„ჩვენი სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა და ძლიერი პროტესტი გამოიწვია...“ - რას ამბობს ქეთევან მაჭავარიანი თეა წულუკიანის უწყებასთან დაპირისპირებაზე...
„...ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხელყოფამ, დამოუკიდებელი ჟიურის შეცვლამ, კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარებამ, კინოჟურნალზე ცენზურის დაწესებამ, დისკრიმინაციულმა სელექციურობამ პროექტების გაშუქებისას, ფილმების შეფასებისას პოლიტიკოსების მიერ საჯარო პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლამ, კინოცენტრის სოციალური მედიის გვერდის სამინისტროს მიერ მიტაცებამ, ჩვენი სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა და ძლიერი პროტესტი გამოიწვია...“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი და სცენარისტი ქეთევან მაჭავარიანი...
წულუკიანის უწყების გადაწყვეტილების შემდეგ 200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს, რის თაობაზე სასაუბროდაც ქეთევან მაჭავარიანს დავუკავშირდით...
- კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებთ... რა გახდა პირადად თქვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ბოიკოტი გამოგეცხადებინათ?
- მოგეხსენებათ, ეროვნული კინოცენტრი ერთადერთი სახელმწიფო ფინანსური წყაროა ფილმების წარმოების დასაფინანსებლად. ბოლო პერიოდში კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხელყოფამ, დამოუკიდებელი ჟიურის შეცვლამ, კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარებამ, კინოჟურნალზე ცენზურის დაწესებამ, დისკრიმინაციულმა სელექციურობამ პროექტების გაშუქებისას, ფილმების შეფასებისას პოლიტიკოსების მიერ საჯარო პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლამ, კინოცენტრის სოციალური მედიის გვერდის სამინისტროს მიერ მიტაცებამ, ჩვენი სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა და ძლიერი პროტესტი გამოიწვია. კინოცენტრში სამინისტროს მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია ადამიანი პრობაციისა და აღსრულების ბიუროდან, რაც ცალსახად არასწორია კულტურის სფეროს ინსტიტუციის მართვისას, ასევე, რეორგანიზაციის სახელით, რეალურად კი - კრიტიკული აზრის გამო, კინოცენტრიდან გაათავისუფლეს ადამიანები, დაიწყეს სამინისტროსთვის კომფორტული ადამიანებით ჩანაცვლება, მათ შორის - პროპაგანდისტული მედიის წარმომადგელი დაინიშნა საკმაოდ საპასუხისმგებლო და ძალიან სპეციფიკურ პოზიციაზე. 2 თვეზე მეტია, ვითხოვთ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩევითი პოზიცია და სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებელი, მაგრამ როგორც მოვისმინეთ, სამინისტროს არ აინტერესებს კონსესუსი, ის მხოლოდ პარტნიორს ეძებს. ამიტომ იძულებული გავხდით, პროტესტის ამ ფორმისთვის მიგვემართა.
- პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებთ... რა უნდა შეიცვალოს, რომ მიიღოთ?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არის სექტორის მიერ არჩეული დირექტორის მოსვლა კინოცენტრში, რაც იქნება ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობის გარანტია.
- რატომ თვლით, რომ კულტურის სამინისტრო რეპრესიულ პოლიტიკას ახორციელებს?
- არგუმენტები ჩამოვთვალე, რაც სამინისტროს ძალიან ხისტ და პოლიტიზირებულ მიდგომაზე მეტყველებს. ყველაფერი დაიწყო სადებიუტო ფილმების საექსპერტო ჟიურის ჩანაცვლებით, ისე, რომ მოქმედმა ჟიურის წევრებმა არც კი იცოდნენ, რომ ისინი კონკურსს ჩამოაშორეს. ასევე, კონკურსის მონაწილეებისთვის გასაუბრებამდე უცნობი იყო ახალი ჟიურის შემადგენლობა, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება კულტურის პროცესების გამჭვირვალობას. ამას მოჰყვა კინოცენტრის ჟურნალის ბოლო ნომრის ცენზურა, ჟურნალი მზად იყო გამოსაცემად, ავტორების ჰონორარი - გადახდილი. ჯერ მიზეზად ბეჭვდისათვის თანხის არქონა დაასახელეს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა ბეჭვდური მედიის პარალელურად ციფრული მედია არსებობს, უარგუმენტოდ რედაქტორს უარი ეთქვა ინტერნეტში ნომრის განთავსებაზე. ფაქტებით თავს აღარ შევაწყენ მკითხველს...
