკაცი, რომელსაც სოფელ სადახლოში, მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავებიან, დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლელა მარიამიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს, ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მკვლელობის ფაქტს მოზარდი შვილიც შეესწრო, რა დროსაც დაზიანებები მიიღო, ადვოკატი განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით ბრალდებულ მამაკაცის არაფერი უთქვამს. ადვოკატმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადვოკატის თქმით, ამის თაობაზე მასალები საქმეში არ დევს.
„ეს მასალები საქმეში არ დევს და ამ ეტაპზე, თავადაც არ უთქვამს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ჩვენ არანაირ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ ვითხოვთ, მათ შორის არც გირაოს“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შეფარდებას ითხოვს. სხდომა რუსთავის სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"