რატომ დადიოდა ბრეჟნევი თბილისში ზომბივით და რის გამო არიდებდა გათიშულ საბჭოთა ბელადს მზერას შევარდნაძე - კვირის პალიტრა

რატომ დადიოდა ბრეჟნევი თბილისში ზომბივით და რის გამო არიდებდა გათიშულ საბჭოთა ბელადს მზერას შევარდნაძე

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში ჩარიცხვა საპატიო და ამავე დროს, საკმაოდ სახიფათო მოვალეობაა. ამ სამსახურისთვის კანდიდატურის შერჩევა ძალზე შრომატევადი პროცესია, რადგანაც ოდნავი შეცდომაც კი საბედისწერო შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში “კომუნისტური ბელადების” დაცვისთვის ყველზე ერთგულ რევოლუციონერებსა და “ბოევიკებს“ არჩევდნენ. არავის აინტერესებდა მათი პროფესიული მომზადება და ანალიტიკური აზროვნება. გადამწყვეტი პარტიული სტაჟი, ფიზიკური მონაცემები და პირადი ერთგულება იყო.

“დიდი დიქტატორის”, იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში დაცვის სტრუქტურებში კადრების შერჩევა თანდათანობით გამკაცრდა. კომუნისტური პარტიის წევრობასთან ერთად, აუცილებელი გახდა პროფესიული უნარჩვევების ქონაც. თვითონ სახელმწიფო დაცვის სტრუქტურები კი “ნკვდ-კგბ”-ს გადაეცa, რომელიც შემდეგ კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოდ გარდაიქმნა. ამ სტრუქტურის მნიშვნელობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ეს სამმართველო, როგორც წესი, უშუალოდ კა–გე–ბეს თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა.

ყველაზე პრესტიჟულ დანაყოფად ითვლებოდა მე-9 სამმართველოს პირველი განყოფილება, სწორედ იქ ამზადებდნენ პირადი დაცვის ოფიცრებს, რომლებიც თან ახლდნენ პარტიისა და მთავრობის ლიდერებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

უკვე იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა ის კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო დაცვის სამსახურში მოხვედრის მსურველს. ტარდებოდა ფარული ექვსთვიანი სპეცშემოწმება: გარდა წმინდა იდეოლოგიური (პარტიულობა, მისი მშობლების და ახლო ნათესავების ლოიალობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ პიროვნებას არ უნდა ჰქონოდა გადამეტებული მიდრეკილება “ბახუსისა” და “ამურისაკენ” და აშ.) მოთხოვნებისა, ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ კრიტერიუმებს. ასაკი არ უნდა ყოფილიყო 35 წელზე მეტი, სიმაღლე – 175-190 სმ; წონა – 75-90 კგ. თუმცა ერთის მხრივ კი დიდი „თავისუფლება“ ჰქონდათ: გასული საუკუნის 20–70 იან წლებში დაცვის სპეცსამსახურში ჩარიცხვის კანდიდატებს არ მოეთხოვებოდათ უმაღლესი განათლება, პირიქით „ჩვენი თანამშრომლების განათლება არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს: განათლებული ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობსო“ – ამგვარი იყო ამ სპეცსამსახურის ხელმძღვანელების შეხედულება.

