"შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ"
შოვის ტრაგედიის ექო სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. ამ დროისთვის 29 გარდაცვლილია ნაპოვნი, 4-ს ეძებენ. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა. საზოგადოება შეძრა კადრებმა სტიქიის ზონიდან, სადაც ამ თოჯინით ხელში მაშველებს ესაუბრება.
სოფელ ღარის რწმუნებული ონში, ლევან არჩვაძე:
- ნატო ჩვენს სოფელში გაზრდილი გოგონა იყო, ძალიან თბილი და კეთილი. ზოგადად, მთელი ოჯახი მოსიყვარულე ხალხია. ნატოს და-ძმა ჰყავს. აქამდე ეს ხალხი ბედნიერი იყო, ხარობდნენ ნატოს ანგელოზებით. ულამაზესი ბავშვები ჰყავდა ამ გოგოს, ახლა კი არ ვიცი, რა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა ამ ოჯახს, ყველა მათ ჭირისუფალს, ვინც აქ დაიღუპა... მთელი რაჭა თითქოს სიკვდილმა დაამუნჯა. შოვი შესძულდა ხალხს. ადრე ადგილობრივებისათვის ეს ადგილი უძვირფასესი იყო, მაგრამ ახლა ხალხი ამბობს, შოვისკენ აღარასოდეს მივიხედავთ, იქ სიკვდილიაო.
ნატო ჭელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა ჩვენთან ხანმოკლე საუბარი შეძლო:
- საუბარი მართლაც მიჭირს. ამ ტრაგედიის დროს მივხვდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, თითქოს, თავადაც კვდები. ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც - გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი.
- არ ვიცი, როგორ მოგისამძიმროთ, რა სიტყვებით. ან იმ კაცს რა ანუგეშებს, შვილს შოვში მაშველებთან ერთად რომ დაეძებს.
- მეც არ ვიცი, რა ვთქვა… სიტყვები ვერ აღწერს, რაც მისი დანახვისას მემართება. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება.
ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ.
( სპეციალურად საიტისთვის)