ასეთი უნდა იყოს წლის ადამიანი - კვირის პალიტრა

ასეთი უნდა იყოს წლის ადამიანი

28 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" წლის ადამიანი დაასახელეს " მამუკა გორგოძე. შესაძლოა, ზოგს ეს სახელ-გვარი არ ეცნობა, მაგრამ იმ სამყაროსთვის, რომელმაც იგი საუკეთესოდ აღიარა, სამაგალითოა, სამაგალითო ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის. მამუკა გორგოძე ხომ ყოველდღე ფიზიკურად შრომობს, წინსვლაზე ზრუნავს, რათა ოჯახსაც გამოადგეს და საქართველოს სახელიც ღირსეულად გაიტანოს საერთაშორისო არენაზე. რაც მან 2011 წელს ოფლი დაღვარა, იმდენი მხოლოდ მისი სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ დაღვრილი " სპორტსმენებს.

აქ კი გაგახსენდებოდათ, რომ მამუკა გორგოძე მორაგბეა, სექტემბერ-ოქტომბერში გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებს მიუძღოდა. ოთხიდან ორ მატჩში საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, " პირველად " რუმინეთთან, მეორედ " ინგლისთან, ექსტრაკლასის ბრიტანელებთან, თანაც წაგებული გუნდიდან მორაგბის გამორჩევა ბევრს ნიშნავს.

"გორგოძილა" (საფრანგეთში შეარქვეს) მამლების ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. გასული წელი მისთვის საკლუბო თვალსაზრისითაც წარმატებული იყო: "მონპელიე" ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, ხოლო გამოცემებმა "ეკიპმა" და "მიდი ოლიმპიკმა" პირველობის საუკეთესო უცხოელად დაასახელეს.

" შესანიშნავი სეზონი მქონდა. ასე არასოდეს მითამაშია. ყველაფერი კარგად დაემთხვა: "მონპელიე" თავის ისტორიაში პირველად გავიდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, რაც დიდ წარმატებად მოინათლა. ამას მოჰყვა საქართველოს ნაკრების გამოსვლა მსოფლიოს თასზე, სადაც რუმინეთი დავამარცხეთ, ხოლო ძლიერ გუნდებს ღირსეულად ვებრძოლეთ. ალბათ, ამან განაპირობა საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება. ამაზე დიდი ჯილდო სხვა რა უნდა იყოს? "გახარებული ვარ", " ეს მამუკა გორგოძის სიტყვებია.

მასთან ერთად ნომინაციაში წარადგინეს იყვნენ: დიმიტრი ბასილაია (რაგბი), ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა), გენადი კვიკვინია (მკლავჭიდი), დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭდაობა), გია მაჭავარიანი (ძალოსნობა), ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი), რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), ავთანდილ ცინცაძე (სამბო).

გაზეთ "ლელოს" მიმომხილველმა შეგვახსენა: 2010 წელსაც საუკეთესო ქართველ სპორტსმენად მორაგბე დასახელდა, კარგი ტენდენციააო. ძნელია, არ დაეთანხმო, რადგან მანამდე სპორტსმენთა მონაგარს ოქრო-ვერცხლით ითვლიდნენ: მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ერთი მედალი წონიდა გუნდურ სპორტის სახეობაში სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებას. არადა, მორაგბეებს, კალათბურთელებსა და ფეხბურთელებს "ცოტა არ იყოს, გაუჭირდებოდათ" მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მოგება.

საზომი მასობრიობა უნდა იყოს: მით მეტად უნდა დაფასდეს საქართველოში იმ სპორტის წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიოში უფრო მასობრივია და კონკურენციაც დიდია. თორემ, კრიკეტი ბევრს რომ არ აინტერესებს, ამიტომაც ბრწყინავენ შრილანკელი და ბანგლადეშელი სპორტსმენები.

28 დეკემბრის მოვლენებს დავუბრუნდეთ. გორგოძე საუკეთესოდ სპორტის სამინისტრომ დაასახელა. მანვე წლის გუნდად კალათბურთელთა ნაკრები აღიარა. ეს რომ გამოაცხადეს, დარბაზში ჩემს წინა რიგში მჯდომმა მეორეს გადაულაპარაკა, ისეთი რა გააკეთა, რომ წლის გუნდად აღიარესო. დარწმუნებული ვარ, სპორტის ინდივიდუალური სახეობის წარმომადგენელი გახლდათ, რომლისთვისაც გაურკვეველი იყო, როგორ შეიძლება ვინმეს აღიარება, თუ ჯიბეში თუნდაც ბრინჯაოს მედალი არ უდევს. საპასუხოდ ერთ მაგალითს მოგახსენებთ: რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოსა და ინგლისის დაპირისპირებას 5.3 მილიონმა ტელემაყურებელმა მიადევნა თვალი. არანაკლებ აუდიტორიას შეკრებდა კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. მან ხომ ევრობასკეტზე დებიუტი საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრით აღნიშნა.

ცხადია, ნომინაციაში კალათბურთელების უმთავრესი კონკურენტი მორაგბეთა ნაკრები იყო. საბოლოოდ ორივე გუნდმა სოლიდური ჯილდო მიიღო: მორაგბეებს 1.174.000 ევრო ერგოთ, ხოლო კალათბურთელებს " 1.700.000 ლარი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი კონკურენცია საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში იყო. თავად განსაჯეთ: 2011 წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალ ჭიდაობაში) 20-წლამდელებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო დიდებში ევროპის მეორე პრიზიორი გახდა. ზუსტად იგივე შედეგები ჰქონდა დავით მარსაგიშვილს, რომელმაც დამატებით, უფროსებში მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. გუნდურ სპორტშიც იყვნენ გამორჩეულები: ფეხბურთელი დავით თარგამაძე, კალათბურთელი თორნიკე შენგელია (ფიბა-ს ვერსიით ევროპის საუკეთესო ახალგაზრდათა ათეულში მოხვდა), მორაგბე კოტე მიქაუტაძე. #1 ახალგაზრდად ხინჩეგაშვილი დასახელდა.

გამოვლინდნენ საუკეთესო მსაჯებიც: ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა), ვლადიმერ ნუცუბიძე (ძიუდო) და მაკა კუპატაძე (კალათბურთი). პირველად დააფასეს მენეჯერების შრომა. ამ ნომინაციაშიც უკონკურენტოები იყვნენ რაგბისა და კალათბურთის ნაკრების მენეჯერები: ბაჩო ხურციძე და მერაბ რატიშვილი. მათთან ერთად გამოარჩიეს არტემ სანიშვილი (მშვილდოსნობა).

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)