ამერიკული F-16 VS რუსული Су-35 - ვინ ვის მოუგებს უკრაინის ცაში? - კვირის პალიტრა

ამერიკული F-16 VS რუსული Су-35 - ვინ ვის მოუგებს უკრაინის ცაში?

ნახევარწლიანი ყოყმანისა და გაჯანჯლების შემდეგ, დასავლეთი ბოლოს და ბოლოს დაყაბულდა უკრაინისთვის F-16 Fighting Falcon ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე.

თუმცა, ეს პროცესი არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში გაიჭიმება, სანამ ნიდერლანდები სავარაუდოდ 42 ერთეულ F-16 -ს(მათგან საფრენოსნო მდგომარეობაში მხოლოდ 18-ია, 24 თვითმფრინავი კი არ დაფრინავს, თუმცა შეიძლება გამოყენებული იქნეს სათადარიგო ნაწილებად), ხოლო დანია კი 19 ასეთივე „მებრძოლ შევარდენს“ გადასცემენ.

ეს თითქმის ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი გამოყენებული იქნება უკრაინელი სამხედრო მფრინავებისთვის საავიაციო ინგლისური ტერმინოლოგიის შესასწავლად, ახალი თვითმფრინავის მართვაზე გადასასწავლებლად, „შევარდენის“ შეიარაღების-საავიაციო ქვემეხის, რაკეტების, ბომბების გამოსაყენებლად, ხოლო პარალელურ რეჟიმში სწავლებას გაივლის სახმელეთო საინჟინრო შემადგენლობა F-16 -ების უკრაინულ აეროდრომზე ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად, თავად ამ უკრაინულ აეროდრომებზეც მომზადდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა F-16 -ების საექსპლუატაციოდ...

მოკლედ, საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, სანამ დასავლური F-16 -ები უკრაინის ცაში გამოჩნდებიან, თუმცა არანაკლებ 8 უკრაინელი სამხედრო მფრინავი, რომლებიც უკვე კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, გადამზადების ინტენსიურ კურსს, სავარაუდოდ, ცალკე გაივლიან და მათ შეიძლება წლის ბოლომდეც გადაეცეთ 6 „შევარდენი“ იმ 19-იდან, რასაც დანია შეპირდა კიევს.

მოკლედ, პირველი F-16 -ების გამოჩენა უკრაინის ცაში შეიძლება ამ წლის ბოლომდეც კი ვიხილოთ, შესაბამისად არაა გამორიცხული საჰაერო ორთაბრძოლების გამართვაც, მაგრამ ვის შეიძლება შეებრძოლონ უკრაინელების F-16 -ები?

3-1692782285.png
F-16 და Су-35-ის წინამორბედი Су-27 წყვილში ფრენის დროს...

დიდი ალბათობით,ესენი შეიძლება რუსული Су-35-ები გახდნენ...

მკითხველს უყვარს ასეთი შეჯიბრი-ვინ ვის გაასწრებს სირბილში, ვინ ვის მოუგებს ფეხბურთში და...ვინ ვის ჩამოაგდებს უკრაინის ციდან, მაგრამ სამხედრო ავიაციაში ცოტათი გათვიცნობირებეულიც კი მაშინვე კითხვას დამისვამს-პატივცემულო, ბლოგის ავტორო, ხომ არაფერი გეშლებათ-სად 12 ტონიანი და ერთძრავიანი ამერიკული F-16 და სად 34 ტონიანი ორძრავიანი რუსული Су-35, ისინი ხომ სხვადასხვა კლასის საბრძოლო თვითმფრინავები არიან, როგორ შეიძლება მათი შედარება, განა უპრიანი არ იქნება F-16 -ი МиГ-29-ს შევადაროთ, ისინი თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით ხომ უფრო ახლოს დგანანო...

მკითხველი, რა თქმა უნდა მართალი იქნება, ოღონდ...არც მე ვცდები იმ უბრალო თუ მნიშვნელოავანი მიზეზის გამო, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინასთან ომში საერთოდ არ იყენებენ... МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებს (ამ ომში ჩამოგდებული არანაკლებ 85 რუსული სამხედრო თვითმფრინავიდან არც ერთი МиГ-29 არ არის, მაშინ, როდესაც ჩამოგდებულთა სიაშია 4 ერთეული Су-35, 11 ერთეული Су-30, 20 ცალი Су-34) და შესაბამისად, უკრაინისთვის F-16 -ების გადაცემის შემდეგ, მათ საჰაერო ორთაბრძოლების შანსი ყველაზე მეტად სწორედ რუსულ Су-35-ებთან ექნებათ, რომელიც რუსეთის ყველაზე თანამედროვე სერიული წარმოების გამანადგურებელს წარმოადგენს...

