"საქართველოს პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო კანონების მიმღებ ორგანოდ იქცა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო კანონების მიმღებ ორგანოდ იქცა"

27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა ჩამოერთვა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამ საკითხზე გვესაუბრება ადვოკატი ეკა ბესელია:

- ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის გამაუქმებელი პრეზიდენტის აქტის უკანონობა სასამართლომ დაადასტურა, რაც დიდი გამარჯვება იყო ჩვენთვის. ეს არ არის მარტივი საკითხი, ჩვენ წინ მოსამართლის სახით მიხეილ სააკაშვილი იჯდა და სწორედ მის წინააღმდეგ გამოვდიოდით. უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ დამტკიცდა აქტის უკანონობა ერთ ნაწილში, რაც მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასაც. ამით ვამტკიცებთ, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური დევნის გამო მიიღო ივანიშვილსთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება. პოლიტიკური დევნის მაგალითად გამოდგება ის არგუმენტები, რომლებითაც ჩვენ გავაუქმებინეთ სასამართლოს პრეზიდენტის განკარგულება ეკატრინე ხვედელიძის მოქალაქეობის გაუქმების თაობაზე. ეს მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ბრძოლა ზემდგომ ინსტანციასა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

- რა გზა არსებობს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა?

- სამართლებრივი. უპირველესად ბიძინა ივანიშვილის სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო ინსტანციაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შანსი ვადაზე ადრე, ანუ აქ პროცესის დასრულებამდე მოვამზადოთ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის და გავასაჩივროთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ უარი გვითხრა პრეზიდენტის მიერ გამოცემული სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე, ვიდრე დასრულდებოდა სასამართლო დავა. ეს მოთხოვნა სასამართლში მაშინ შევიტანეთ, როდესაც პირველად შევიტანეთ სარჩელი. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსამართლე გეწაძემ უარი თქვა, უარი თქვა ასევე სააპელაციო სასამართლომაც. თუმცა დღეს უკვე დადასტურდა, რომ ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში აქტი უკანონო იყო. ჩვენ შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლლოში როგორც ხვედელიძის, ასევე ივანიშვილის სახელით გავასაჩივროთ, რაც მოგვცემს საშუალებას, დროულად დავიწყოთ ევროპის სასამართლოში პროცედურები. არსებობს სხვა გზაც: კანონით მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ნატურალიზაციის გზითაც, ანუ თუ პირი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. უფრო სწორად, შეიძლება იყოს კიდეც უცხო ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ თუ უარს ამბობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, მის შეწყვეტამდე შეუძლია მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა და მიიღოს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დასრულდება. ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა უკვე შეუწყდა, შესაძლოა, მოვითხოვოთ საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტაც, თუმცა ჯერ ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზდეს და დაიგეგმოს. ასე რომ, გზები არსებობს, მთავარია, ხელისუფლებამ არ შექმნას ხელოვნური ბარიერები. ივანიშვილის მოქალაქეობის მიღებას აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ ამას სჭირდება დრო და იმ პრობლემების დაძლევა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქმნის.

- რა გარანტია არსებობს იმისა, თუ ივანიშვილი უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე, საერთოდ არ მოუწიოს საქართველოს დატოვებამ?

- გარანტია კანონია, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის გარანტია, რომ ხელისუფლება კანონს არ დაარღვევს. ვიცით, რომ ბარიერებს ხელისუფლება მუდმივად შექმნის. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, უბრალოდ სწორად უნდა გაანალიზება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორმე ჩამოაშორის პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხოს. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილისთვის კანონი ის არის, რაც მას სურს და არა ის, რაც იქ წერია. არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელი შეეშალოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში. თუ სააკაშვილი თავს ისევ კანონზე მაღლა დააყენებს, ასეთ შემთხვევაში ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მაინც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, რადგან ჩვენს მხარეს სიმართლეა, რაც აღემატება სააკაშვილის მთელ ძალაუფლებას.

- ქალბატონო ეკა, დეპუტატი კობა ხაბაზი გამოვიდა ინიციატივით, რომ სააარჩევნო კოდექსში ახლახან შეტანილ ცვლილებებს ჰქონდეს უკუქმედების ძალა და იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსების უფლება კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე აეკრძალოთ; თუ დღემდე რომელიმე იურიდიულმა პირმა დააფინანსა რომელიმე პარტია, მას ეს თანხები უკან უნდა დაუბრუნდეს. ეს სამართლებრივად გამართლებულია?

- კანონს არ შეიძლება ჰქონდეს უკუქმედების ძალა, თუ ის ამძიმებს ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამას აღიარებს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამართალი. კობა ხაბაზს წარმოდგენა არა აქვს იურისპრუდენციაზე, მისთვის კანონი და სამართალი ჩინური ენაა. მის განცხადებებზე სერიოზული  კომენტარი არც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თუ ის ახმაურებს ხელისუფლების სურვილს, მაშინ საქმე გვაქვს მორიგ მზაკვრულ გეგმასთან, რაც დიდად არ მიკვირს. საქართველოს პარლამენტი ბიძინა ივნიშვილის საწინააღმდეგო კანონების მიმღებ ორგანოდ იქცა. შესაბამისად, მე კიდევ ბევრ უკანონობასა და ზღვარგადასულ უსინდისობას ველი ხელისუფლებისგან. ის, რასაც კობა ხაბაზი ამბობს, სამართლებრივად დაუშვებელია.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)