ქართველების წარმატება უკრაინელებმაც გაიმეორეს - როგორ აუფეთქეს რუსეთს ღრმა ზურგში "ავიამზიდების მკვლელი" - კვირის პალიტრა

ქართველების წარმატება უკრაინელებმაც გაიმეორეს - როგორ აუფეთქეს რუსეთს ღრმა ზურგში "ავიამზიდების მკვლელი"

ჩვენთვის მძიმე შედეგებით დამთავრებულ აგვისტოს ომში გულის მოსაფხენად ისიც დაგვრჩა, რომ 2008 წლის 9 აგვისტოს ქართულ ცაში რუს ოკუპანტებს ჩამოვუგდეთ შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3, რაც მანამდე და არც ამის შემდეგ არავის ჰქონდა გაკეთებული-მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრემლმა პირველად დაკარგა ასეთი კლასისა და დანიშნულების მძიმე ბომბდამშენი, რომელიც Х-22 ტიპის ზებგერითი ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით ამერიკულ საზღვაო საავიამზიდო ჯგუფებზე თავდასხმელად იყო განკუთვნილი და ნატო მას დღემდე „ავიამზიდების მკვლელად“ მოიხსენიებს... და,აი, ზუსტად 15 წლის შემდეგ, 2023 წლის 19 აგვისტოს, უკრაინელებმა გაიმეორეს ქართველი მეზენიტეების წარმატება (სხვათა შორის, აგვისტოს ომში ეს რუსული ასტონიანი რაკეტმზიდი ქართველმა მეზენიტეებმა უკრაინაში ნაყიდი „ბუკიდან“ გაშვებული პირველივე საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს) და რუსეთს მეორე „ავიამზიდების მკვლელი“ გაუნადგურეს.

ოღონდ განსხვავება მაინც არის, თუკი ქართველმა მეზენიტეებმა რუსული „დაუპატიჟებელი სტუმარი“-რაკეტმზიდი ქართული ციდან „ჩამოხსნეს“, უკრაინელებმა არ დაიზარეს და ამ თვითმფრინავების აეროდრომს თავად რუსეთის ტერიტორიაზე „ესტუმრნენ“...

უკრაინელებს, რომ რუსულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებზე Ту-22М3-ზე აქვთ გამოცხადებული განსაკუთრებული „ნადირობა“, არახალი ამბავია, რადგან სწორედ ამ რუსულმა თვითმფრინავებმა მიაყენეს და აყენებენ ყველაზე დიდ ზიანს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, როდესაც სისტემატურად უშვებენ Х-22 ტიპის ზებგერით ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით. ისინი ბირთვული ქობინის ამერიკულ ავიამზიდამდე „მისატანად“ იყვნენ განკუთვნილი და დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა, ეს ბირთვული ქობინი 300 მ-იანი სიგრძის ატომური ავიამზიდის თავში თუ ბოლოში აფეთქდებოდა, ამიტომაც რუსი ოკუპანტებისთვის სულ ერთია 5,7 ტონიანი ამ ფრთოსანი რაკეტის 960 კგ-იანი ფუგასურ-მსხვრევადი ქობინი რომელიმე მორიგი უკრაინული ქალაქის ცენტრში აფეთქდება თუ ნახევარი კმ-ით დაშორებულ სხვა უბანში მოხვდება საცხოვრებელ სახლს.

ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეთაურობა არ მალავს, რომ დღემდე ვერ შეძლო რუსული Ту-22М3-იდან გამოშვებული Х-22 ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება მაინც, რადგან ეს რაკეტები თვითმფრინავიდან სტარტის შემდეგ მაღალ ზებგერით სიჩქარეს-4 ათას კმ-ზე მეტს საათში ანვითარებენ და მათი გადაჭერა ჰაერში ურთულესია.

2-tu-1692613219.jpg

ასე შთამბეჭდავად იწვის რუსულ სამხედრო აეროდრომზე „ავიამზიდების მკვლელი“- ასტონიანი Ту-22М3-ი, ხუთკილოგრამიანი უკრაინული დრონის „სტუმრობის“ შემდეგ...

მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი ანუ საქმე თვითმფრინავის აფრენამდე და რაკეტის შენსკენ გამოშვებამდე არ უნდა მიიყვანო და ... ისინი მოწინააღმდეგის აეროდრომზევე უნდა გაანადგურო!

რუსულ „ავიამზიდების მკვლელებზე“ შურისძიება უკრაინამ დიდი ხანია დაიწყო და პირველად საპასუხო დარტყმა 2022 წლის 5 დეკემბერს რუსეთის რიაზანის ოლქის „დიაგილევოს“ სამხედრო აეროდრომზე მიაყენა, რის შედეგაც მნიშვნელოვნად დაზიანდა იქ მდგარი ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-22М3, მაგრამ აფეთქებას გადაურჩა მისი ფრთის ქვეშ პილონებზე ჩამოკიდებული ორი Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელთა დეტონაციის შემთხვევაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დიდ ტრაგედიას ვეღარ გადაურჩებოდნენ...

რიაზანის „დიაგილევოს“ სამხედრო აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან 457 კმ-ითაა დაცილებული და იქ მისაღწევად უკრაინელებმა საბრძოლოდ გადაკეთებული საბჭოთადროინდელი რეაქტიული უპილოტო მზვერავი Ту-141 «Стриж»-ი გამოიყენეს...