- აცხადებთ, რომ არ გსურთ, იქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს...
- კულტურის პოლიტიკაზე შემიძლია გიპასუხოთ თუნდაც მუზეუმებში განვითარებულ მოვლენების მაგალითზე, რადგან მუზეუმი არ არის მხოლოდ ადგილი სანახაობისათვის, ეს არის, პირველ რიგში, კვლევითი ცენტრი და იქიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე წამყვანი მეცნიერების გათავისუფლება და მათთვის წვდომის შეზღუდვა თუნდაც საკვლევ მასალაზე, სერიოზულ პრობლემას უქმნის არქეოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას, რესტავრაციის დარგის განვითარებას. ამ სფეროს იმიტომ შევეხე, რომ პირველი პროფესიით მეც ხელოვნებათმცოდნე ვარ, მუზეუმი ჩვენთვის სალექციო სივრცე იყო და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ჩემი პატივსაცემი პედაგოგები ჩამოაშორეს პროცესს. ისიც მინდა დავამატო, რომ ეს ადამიანები სასამართლოში წავიდნენ და მოიგეს დავების დიდი ნაწილი სამინისტროს წინააღმდეგ, თუმცა რეორგანიზაციის სახელით მათი პოზიციები გაუქმებული იყო და ისინი ვეღარ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმეს.
- "დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!" - თქვენი აზრით, როდის იყო კინოცენტრი ყველაზე მეტად დამოუკიდებელი?
-კინოცენტრი დაარსების დღიდან დამოუკიდებელი იყო. რასაკვირველია, შორს იყო იდეალურისგან, იყო მცირე და დიდი ხარვეზები. ყველა ინსტიტუცია დროსთან ერთად უნდა ვითარდებოდეს, რადგან იცვლება სექტორი და იცვლება კინოაუდიტორიაც. ეს ფონდი ფრანგული კინოფონდის მოდელით შექმნეს ისეთმა დიდმა რეჟისორებმა, როგორიცაა ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია...და მთავარი მაინც არის პრინციპი, რომ ეს ინსტიტუცია უნდა იყოს სამინისტროსგან დამოუკიდებელი. და კიდევ ერთი - რასაკვირველია კინო და ხელოვნების ნებისმიერი დარგი არის პოლიტიკური, რადგან ხელოვნება დაკავშირებულია საზოგადოებასთან, არის პირდაპირი რეფლექსია არსებული პრობლემებისა და ამ პროცესის შედეგად შექმნილი პროდუქტი არის განკუთვნილი საზოგადოებისათვის, ხალხისათვის.
- დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა... მის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ყველა პრობლემა?
- ეს პროცესები ნელ-ნელა მწვავდებოდა და საბოლოოდ, დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებლის დანიშვნას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. კინოცენტრის ფეისბუქ-გვერდზე სამინისტრომ შეუთანხმებლად დადო პოსტი, რომლის პათოსსაც თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა არ ეთანხმებოდა. მეორე დღესვე ამას მოჰყვა თანამშრომელთა გათავისუფლება, რეორგანიზაციის სახელით, რაც უკვე ბოლო დროს კულტურის სფეროში აპრობირებულ მეთოდად იქცა. რომელიმე ადამიანის წარსული საქმიანობა კი არ არის ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, არამედ ის, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ადამიანების მეშვეობით სექტორის სასურველ ჩარჩოებში მოქცევა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს აჩენს.
(სპეციალურად საიტისთვის)