საბჭოთა დაცვის სპეცსამსახურის ძირითადი თავისებურება ის იყო, რომ იქ სუბორდინაცია ყოველთვის ირღვეოდა: სტრუქტურულად მე–9 სამმართველოს უფროსს ექვემდებარებოდა პირველი განყოფილების უფროსი (პირადი დაცვის განყოფილება), რომელსაც თავის მხრივ ექვემდებარეობდა ოცამდე ქვეყანყოფილება (დასაცავ პირთა მიხედვით, მაგალითად ბრეჟნევის პირადი დაცვის უფროსი, კოსიგინის პირადი დაცვის უფროსი და ა.შ.), თუმცა საბჭოთა კავშირის პირველი პირის პირადი დაცვის უფროსი გაცილებით დიდ რეალურ ძალას ფლობდა, ვიდრე მისი უშუალო უფროსები. პირადი დაცვა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ცალკეული პირის და მისი ოჯახის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. რეალურად პირადი დაცვა, დასაცავი პირის ოჯახის წევრია და ამიტომაც მათი ყველა საიდუმლოების მცოდნეც ხდება. განსაკუთრებით დაფარული ოჯახური და ფინანსური საქმეები არა მარტო “დაცვის” თვალწინ ხდება, არამედ ხშირად ამასაც სწორედ “დაცვის ბიჭები” აკვარახჭინებენ. პირადი დაცვის უფროსი არჩევს დასაცავი ობიექტის პირად მცველებსაც, რომლებიც უშუალოდ მას ექვემდებარებიან. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა „დიდი ჩინოვნიკები“ თავად (!!!) ირჩევდნენ პირადი დაცვის უფროსს, რომელიც ფაქტიურად დასაცავი პირის ოჯახის წევრი ხდებოდა. ამ შემთხვევაში რა პროფესიონალიზმზე შეიძლება საუბარი? მთავარი იყო მხოლოდ პირადი ერთგულება! ძალზე ბევრი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ვფიქრობ მხოლოდ ლეონიდ ბრეჟნევისა და მისი პირადი დაცვის უფროსის, ალექსანდრე რიაბენკოს (1915–1993) მეგობრობა–თანამშრომლობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიაც საკმარისი იქნება.

გასული საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში მსოფლიოს მეორე ზესახელმწიფოს საკმაოდ მოხუცი, ერთ დროს ყველა კაცური სიამოვნების მოყვარული კოლორიტული პიროვნება, ლეონიდ ბრეჟნევი ხელმძღვანელობდა. „ღვინო, დუდუკი, ქალები“: ამ ქართულ სამეულს ბრეჟნევმა ავტომობილებით სწრაფი ქროლვა და ნადირობა დაუმატა და ცხოვრება შეუზღუდავ სიამოვნებათა ხუთეულად იქცია. პოლიტბიურო, რომელიც მაშინ „პატრონიან მოხუცთა თავშესაფარს“ უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის მართვის უმაღლეს ორგანოს, იეზუიტური მოკრძალებით შეჰყურებდა “გენსეკის” ანცობებს და თან ჩუმად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე კომპრომატებს აგროვებდა. უბოროტო ბრეჟნევი თვითონაც „გულაობდა“ და სხვებსაც აძლევდა ამის ნებას. . . . ოღონდ ზომიერების ფარგლებში! მას გვერდიდან არ სცილდებოდა მკაცრი გარეგნობის გენერალი, რომელსაც პოლიტბიუროს წევრებიც კი დიდი მორიდებით მიმართავდნენ: ეს კაცი ბრეჟნევის პირადი დაცვის უფროსი იყო.

riabenkda-brejnevi-1692653630.jpg
განუყრელი წყვილი: რიაბენკო და ბრეჟნევი

პირველად ისინი 1938 წელს შეხვდნენ: ახალგაზრდა რიაბენკო ლეონიდ ბრეჟნევის მძღოლი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრეჟნევმა მოძებნა ყოფილი მძღოლი, რომელიც უკვე კაპიტანი გამხდარიყო და ამის შემდეგ, თითქმის ორმოცი წელი რიაბენკო ბრეჟნევის დაცვის უფროსი და მისი ოჯახის მესაიდუმლე გახლდათ.

1964 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირში მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა: „ვოლუნტარისტი“ და „გაცელქებული“ ნიკიტა ხრუშჩოვი ბიჭვინთაში ისვენებდა, როდესაც მისმა თანმებრძოლებმა ის მოსკოვში ჩაიყვანეს (ეს შეთქმულება და მასში მჟავანაძე–ინაურის მონაწილეობა ცალკე საუბრის თემაა), კარგად გალანძღეს, თანამდებობიდან გადააყენეს და პენსიაზე გაუშვეს. იმ დაძაბულ დღეებში ბრეჟნევის პირადი დაცვის უფროსი რიაბენკო „უფროსს“ გვერდიდან არ მოსცილებია.

brejnevi-1692653744.jpg
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ბრეჟნევის პირადი დაცვის უფროსის მოადგილე ვლადიმერ სობაჩენკოვი, პირადი მცველი ვლადიმერ მედვედევი, პირადი დაცვის უფროსი ალექსანდრე რიაბენკო , ლეონიდ ბრეჟნევი და ტულის საოლქო კომიტეტის მდივანი.

