"ჩემი ძმა შეიპარა აეროპორტში და რუსეთის ბალანსზე მყოფი ვერტმფრენი მოიტაცა" - შავი პოლკოვნიკი:გმირი მფრინავი კახეთიდან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის სასაფლაოს შესასვლელთან ათწლეულებია დგას სამხედრო ვერტმფრენი. ის ვახტანგ გორგასლის ორდენის პირველ კავალერს, ომში დაღუპულ მფრინავს, ამ სოფლის მკვიდრ ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძეს მეგობრებმა დაუდგეს. გიორგეთში ახლა ჯიმშერის ძმის, ჯუმბერ მაისურაძის ოჯახი ცხოვრობს. მეგზურობაც მან გაგვიწია და ომში დაღუპული ძმის შესახებ საინტერესო, აქამდე უცნობ ისტორიებსაც მოგვიყვა.
სოფელ გიორგეთიდან დიდ ავიაციაში
- ჩემი ძმა ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. 7-8 წლის ყოფილა, უკვე მფრინავობაზე რომ ოცნებობდა. იმ დროს სოფელ აფენში აეროდრომი იყო. გაიპარებოდა სახლიდან და თვითმფრინავების აფრენა-დაჯდომას ინტერესით უყურებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა საავიაციო სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ მშობლებმა რუსეთში სასწავლებლად წასვლა არ ურჩიეს, რისკიანი პროფესიაა, ეშინოდათ, არაფერი მოსვლოდა. მაინც გაიპარა, ჩააბარა საავიაციო სასწავლებელში და მშობლებს დეპეშით აცნობა, კურსანტი ჯიმშერ მაისურაძე ჩაირიცხა სამხედრო საავიაციო სასწავლებელშიო. მამაჩემი გაგიჟებულა, მაგრამ რაღას იზამდა. ჯიმშომ წარჩინებით დაამთავრა საფრენოსნო სასწავლებელი. 1500 საუკეთესო მფრინავიდან 25 აარჩიეს და ვიეტნამში წაიყვანეს. ერთ-ერთი ჩემი ძმა იყო. 30-მდე გაფრენა შეასრულა, მაგრამ ომს ხიფათი ყოველთვის თან სდევს, მის თვითმფრინავს რაკეტა ესროლეს, კატაპულტირების დროს კი ჩემს ძმას ხერხემალი დაუზიანდა, რის შემდეგაც მისი სამხედრო ავიაციაში სამსახური აღარ შეიძლებოდა. გადამზადება გაიარა და სამოქალაქო ავიაციაში გადავიდა. ამის გამო ჯიმშო გულდაწყვეტილი იყო.
-0:01 ჩემი ძმა ერთხანს რუსეთში, ბერიოზოვის ოლქში მუშაობდა. გვეუბნებოდა, ვერტმფრენით საქართველოში არ დაიკარგები, კავკასიონის ქედს გაუყვები და დასაჯდომს მაინც ნახავ, მაგრამ რუსეთში, თუ მაგარი მფრინავი არა ხარ, შეიძლება დაიკარგოო. ყოფილა შემთხვევები, როცა ნისლში სხვა ვერტმფრენი დაკარგულა და ჩემს ძმას გამოუყვანია სამშვიდობოს. ღამით ფრენა რთულია და სპეციალური უფლების მოპოვებაა საჭირო. ჩემს ძმას კი ღამით ფრენა კარგად შეეძლო. სპიტაკში დამანგრეველი მიწისძვრა რომ მოხდა, ჩემი ძმა მედიკამენტებითა და ექიმებით სპიტაკში ღამით პირველი ჩაფრინდა. მერე სპიტაკის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს და დიდ პატივს სცემდნენ.
საქართველოში დაბრუნება
- მშობლები ეხვეწებოდნენ, დაბრუნდი და ოჯახი შექმენიო. იმ დროს რუსეთში უკვე სამოქალაქო ავიაციის ესკადრილიის მეთაური იყო, მაგრამ დაბრუნდა და ჩვენს თანასოფლელზე, ნათია გუბერიძეზე იქორწინა. მუშაობა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში გააგრძელა. მალე აქაც ესკადრილია ჩააბარეს. ნერვიულობდა, ხელმძღვანელ პოსტზე ფრენა ხშირად აღარ მიწევს, ცაში მინდა ყოფნაო.
აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, დღე და ღამე, შეუსვენებლად დაფრინავდა. მისი ფრენის საათები რომ დათვალეს, გაოცდნენ, როგორ შეძლო ამდენიო. ბევრი ადამიანი ჰყავს სიკვდილს გადარჩენილი.
გასული საუკუნის 80-იან წლებში შავ ზღვაზე შტორმი დაიწყო და მეთევზეების გემი იძირებოდა. მაშინ საქართველოში რუსული ჯარი იდგა, რომელსაც ავიაციაც ჰქონდა, მაგრამ დახმარებაზე უარი განაცხადეს, ძლიერი ქარია და ვერ გავრისკავთო. ჩემი ძმა სამოქალაქო ვერტმფრენით გაფრინდა და 17 კაცი გადაარჩინა.
