"პარტნიორმა მამაკაცმა ჩემზე იძალადა და ათქმევინეს, რომ მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე" - თეა გოდოლაძე პროკურატურას "საქმის შეკერვაში" ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

"პარტნიორმა მამაკაცმა ჩემზე იძალადა და ათქმევინეს, რომ მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე" - თეა გოდოლაძე პროკურატურას "საქმის შეკერვაში" ადანაშაულებს

დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება. ჩვენ დავუკავშირდით თეა გოდოლაძეს. იგი ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ ჰპატიობენ.

- ქალბატონო თეა, ოჯახურ ძალადობაში ხართ ბრალდებული?

- "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ეს ინფორმაცია? ჩემი აქტიურობის გამო ხდება ყველაფერი. პროკურატურამ შემიკერა საქმე. ჩემი ადვოკატები გააკეთებენ განცხადებას და ჩაერთვებიან პროცესში. რეალურად, საქმე სხვაგვარად არის. პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა. პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის 2021 წლის ამბავი, მაშინ მე არაფერი მითქვამს... მაგრამ შემდეგ, როცა ჩემი პარტნიორის ძალადობის გამო გამოვიძახე პატრული, ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე და გამოჰყვეს ცალკე წარმოებაში ეს საქმე. რაღაც თქვი გოდოლაძეზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამბებზეა საუბარი, აქეთ ვარ დაზარალებული. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემ წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას. ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა...

- კონკრეტულად რა ინციდენტი მოხდა?

- მე დავწერ ამაზე განცხადებას, დეტალურად გავავრცელებ ინფორმაციას. ვიმეორებ, პოლიცია გამოვიძახე ჩემი პარტნიორის წინაღმდეგ, იმიტომ, რომ ფიზიკურად იძალადა ჩემზე.

- ხშირად ასეთ დროს ორივე ადამიანზე იწერება შემაკავებელი ორდერი, მის წინააღმდეგაც ხომ არ არის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი?

- ორდერი ორივეზე იყო გამოცემული, მაშინ ჩემზეც გამოსცეს, მე გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება და მოვიგე, იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, კერავდნენ საქმეს. ახლა, ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ამოატივტივა ეს საქმე, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო ამოწიეს, ეტყობა, საქმე და შეგნებულად მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია.

(სპეციალურად საიტისთვის)