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Су-35-ი ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების არსენალში, ის სხვა არაფერია თუ არა...იმ საბჭოთა Су-27-ის მორიგი მოდიფიკაცია, რომელიც გასული საუკუნის 1970-80 წლების მიჯნაზე გამოჩნდა და შესაბამისად, ის შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული F-16 -ის თანაწლოვანად.

საქმე,ის არის,რომ 1970-იან წლებში, აშშ-ში და საბჭოთა კავშირში არსებობდა მძიმე და მსუბუქი გამანადგურებელი თვითმფრინავების დუეტში გამოყენების კონცეფცია, რის საფუძველზე ამერიკელმა შექმნეს მძიმე ორძრავიანი F-15 და მსუბუქი ერთძრავიანი F-16, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი ორძრავიანი მსუბუქი МиГ-29 (უბრალოდ, საბჭოთა კონსტრუქტორებს არ ჰქონდათ ისეთი მძლავრი ტურბორეაქტიული ძრავა, რომ ამ თვითმფრინავზე მხოლოდ ერთი დაეყენებინათ) და ორძრავიანი მძიმე Су-27.

მსუბუქი გამანადგურებლების მთავარი საბრძოლო ამოცანა გახლდათ ფრონტის ხაზის რაიონში საჰაერო ორთაბრძოლებში მოეპოვებინათ გამარჯვება, შესაბამისად მათ საფრონტო გამანადგურებლად მოიხსენიებდნენ, ხოლო მძიმე გამანადგურებლების პილოტებს საჰაერო ბრძოლები ფრონტის ხაზის სიღრმეშიც უნდა გაემართათ, ბევრად უფრო შორსმოქმედი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების გამოყენებით.

შემდგომ წლებში, როდესაც ძალზე დაიხვეწა და მინიუტარიზაცია განიცადა საბორტე რადიოელექტრონულმა აპარატურამ და რადიოლოკატორებმა, შესაძლებელი გახდა წმინდა გამანადგურებლის შესაძლებლობებს დამატებოდა სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების ზუსტად დაზიანებაც, ანუ ამერიკულმა F-15-მა და F-16 -მა თანდათანობით შეიძინეს მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების ფუნქციებიც-შეეძლოთ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტებით მანევრირებად საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლაც და „ჰაერი-ხმელეთი“, „ჰაერი-რადიოლოკატორი“ და „ჰაერი-ხომალდი“ კლასის მართვადი რაკეტებითა და საავიაციო ბომბებით მიწაზე, როგორც უძრავი(მაგალითად შტაბები და რადიოლოკატორები),ისე მოძრავი(ტანკები,ჯავშანმანქანები) სამიზნეების,ა სევ მცურავი საშუალებების ზუსტად დაზიანება.

4-1692782285.jpg
F-16-ის ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მისი მფრინავი ტრადიციული მართვის საჭის ნაცვლად, მარჯვნივ დაყენებულ ჯოისტიკს იყენებს...

ჯერ საბჭოთა კავშირში დაიწყო და შემდეგ რუსეთმა გააგრძელა მცდელობა ანალოგიური მოდიფიკაციები ჩაეტარებინა МиГ-29-ისა და Су-27-ისთვის, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაეწელათ და მხოლოდ 2010 წლებისთვის შეძლო Су-27-ის ბაზაზე შეექმნა ორადგილიანი Су-30 და Су-34-ები, რომლებსაც „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის მართვადი იარაღის გამოყენება შეეძლოთ.

კიდევ უფრო მოგვიანებით დაიწყო Су-27-ის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის- Су-35-ის სერიული წარმოება, რომელიც უახლოვდება ამერიკული F-15-ის იმ მოდიფიკაციებს,რომლებსაც პენტაგონი ჯერ კიდევ ერაყსა და ავღანეთში იყენებდა.

