"კარგი იქნება, იმ სტუდენტების უპირობო მხარდაჭერა და დაფინანსება მოხდეს, რომლებიც ამ სპეციალობას აირჩევენ" - კვირის პალიტრა

"კარგი იქნება, იმ სტუდენტების უპირობო მხარდაჭერა და დაფინანსება მოხდეს, რომლებიც ამ სპეციალობას აირჩევენ"

მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს ელემენტარული ქცევის წესები სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის დროს. ნუ გაგიკვირდებათ, რაც ჩვენს თავს ხდება, რადგან გეოგრაფია და მასთან დაკავშირებული დარგები პრიორიტეტული მიმართულებებიდან ამოღებულია.

საკითხზე გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი გვესაუბრება:

ვიდრე, ამ დარგების (გეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია) პოპულარიზაცია არ დაიწყება, რისკი იმისა, რომ მსგავსი სახის ზიანი და, სამწუხაროდ, მსხვერპლიც კიდევ და კიდევ გვქონდეს, კვლავ იარსებებს. დღეს, გულდაწყვეტით გეუბნებით, რომ საქართველოში 25 პრიორიტეტულ მიმართულებას შორის, რომელიც სახელმწიფომ განსაზღვრა, არ არის გეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია. ვიმედოვნებ, შოვის ტრაგედიის შემდეგ მაინც მოხდება ამ დარგის „გადაფასება“. ვგულისხმობ, რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მონიტორინგის დაწყებას, სპეციალისტების მომზადებას, შესაბამის დაფინანსებას და... წახალისებასაც...

- წახალისებაში რას გულისხმობთ?

- თუნდაც იმას, რომ მოხდეს იმ სტუდენტის უპირობო მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც ამ სპეციალობას აირჩევს. მერე გარანტირებულად უნდა ვიცოდეთ, რომ დაფასდება ცოდნა და სპეციალისტი, გარემოზე ზემოქმედების და ეკოლოგიური პრობლემების ამოცნობისა და ადეკვატურად შეფასების კუთხით...

- კარგი, მივყვეთ თავიდან. ვერ ვიჯერებ, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობდა, არ გვაფრთხილებდა ბუნება, მაგრამ, მეორე მხრივ, აბსოლუტურად არ ვატარებდით კვლევებს, არაფერი ვიცოდით, თუ რაღაც მაინც ვიცოდით, არ მინდა დავიჯერო, საპასუხისმგებლო პირები ასეთი გულგრილები და ბედზე მინდობილები როგორ არიან. იქნებ გაუმართლოთ, იქნებ არც არაფერი მოხდეს, იქნებ კიდევ ერთი 10 წელი...?

- ჩემი ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ მეტი დაკვირვებით, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ კატასტროფამდე ბევრი სიგნალი მოდის ბუნებისგან, რომელსაც ვერ ვამჩნევთ. ის, რაც შოვში მოხდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყაზბეგში, სვანეთსა და რაჭაში რამდენჯერმე მოხდა! ეს იყო არა მეწყერი, არამედ, გლაციალური ღვარცოფი, რომელიც მყინვარის დნობით არის გამოწვეული.

ბუბისწყლის ხეობა ხასიათდება რთული რელიეფით, დაგროვილია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის დიდი მოცულობის პროდუქტები. კლიმატის ცვლილების ფონზე როგორც საქართველოში, ასევე, მთელ მსოფლიოში გააქტიურებულია მყინვარის პულსაციური პროცესები.

როგორც იკვეთება, მდინარე ბუბას ხეობაში ჩავიდა წყლის უზარმაზარი მასა, ჩაკეტა ხეობის სადინარი, მოხდა წყლის დიდი რეზერვუარის შექმნა და ამ სელურმა (ანუ, ღვარცოფულმა) ნაკადმა წალეკა ხეობა... იმის თქმა მინდა, რომ ეს არ იყო მეწყერი. მეწყერის მასის ტრანსპორტირებას ხეობაში რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა. ეს იყო სელური ნაკადი. რომელიც გაცილებით საშიში და სწრაფია...