ყველაფერი წარმავალია და 70-იანი წლების მეორე ნახევარში ბრეჟნევი უკვე იმდენად დაძაბუნდა, რომ დამოუკიდებლად კიბეზე ასვლა–ჩამოსვლაც კი არ შეეძლო. ამიტომ პირადი დაცვა მოხუც და დაჩაჩანაკებულ ბრეჟნევს გარეშე პირების თავდასხმაზე მეტად, წაბორძიკებისა და წაქცევისგან “იცავდა”. ცნობილია ფაქტი, როდესაც ბერლინში ვიზიტად ჩასული ლეონიდ ბრეჟნევი და ერიხ ჰონეკერი მოსახლეობას ღია ლიმუზინიდან ესალმებოდნენ, საბჭოთა ლიდერი რომ არ წაქცეულიყო, მას ავტომობილის სალონის იატაკზე ჩამალული პირადი დაცვის თანამშრომელი იჭერდა ხელით.

ერთხელაც სოჭში დასასვენებლად მყოფი ბრეჟნევი სასურსათო მაღაზიაში შესულა: აინტერესებდა თუ როგორ იკვებებოდნენ “ბედნიერი” საბჭოთა მოქალაქეები. ეს ის დროა, საბჭოთა კავშირში ყველაფერი ტალონებზე რომ იყო. როგორც ხდებოდა ხოლმე, მაღაზია დილიდან სპეციალურად გაეძეძგათ ყველაზე დეფიციტური საქონლით და შერჩეული “გამყიდველებიც” (ბუნებრივია მე-9 სამმართველოს გოგო-ბიჭები) მოუთმენლად ელოდნენ ბრეჟნევის მოსვლას. ისიც მალევე გამოჩნდა. მისალმების ნიშნად ხელი ძლივს ასწია და გაუგებრად რაღაც ჩაილუღლუღა, შემდეგ მაღაზიის სექციებს ჩამოუარა, თან კმაყოფილებას ვერ მალავდა: საწყალს უხაროდა, რომ ასე კარგად ცხოვრობდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე. თავადაც “ივაჭრა” – რამდენიმე ძეხვის “ბატონი” აიღო და პირადი დაცვის წევრებს გადასცა. მათ კი სასწრაფოდ გადამალეს “ნავაჭრი” - შეუმოწმებელი სურსათის მოხმარება სასტიკად ეკრძალებათ მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეებს.

რეზიდენციაში დაბრუნებულმა ბრეჟნევმა ძეხვი მოითხოვა, დაცვამ კი ხელი გაასავსავა – არ ვიცით სად არისო. გაბრაზებული გენსეკი ყველას სამსახურიდან გაყრას შეპირდა. მისი მრისხანება მხოლოდ პირადი დაცვის უფროსმა ალექსანდრე რიაბენკომ და პოლიტბიუროს “მთავარმა ექიმმა” აკადემიკოსმა ევგენი ჩაზოვმა ჩააცხრეს.

1981 წლის 21 მაისს ბრეჟნევი საქართველოს ეწვია „გასაბჭოების 60 წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე“ დასასწრებად. საბჭოთა „ლიდერი“ იმდენად იყო დაუძლურებული, რომ „ზომბივით“ გადაადგილდებოდა და რომ არა რიაბენკო და ბრეჟნევის პირადი მცველი ვლადიმერ მედვედევი თბილისში ვიზიტი ნაადრევად დასრულდებოდა.

shevardnadze-1692654064.jpg
შევარდნაძე, ბრეჟნევი და რაიბენკო. თბილისი 1981 წელი.

