ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
ირანის საპარლამენტო კომისიამ ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებული კანონის დარღვევისთვის გამკაცრებული სასჯელი დაამტკიცა, - ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.
მომდევნო ეტაპზე ახალი კანონი სასულიერო პირებისგან შემდგარ საზედამხედველო ორგანოს, კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს წარედგინება.
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი შედგება 70 მუხლისგან და ითვალისწინებს ბევრად უფრო დიდ ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობას ქალებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან ჰიჯაბის ტარებაზე.
ირანის ამჟამინდელი კანონმდებლობით, ჩაცმულობის კოდექსის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 დღიდან ორ თვემდე ვადით, ან ჯარიმით 50 000-დან 500 000-მდე ირანული რიალის ოდენობით (1-დან 10 ევრომდე). კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე, ასევე ჯარიმას 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7 800 ევრო).
"ინტერპრესნიუსი"