3-tu-1692613296.png
რუსეთის ნოვგოროდის ოლქის „სოლცის“ სამხედრო აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან 675 კმ-ზე იმყოფება, მაგრამ უკრაინელებისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია შური ეძიათ, აქედან აფრენილი რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან უკრაინის ქალაქების უმოწყალო სარაკეტო თავდასხმების გამო...

2023 წლის 19 აგვისტოს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დღესასწაულის წინა დღეს,უკრაინელებმა მისი „მილოცვა“ ნოვგოროდის ოლქის „სოლცის“ სამხედრო აეროდრომზე გადაწყვიტეს, რომელიც „დიაგილევოზე“ უფრო შორს-675 კმ-ზე მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან და ამიტომაც არსებობდა საფრთხე, რომ ამხელა მანძილზე ფრენისას რუსულ საჰაერო თავდაცვას შეიძლება სადმე შუა გზაში ჩამოგდო უკრაინული „საჩუქარი“.

ამიტომაც, უკრაინელმა სამხედროებმა დასახმარებლად თავის სპეცსამსახურებს მიმართეს და რუსეთის ნოვგოროდის ოლქის „სოლცის“ სამხედრო აეროდრომზე საჰაერო დარტყმა იმ კვადროკოპტერი დრონით განახორციელეს, რომელიც უკრაინელმა დივერსანტებმა უშუალოდ ამ აეროდრომის სიახლოვედან გაუშვეს...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვეღარ დამალა ამ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა(ან რას დამალავდა, თვითმფრინავი ისე იწვოდა და კვამლი იმხელა სიმაღლეზე ადიოდა, რომ რამდენიმე ათეული კმ-იდან მოჩანდა),მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, როდესაც შოიგუს უწყებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინელებმა „ტერორისტული აქტის“ განხორციელება სცადეს, მაგრამ აეროდრომის დაცვამ ავტომატებიდან ცეცხლით ჩამოაგდო უკრაინელების დრონიო...

ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სამხედრო ობიექტზე თავდასხმა, თუნდაც მის ღრმა ზურგში, ფასდება,როგორც დივერსიული აქტი და არა ტერორისტული ქმედება, თუმცა რუსეთის პროპაგანდას რას გაუგებ.

4-tu-1692613344.png
2022 წლის 5 დეკემბერს რუსეთის რიაზანის ოლქის „დიაგილევოს“ სამხედრო აეროდრომზე უკრაინული რეაქტიული კამიკაძე-დრონის აფეთქების შედეგად დაზიანებული Ту-22М3-ი... მაშინ სულ ცოტა დააკლდა, რომ მის ფრთის ქვეშ ჩამოკიდებულმა ორმა Х-22 ტიპის ზებგერითმა ფრთოსანმა რაკეტამ დეტონაცია არ განიცადა...

რაც შეეხება უკრაინელი დივერსანტების მიერ გაშვებულ დრონს, ის რა თქმა უნდა არავის ჩამოუგდია „კალაშნიკოვებიდან“ სროლით და მან ზუსტად დააზიანა ღია კაპონირში მდგარი ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-22М3, რომლის დაწვის პროცესი აეროდრომზე მყოფმა პირმა გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა, რაც რუსი კონტრმზვერავების კიდევ ერთ დიდ სისუსტეზე მიუთითებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანებულია მეორე რუსული Ту-22М3-იც, მაგრამ ეს ზუსტად გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დასავლური კომერციული თანამგზავრები 19 აგვისტოს შემდეგ გადაღებულ ამ რუსული აეროდრომის ფოტოებს გამოაქვეყნებენ...

თითქოს ერთი,თუნდაც მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენის განადგურება რა მოსატანია, როდესაც იგივე რუსეთი ყოველდღიურად სასტიკად ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სხვა ობიექტებს და ნელ-ნელა ანადგურებს უკრაინას, მაგრამ აქ სხვა ტენდეცია იჩენს თავს-რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინის საზღვრიდან ღრმა ზურგში მდებარე რუსული სტრატეგიული ობიექტების დაცვაში თურმე ძალიან დიდი ხარვეზები არსებობს, რისთვისაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც უკრაინის ტერიტორიიდან დრონებისა და რაკეტების გაშვება, ამისთვის საკმარისია რომელიმე რუსულ აეროდრომთან სამი-ოთხი კმ-ის სიახლოვესაც კი მივიდეს უკრაინელი დივერსანტი და გაუშვას მინიატურული FPV-დრონი, რომელსაც ხუთიოდე წუთში ზედ „ზურგზე“ დაასვამს აეროდრომზე მდგარ გინდ მომცრო გამანადგურებელს, გინდაც უზარმაზარ სტრატეგიულ ბომბდამშენს...

რა თქმა უნდა, რუსი სამხედროები აძლიერებენ თავიანთი სამხედრო აეროდრომების პერიმეტრზე რადიოჩახშობის სისტემებს ასეთი კამიკაძე-დრონების დისტანციურად მართვისთვის ხელისშესაშლელად, მაგრამ ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტიას ეს არ იძლევა, ხოლო რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფი უკრაინელებისგამჭრიახობას კი საზღვარი არ აქვს...