კარგად დააკვირდით ფოტოს: ბრეჟნევის პირადი დაცვის უფროსი რიაბენკო რაღაცას უხსნის გათიშულ ბრეჟნევს, შევარდნაძე კი ამას „დიპლომატიურად“ არიდებს მზერას. კადრში არ ჩანს, თუმცა იქვე ახლოს დგას პირადი მცველი ვლადიმერ მედვედევი ( შემდეგ მიხეილ გორბაჩვის პირადი დაცვის უფროსი), რომელიც 1974 წლიდან ფაქტიურად ბრეჟნევის „ძიძა“ გახდა: ის ხდიდა და აცმევდა ტანსაცმელს, აძინებდა და მოხუცის ყველა კაპრიზს ასრულებდა.

vaxshamitbilisshi-1692654213.jpg
ვახშამი თბილისში: უსტინოვი, ბრეჟნევი, შევარდნაძე და შჩერბიცკი. ბრეჟნევსა და შევარდნაძეს შორის დგას ვლადიმერ მედვედევი, ბრეჟნევის „ძიძა“. თბილისი 1981 წლის მაისი.

1975 წლიდან ექიმებმა ბრეჟნევს სიგარეტის მოწევა აუკრძალეს, საბჭოთა ლიდერი იმდენად იყო მიჩვეული თამბაქოს კვამლს, რომ შუაღამისას მედვედევს დაუძახებდა და სიგარეტს აწევინებდა – თავად კი კვამლს დიდი სიამოვნებით ისუნთქვადა. მედვედევი მოგონებებში ამტკიცებს, რომ ანალოგიურად ხდებოდა პოლიტბიუროს სხდომებზეცო. პირად მცველს ბრეჟნევის უამრავი პირადი დავალება უნდა შეესრულებინა: მიეყვანა პარიკმახერი და მკერავი, დაეგეგმა სტომატოლოგთან ვიზიტი, დაემზადებინა სათვალეები და ა.შ.

22082023-1327-1692696601.21_REC.png

ჯერალდ ფორდი და ჰენრი კისინჯერი,1974 წელი ვლადივოსტოკი.ფორდი თავს იწონებს მგლის ტყავის ქურქით, რომელიც ბრეჟნევს ძალიან მოწონებია

ბრეჟნევის ყოფილი პირადი მცველი მედვედევი კიდევ ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს: 1974 წელს ვლადივოსტოკში გაიმართა ბრეჟნევისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ბრეჟნევმა სტუმარი აეროპორტში გააცილა. როცა ფორდმა თვითმფრინავის ტრაპზე ასვლა დაიწყო, ბრეჟნევმა ქვემოდან სიცილით მიაძახა: რა მაგარი ქურქია ნადირობსთვისო. ამერიკის პრეზიდენტი ტრაპზე შეჩერდა, შემობრუნდა, ქურქი გაიხადა და ბრეჟნევს გაუწოდა. შემდეგ ტრაპი აირბინა და თვითმფრინავში გაუჩინარდა. ყველაფერი ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ გენერალური მდივანი დაიბნა და დაგვიანებით მიაძახა: „დიდი მადლობაო“.

22082023-1331-1692696905.39_REC.png
ასე „წაართვა“ ქურქი ბრეჟნევმა ფორდს

თუმცა მედვედევი ცდება და მას მეხსიერება ღალატობს: ფოტოზე კარგად ჩანს, რომ საჩუქარი ბრეჟნევმა არა ტრაპზე, არამედ აეროპორტის დარბაზშივე მიიღო და სიხარულსაც ვერ მალავს.

საბჭოთა ლიდერები ათწლეულების მანძილზე კაბინეტიდან ქვეყნის „მართვით“ რეალობას მოწყდნენ და საკუთარ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობდნენ.

1979 წელს ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტად ყოფნისას ბრეჟნევმა ვენის დათვალიერება მოისურვა, რადგანაც ფეხით სიარული უკვე ძალზე უჭირდა, ავტომობილით გადაადგილება გადაწყვიტა. ვერ წარმოიდგენთ მის გაკვირვებას, როდესაც ყოველ ხუთას მეტრში შუქნიშანზე გაჩერება უწევდა და „კარგ“ საცობშიც მოხვდა. ბრეჟნევს ეგონა, რომ ვენაში, ისევე როგორც მოსკოვში (თუ თბილისში), ქუჩები გადაკეტილი და სხვა ავტომობილებისგან თავისუფალი დახვდებოდა, შუქნიშანზე სულ მწვანე ენთებოდა და თავისუფლად იმოძრავებდა !

( მესამე ნაწილის დასასრული)