ჯიმშოს ვერტმფრენის ხმას რომ გავიგონებდი, მთელი სოფლის ბავშვები გავრბოდით შესაგებებლად და ვყვიროდით, ჯიმშო მოდის, ჯიმშო მოდისო. სოფლის თავში, მინდორში სვამდა ვერტმფრენს. ერთხელ ჩვენს ბოსტანშიც დასვა. ერთხელაც ბავშვები რომ მივეგებეთ, გვითხრა, ლაგოდეხში, შავ ტბაზე მივდივარ და წაგიყვანთო. შუა გზიდან ვერტმფრენმა მიმართულება შეიცვალა და თბილისისკენ გავფრინდით. ამ დროს მე ფეხშიშველი ვარ, დროულად რომ მივსულიყავი ძმასთან, გამწარებული გავრბოდი და ფეხზე ჩუსტები გამძვრა. ჯიმშომ გვითხრა, ხულოში კლდე აუფეთქებიათ, გეოლოგს თავში ნამსხვრევი მოხვედრია, თბილისიდან ექიმი უნდა ჩავუყვანოთო. ვერტმფრენში ექიმები რომ ამოვიდნენ, შიშველი ფეხები სად დამემალა, აღარ ვიცოდი. კლდეზე, სადაც დაზარალებული გეოლოგი იყო, ვერტმფრენის დაჯდომა არ ხერხდებოდა, მაგრამ ჩემმა ძმამ ცალ ბორბალზე დასვა და ამოიყვანეს დაჭრილი. სოფლის ბავშვები გვიან დაგვაბრუნა სახლებში.
ერთხელაც თუშეთში ანძას დგამდნენ. ჩემი ძმა იქ მიდიოდა და სოფლის ბავშვებიც გაასეირნა. გვიან საღამომდე აღარ გამოჩნდნენ. მაშინ მობილური ტელეფონი არ არსებობდა და ბავშვების მშობლები წრიალებდნენ, ხომ არაფერი დაემართათ, რატომ დაიგვიანესო. ჯიმშომ დაათვალიერებინა თუშეთი, აქეიფა პატარა თანასოფლელები და დააბრუნა სახლებში. მეამაყებოდა, ასეთი ძმა რომ მყავდა.
80-იან წლებში ჯიმშოს თანაკლასელმა სოფელში სახლი ააშენა, მაგრამ უსახსრობის გამო გადახურვა ვეღარ შეძლო. სადაც იყო თოვლი მოვიდოდა. ჯიმშოს ჩაუსვამს თანაკლასელი ვერტმფრენში, გადასახური მასალით დაუტვირთია ვერტმფრენი და ასე გადაახურვინა ბავშვობის მეგობარს სახლი.
როგორ დაასრულა ,,სიცოცხლე" თელავის აეროპორტიდან მოპარულმა ვერტმფრენმა
- 1991 წლის დასაწყისი იყო. შვეიცარიელებმა მოწვევა გამოუგზავნეს და ცოლ-შვილით უნდა წასულიყო. სწორედ ამ დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ჩემი ძმაც საქართველოში დარჩა, ახლა ვჭირდები ჩემს ქვეყანას და ვერ ვუღალატებო. ომი რომ დაიწყო, ჯიმშო მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი იყო. კოსტავას საზოგადოებას ვერტმფრენს ვინ მისცემდა, არადა, სჭირდებოდათ. ერთ დღესაც ჩემი ძმა შეიპარა თელავის აეროპორტში და რუსეთის ბალანსზე მყოფი Ми-8 ტიპის ვერტმფრენი მოიტაცა, თბილისის ყოფილ 31-ე ქარხანაში გაუკეთეს თუნუქის აბჯარი და ტყვიამფრქვევიც დაუყენეს.
სამაჩაბლოს ომში რუსებს ტყვია-წამალი როკის გვირაბით შემოჰქონდათ, ამიტომ გზის ჩახერგვა გახდა საჭირო. დაზვერვამ გაარკვია, რა დროს მოფრინავდა მოწინააღმდეგის ვერტმფრენი, როგორ იყო შეღებილი, რა ეწერა და ა.შ. ოპერაციის წინა საღამოს, მოპარული ვერტმფრენი იმავე ფერად ანალოგიურად გადაღებეს. მოწინააღმდეგის თვითმფრინავის შემოფრენას რამდენიმე საათით დაასწრეს, მიფრინდნენ როკის გვირაბთან და ჭურვები ჩაყარეს. მართალია, ვერ შეძლეს გვირაბის დანგრევა, მაგრამ როდესაც მათი თვითმფრინავი შემოფრინდა, რუსებს კვლავ გადაღებილი Ми-8 ეგონათ და სინამდვილეში კი თავიანთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ამას წინათ სამაჩაბლოს პირველი ომის ერთმა მონაწილემ მითხრა, შენმა ძმამ ისეთი ალყიდან გამოგვიყვანა, გადარჩენის შანსი რომ არ გვქონდა, ცეცხლის წვიმაში შემოვიდა და წაგვიყვანაო. როდესაც სამშვიდობოს გავედით, მერე დავინახეთ, ვერტმფრენის ავზი ისე იყო დახვრეტილი, საწვავი წვიმასავით ასხამდაო. ეს ერთადერთი ვერტმფრენი იყო, რომლითაც მაშინ ტრანსპორტისთვის მიუდგომელ ადგილებში ქართველ მებრძოლებს საკვები და ტყვია-წამალი შეჰქონდათ.