თუმცა იმის გამო, რომ უკრაინელებს ამერიკელები F-15-ებს ნამდვილად არ გადასცემენ, უკრაინის ცაში ყველაზე რეალურად სწორედ F-16 -ისა და Су-35-ების „შეხვედრები“ მოჩანს, მაგრამ რომელ მათგანმა შეიძლება გაიმარჯვოს ამ საჰაერო ორთაბრძოლებში?

ეს ძალზე რთული სათქმელია, რადგან ისეთი შთამბეჭდავი, ახლო საჰაერო ბრძოლები, როგორც ეს მკითხველს მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმებში უნახავთ, უკრაინის ცაში ძნელად თუ გაიმართება, რადგან როგორც F-16 -ის, ისე Су-35-ის პილოტები ეცდებიან, რაც შეიძლება შორი დისტანციიდან რადიოლოკაციური დამიზნების „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების გამოყენებით ჩამოაგდონ მოწინააღმდეგე და ის ახლოს არ მიუშვან.

5-1692782285.jpg
F-16 „ჰაერი-ჰაერი“ კლასის AIM-120 AMRAAM ტიპის მართვადი რაკეტის გაშვების მომენტში...

ეს დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:

პირველი-საჰაერო სიტუაციის ანალიზი და მართვა ანუ რომელი მხარეც უკეთესად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს სახმელეთო და საჰაერო ბაზირების რადიოლოკატორებით, ადრეულად აღმოაჩენს მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეებს და მათზე სწრაფად გაიყვანს თავის გამანადგურებლებს, მეტი შანსი ეძლევა გამარჯვების.

მეორე-რომელი გამანადგურებლის საბორტე რადიოლოკატორი უფრო ძლიერია და რაც უფრო შორს და მეტ საჰაერო სამიზნეს ხედავს.

მესამე-ახლო, საშუალო და შორი მოქმედების სითბური და რადიოლოკაციური(როგორც ნახევრადაქტიური,ისე აქტიური) დამიზნების საბორტე „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების დიდი არსენალი.

მეოთხე-საბორტე რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული მართვადი რაკეტების დამიზნების სისტემების(როგორც სითბურ,ისე რადიოლოკაციურ დიაპაზონებში) ჩასახშობად.

მეხუთე-საბრძოლო თვითმფრინავის მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები-ფრენის სისწრაფე,სიმაღლე, დიდი სიჩქარის სწრაფად „აკრეფვის“ უნარი,საწვავის მარაგი,მანევრირება...

6-1692782285.jpg
რუსული შორი მოქმედების რაკეტა Р-37М -ი, Су-35-იდან სტარტის დროს...

მეექვსე და შეიძლება ყველაზე მთავარიც-თავად მფრინავის მომზადების დონე და რისკზე წასვლის საბრძოლო ჟინი...

უკრაინისთვის შეპირებული ნიდერლანდური და დანიური „შევარდნები“ 1980-იანი წლების ბოლოსაა გამოშვებული, მაგრამ მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ისინი მაღალი საბრძოლო შესაძლებლობებით გამოირჩევიან, რადგან გავლილი აქვთ Mid-Life Update (MLU) პროგრამით მოდიფიცირება და იწოდებიან, როგორც F-16AM/BM Block 20 MLU, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ავიონიკითა და საბორტე რადიოლოკატორით შეესაბამებიან „შევარდენის“ ბევრად თანამედროვე მოდიფიკაციას F-16C/D Block 50/52-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევისთვის გადაცემულ „შევარდენს“ რუსული 35-ის აღმოჩენა ცაში არანაკლებ 250 კმ-ის სიშორიდან შეეძლება, ხოლო საშუალო სიშორის მოქმედების „ჰაერი-ჰაერი“ კლასის AIM-120 AMRAAM ტიპის მართვადი რაკეტის გამოყენება კი 120-180 კმ მანძილზე(გამომდინარე ამ რაკეტის მოდიფიკაციიდან).

რუსულ Су-35-ს ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორი უყენია, რომელსაც F-16 -ის ზომის საფრენი აპარატის აღმოჩენა არანაკლებ 250-270 კმ-ის სიშორიდან ძალუძს, რის შემდეგაც შეუძლია გამოიყენოს Р-37М ტიპის შორი მოქმედების „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 200 კმ-ს უახლოვდება.

როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგე მხარეების საბორტე რადიოლოკატორების და მთავარი „კალიბრის“ რაკეტების ტექნიკური შესაძლებლობები თითქმის ერთნაირია და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საჰაერო მოწინააღმდეგის დროულად აღმოჩენა და მფრინავის ოსტატობა.

თუკი შორი და საშუალო სიშორის რაკეტები მათ ერთმანეთს ააცილეს, მაშინ საქმე შეიძლება მართლაც მივიდეს ახლო საჰაერო ბრძოლაზე, სადაც საქმეში ახლო სიშორის სითბური დამიზნების რაკეტები და საავიაციო ქვემეხებიც კი ჩაერთოს.

რუსულ Су-35-ს რეაქტიული ძრავების საქშენები მოძრავი აქვს, რაც მის მანევრირებას ზრდის, თუმცა არანაკლები მანევრირებით გამოირჩევა ბევრად მსუბუქი F-16 -ც და რუს პილოტს შეიძლება ვერც ასე გაპიარებულმა „პუგაჩოვის კობრამ“ უშველოს, როდესაც ჰაერში თვითმფრინავის ცხვირის სწრაფად მაღლა აწევით, მისი ელვისებური დინამიკური დამუხრუჭება ხდება და მდევარი მოწინააღმდეგის გამანადგურებელი წინ ჩაუქროლებს, რითაც შეიცვლება როლები(სხვათაშორის ამ ბლოგის ავტორმა 2001 წელს ლე ბურჟეში გაიცნო „პუგაჩოვის კობრას“ შემსრულებელი რუსი მფრინავი-გამომცდელი ვიქტორ პუგაჩოვი და ჩვენი „სკორპიონი“ დაათვალიერებინა).

უკრაინის საჰაერო ძალების განკარგულებაში არანაკლებ 4-6 საავიაციო ესკადრილია მაინც უნდა ჩამოყალიბდეს, თითოული 18 F-16 -ის შემადგენლობით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საავიაციო შემადგენელ ნაწილში უკრაინელებმა რუს ოკუპანტებთან ერთგვარ პარიტეტს მიაღწიონ.

F-16 -ების გამოჩენა უკრაინის გენშტაბს საშუალებას მისცემს ისინი გამოიყენოს არა მარტო საჰაერო თავდაცვისა და ფრონტის ხაზის თავზე საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად, არამედ „ჰაერი-ხმელეთი“, „ჰაერი-რადიოლოკატორი“ და „ჰაერი-ხომალდი“ მართვადი რაკეტებისა და ბომბების მიზანში ზუსტად მოსახვედრადაც, რამაც შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამ ომის შემდგომ პროცესზე...

P.S. ისე მოხდა, რომ ამ სტატიაში ნახსენებ ყველა საბრძოლო თვითმფრინავთან МиГ-29,Су-27, Су-30, Су-34 -თან სხვადასხვა დროს ახლო შეხება მქონდა-მათი გარედან დეტალურად დათვალიერებისა და მფრინავის კაბინებში ჩახედვით (თუმცა Су-34 -ის კაბინაში არ ამიშვეს ვიდეოკამერით და თანაც უკან მომაყოლეს: დადიან აქ ვიღაცეები და მერე ჩვენი თვითმფრინავები ძირს ცვივაო!), ამერიკულ F-16-ს კი 2001 წელს ლე ბურჟეს ავიაკოსმოსურ სალონზე „გავეცანი“, Су-35-თან კი ჯერ შეხება არ მქონია...

ამ საბრძოლო თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის მომენტი, რეაქტიული ძრავების ყურიწამღები ფორსაჟი და დაბალ სიმაღლეზე შესრულებული გასაოცარი საჰაერო პირუეტები-მართლაც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ სრულიად სხვა იყო, როდესაც 2008 წლის 20 მაისს ერაყში, ალ-კუტის გზაზე, როდესაც ჩვენი „ჰამვების“ კოლონის პირველი ჯავშანმანქანა აგვიფეთქეს და თავდასხმების გაგრძელებას ყველა მხრიდან ყოველ წუთს მოველოდით, ამერიკულმა F-16-მა ჩვენს კოლონას სულ რაღაც 30-40 მ-ის სიმაღლეზე ძალზე მოულოდნელად დიდი სიჩქარით გადაუფრინა, თითქოსდა ტერორისტების შესაშინებლად, მაგრამ ჩვენი დაფრთხობა უფრო გამოუვიდა...