ეკონომიკა: პრობლემური 2011 და რთული 2012 - კვირის პალიტრა

ეკონომიკა: პრობლემური 2011 და რთული 2012

"საქართველოში საბაზრო კონკურენცია ფაქტობრივად გაქრა, ბიზნესის მნიშვნელოვანი სფეროები აღმოჩნდა გავლენიანი ჯგუფების ხელში, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან", - ასე აფასებს 2011 წლის ეკონომიკურ მოვლენებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე. მისი შეფასებით, ეკონომიკურად რთული იქნება 2012 წელიც როგორც ლოკალური, ასევე გლობალური თვალსაზრისით.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- ვერ ვიტყვი, რომ 2011 წელი ეკონომიკურად გამორჩეული იყო. ყველა ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა, ამ წელსაც გრძელდებოდა და ზოგიერთი პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოხდა ბიზნესის მონოპოლიზაცია, მონოპოლიური ჯგუფების ჩამოყალიბება, ეკონომიკური სექტორების მონოპოლიურ ჯგუფებს შორის გადანაწილება მკაცრად დიფერენცირებული სუბიექტების ხელში.

ვფიქრობ, ეს არის 2011 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც შესაძლოა არ ჩანს ზედაპირზე, მაგრამ მის გავლენას ნათლად ვგრძნობთ. ის, რომ მასობრივი სამეწარმეო აქტიურობა ძალიან დაეცა, ადამიანები პრაქტიკულად წყვეტენ ეკონომიკურ საქმიანობას, მათ დარჩათ უმცირესი ნიშები, რომელშიც შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ და ეს არ იძლევა იმის საშუალებას, დამოუკიდებელმა, კანონის ფარგლებში მოქმედმა ადამიანმა განავითაროს საკუთარი საქმიანობა, დაიწყოს ახალი ბიზნესები, - ესეც ტენდენციაა, რომელიც 2011 წელს შეინიშნებოდა. საბანკო სექტორი ისევ აგრძელებს დამწყები ბიზნესის დაუფინანსებლობას და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხები სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, – ესეც ის ტენდენციაა, რომელიც აშკარად გამოიკვეთა 2011 წელს.

მომავალი წლის არჩევნების გამო ბიზნესსესხები რომ ფაქტობრივად შეზღუდული იქნება, ესეც ერთ-ერთი ტენდენციაა. 2011 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვალა ლარის კურსი, რაც მიუთითებს იმას, რომ საქართველოში სუბიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე შესაძლებელია ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენო. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან სფეროშიც კი, როგორიც მონეტარული პოლიტიკაა, დაცვის მექანიზმები არ გაგვაჩნია და გავლენიან პირებს, რომლებიც თანამდებობრივადაც კი არ არიან უფლებამოსილი, შეუძლიათ არეგულირონ სავალუტო კურსები და ფასები სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე. აღსანიშნავია ლაზიკას პროექტის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც. ახალი ქალაქის მშენებლობას რა ჯობს, მაგრამ ამას კერძო სექტორი უნდა აკეთებდეს და არა ხელისუფლება.

რაც შეეხება 2011 წლის დადებით მოვლენებს, ასეთად შესაძლოა ჩაითვალოს ის, რომ ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, თუმცა ამ პროექტებში დამოუკიდებელი ბიზნესჯგუფების, მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობა უმნიშვნელოა. ესეც ერთგვარი ეკონომიკური ტენდენციაა. ყველაფერი პრივილეგირებული ბიზნესჯგუფების და ხელისუფლებასთან ასოცირებული ბიზნესების ხელშია.

- მსოფლიოში მიმდინარე თუ მოსალოდნელი ეკონომიკური პროცესები რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

- მიუხედავად ევროპაში და საზოგადოდ, მსოფლიოში დაძაბული ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობისა, საქართველოში იმდენად მძიმე და კრიზისული ვითარებაა და ეკონომიკაც იმდენად მწირი და სუსტი, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჩვენზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.

რაც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში ევროზონაში მიმდინარე ურთულესი პროცესი უნდა დავასახელოთ. ეს იმდენად რთული პროცესია, რომ დღეს, ფაქტობრივად, ვერავინ იტყვის ამ კრიზისის შემდეგ როგორი იქნება ევროკავშირი, ევროზონა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობა და ამასთან, რთულია განსაზღვრო, როგორ სახეს მიიღებს ეს კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის უმუშევრობის სტაბილურად მაღალი დონე თავისთავად მიუთითებს რეალური საშიშროების არსებობას.

ვფიქრობ, 2011 წელს მსოფლიოში გამოკვეთილი მოვლენები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადება, რომ არ არსებობს დღეს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც აქვს იმუნიტეტი მომავალი კრიზისის მიმართ, თავისთავად საგულისხმოა. მან მომავალი მოვლენები დიდი დეპრესიის დასაწყისს შეადარა. თუ ეკონომიკური მოვლენები მსოფლიოში ასეთი სცენარით განვითარდა, არ არის გამორიცხული, პოლიტიკური ლანდშაფტიც გლობალურად შეიცვალოს. მსოფლიოში პოლიტიკური პლატფორმის ცვლილება კი მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოშიც და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც.

აგრეთვე, 2011 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო იმაზე საუბრის გააქტიურება, რომ შესაძლოა საომარი მოქმედებები დაიწყოს ირანში. რა მოჰყვება ამ 80-მილიონიან, მდიდარ და საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოში საომარი მოქმედებების დაწყებას, ამასაც დღეს ვერავინ განჭვრეტს. მართალია, ირანი ჩვენი უშუალო მოსაზღვრე სახელმწიფო არ არის, მაგრამ ძალიან ახლოს მყოფი ქვეყანაა და იქ განვითარებული მოვლენები რომ საქართველოზე აუცილებლად აისახება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკაშიც, თავისთავად ცხადია.

დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს ის სწრაფი ღონისძიებები და ნაბიჯები, რომლებიც ფინანსურ, ეკონომიკის თუ სამხედრო სფეროში სწრაფად გადაწყვეტდა წარმოქმნილ პრობლემებს".

(სპეციალურად საიტისთვის)