"სულ მაბრაზებდა და ასე გავუკეთე, ავდექი და მოვკალიო...ძალიან აგრესიული იყო, ცოლზე ეჭვიანობდა და..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ხანდაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე?
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში მკვლელობა მოხდა. 76 წლის თამაზ სიმონიშვილმა მეუღლე, 65 წლის დალი სიმონიშვილი ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მოკლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე დააკავეს ბრალდებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა დანით მოხდა და პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით მკვლელობის იარაღი - დანა უკვე ამოიღო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცოლ-ქმარი ადრეც ჩხუბობდა და მათი სახლიდან კონფლიქტი ხშირად ისმოდა.
"სოფლის შესასვლელში ცხოვრობენ ისინი. ადრე თბილისში ცხოვრობდნენ და ბოლო პერიოდში გადმოვიდნენ სოფელში, თამაზ სიმონიშვილია დაკავებული მამაკაცი. ორივე პენსიონერია, მოკლულს დალი ერქვა. ერთი ვერსიით, მიზეზად ეჭვიანობა დასახელდა. ცოტა უცნაური ადამიანები იყვნენ, მეზობლებთან დიდად კონტაქტურები არ იყვნენ. მხოლოდ შორიდან ვესალმებოდი. ერთადერთი მაღაზიაში თუ გამოვიდოდნენ. ძირითადად მარტო ცხოვრობდნენ, შვილიც მინახავს სახლიდან გამოსული. როგორც ვიცი, შვილი სოფელში არ ცხოვრობს. ამბობენ, დანით მოკლა და მერე მიცვალებულისთვის თვალებიც დაუთხრიაო. არამდგრადი ფსიქიკის ადამიანი იყო, სხვა დეტალი არ ვიცი. პოლიცია იქ არის და შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია. სამწუხაროა რაც მოხდა",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
როგორც ირკვევა, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს. ჩხუბის ხმაზე მათტან სახლში მეზობელი შევიდა და მან ნახა ძირს დაგდებული, სისხლში მოსვრილი ქალი. ` ხმაურზე მივედი იქ, მე როდესაც მივედი ქალი ძირს ეგდო, სისხლში ცურავდა, უკვე დარტყმული ჰქონდა დანა. კაცმა მითხრა, მიდი, მგონი მოვკალიო. ეს რა გააკეთე-მეთქი, სულ მაბრაზებდა და ასე გავუკეთე, ავდექი და მოვკალიო. ეჭვიანობდა ეს კაცი ამ ქალზე და ხშირად ჰქონდათ უსიამოვნება. ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა. იმ დილითაც ჰქონიათ კონფლიქტი, იმ დროს მათი ბიჭიც სახლში ყოფილა, მერე ეტყობა დაწყნარდნენ და ბიჭი წასულა და ამის მერე ეს მოხდა. ამ ამბის შემდეგ როცა მივედი, კაცი თავს დასტრიალებდა, ქალმა ქმარს უთხრა - წადი თავი დამანებეო და ამის მეტი არაფერი უთქვამს, ვეძახე, დალი, დალი,- მეთქი, მაგრამ დაიღუპა. ერთ სიტყვა ეგ თქვა და მაშინვე დაიღუპა. სახლის წინ ბეტონზე ეგდო საწყალი ქალი. სულ უსიამოვნება ჰქონდათ, რამდენჯერმე წაიყვანა პოლიციამ მამაკაცი, საგიჟეთშიც ჰყავდათ, ცოტახნით უმკურნალეს და მერე ისევ გამოუშვეს. ამის გამოშვება არ შეიძლებოდა, ძალიან აგრესიული იყო, ცოლზე ეჭვიანობდა და ეს უბედურება დატრიალდა", - ამბობს მეზობელი, ქალბატონი ეთერი.
როგორც ის ამბობს, ქალს სახის არეში აქვს დაზიანება მიყენებული.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, 76 წლის თამაზ სიმონიშვილი ცოლის მკვლელობისთვის უკვე დაკავებულია. ალბათ მასაც ჩაუტარდება ექსპერტიზა და გაირკვევა იყო თუ არა შეურაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
(სპეციალურად საიტისთვის)