- ერთი წუთით, აქ შეუძლებელია არ გავიხსენო ჩემი ბავშვობა, რა დროსაც ყოველთვის ვსტუმრობდით შოვს. ყოველთვის იყო აქ დასასვენებელი კოტეჯები. მისი აღდგენა გარკვეულწილად გამიხარდა კიდეც, მაგრამ რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ მშენებლობებს შორის, რამე შეიცვალა?

- საბჭოთა პერიოდში აქ ყოველთვის იყო დასასვენებელი კოტეჯები და ასევე, ტურბაზა, მაგრამ იმ დროისათვის მდინარე ბუბას ხეობაში გათვლილი იყო მდინარის ის ტრაექტორია და წყლის ხარჯი, რომელიც პასუხობდა წყალმოვარდნის თუ გეოდინამიკურ სტიქიურ შესაძლო პროცესებს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში, შემდგომაც, არავინ განიხილავდა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ წლების შემდეგ მყინვარების მასშტაბური დნობა და უკან დახევა დაიწყებოდა. ანუ ეს დაიგეგმა იმდროინდელი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ახლა, წელიწადში ლამის 10-15-20 მეტრით ხდება მყინვარების უკან დახევა. მკვეთრად შეიცვალა ბუნება. ბუნებრივი მოვლენები უფრო საშიშ ნიშნულს მიუახლოვდნენ. ამის მაგალითები ბევრგან გვაქვს საქართველოში. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ჰიდროლოგიას, გეოგრაფიას...

- როგორც ჩანს, მიდგომებიც საბჭოთა პერიოდის დაგვრჩა, სამწუხაროდ. ანუ, თუკი ვიცით, რომ მყინვარების თითქმის 20 მეტრით უკან დახევა ხდება, ხეობების ცვლილება ხდება და ასე შემდეგ, როგორ ვმოქმედებთ? ბუნებას რომ თავი დავანებოთ, ფაქტი სახეზეა, რომ არ არის გათვლილი ელემენტარული ქცევის წესები და არ ვიცით, ვინ, სად, როგორ იმოქმედოს... მერე, მსგავსი ტრაგედია რომ ხდება, არ გვაქვს პასუხი, რატომ გვყავს 33 გარდაცვლილი და არა, თუნდაც, 5-ჯერ ნაკლები..

მოკლედ, რას ვსწავლობთ დღეს ჩვენ ამ ტრაგედიიდან?

- ჩვენი ქვეყნის ყველა სტრუქტურას ვეტყოდი, პასუხისმგებელ პირებს ვეტყოდი, თუ გააანალიზებთ, რომ როდესაც კურორტი შოვი შეიქმნა, 1 საუკუნის წინ, იმ დროისათვის არ იყო აქტუალური კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული დათბობის ტენდენცია. დღეს კი, ცხოვრების მდგრადი განვითარებისთვის, სწორი ცხოვრებისთვის, გადარჩენისთვის, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, თუ გავაანალიზებთ, რომ გეოლოგიის, გეოგრაფიისა და ეკოლოგიის გარეშე შეუძლებელია იმ სივრცის სწორად შეფასება, სწორად გაგება, სადაც შენ ცხოვრობ, სადაც არსებობ, სადაც რაღაცის შექმნა გინდა, თუ არ გავაანალიზეთ, რომ ბუნებასთან თანხვედრაში უნდა ვიცხოვროთ, არაფერი გამოვა. ისევ ვიქნებით ერთი და იმავე წრეზე, სტიქიიდან სტიქიამდე.

დროს ვიხელთებ და მოვუწოდებ, ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდის ზრუნვისკენ. ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიური განათლების გაზრდისკენ, სასკოლო, თუ უმაღლეს სასწავლებლებში ეკოლოგიური განათლების საცნობარო თუ სხვა ინფორმაციული საშუალებების მისაწვდომობაზე. მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს ელემენტარული ქცევის წესები სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენების დროს და ასე შემდეგ. ეს უკვე ჩვენი, თითოეული მოქალაქის ცხოვრების წესი უნდა გახდეს და ამის გააზრება და სპეციალისტები გვჭირდება, რადგან გარემოსთან ადაპტირების გარეშე ვერასოდეს ვიქნებით კომფორტულად.

ლინკი

ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი