"ხელით ნაწერი სიები შეჰყავთ ბაზებში, 20 წლით უკან დავბრუნდით..." - როგორ მუშაობენ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში?! - კვირის პალიტრა

"ხელით ნაწერი სიები შეჰყავთ ბაზებში, 20 წლით უკან დავბრუნდით..." - როგორ მუშაობენ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში?!

რუსეთი სექტემბრის ბოლოს, შესაძლოა, „ავიაციის SWIFT-იდან,“ ანუ სამოქალაქო ავიაციის სერვისების გლობალური პროვაიდერის, შვეიცარიული კომპანია SITA-ს (Societe Internationale de Telecommunication Aeronautiqes) საკუთრებაში არსებული სატელეკომუნიკაციო არხებიდან მთლიანად გაითიშოს.

როგორი იქნება სრულად გათიშვის შემდეგ, საქართველოში რუსული კომპანიების ოპერირება და გახდება თუ არა შესაძლებელი ფრენის კვლავინდებურად გაგრძელება „ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა.

„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი კოდუა აცხადებს, რომ მთავარი თანამშრომლობის ნებაა, თორემ გზებს თუნდაც გართულებულს სახელმწიფო და კომპანიები ყოველთვის იპოვიან.

„სისტემა ახლაც ასე მუშაობს, ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობს HavaTek-ი, რომელიც არ არის მიბმული რუსულ სისტემა „სირენასთან". ამიტომ წარმომადგენლები ხელით ნაწერ სიებს გადმოსცემენ და ის შეჰყავთ ბაზებში, ანუ 20 წლით უკან დავბრუნდით. ეს ართულებს თანამშრომლობას, მაგრამ მოდი, ასე შევხედოთ, თუ მათ ექნებათ რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, გზას აუცილებლად იპოვიან. ფაქტია „ტავ ჯორჯიას" HavaTek-ი და რუსების სირენა ვერ კავშირდება ერთმანეთთან, მაგრამ მერე ხდება სხვადასხვა მექანიზმების ჩართვა. საქართველოს მხრიდან, თუ მოხდა მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ არ იმუშავებენ სანქცირებული სისტემებით, ცხადია ქართულ „აირზენას" და ჩვენთან შემოსულ რუსულ კომპანიებსაც დიდი პრობლემები ექნებათ, ვერ იმუშავებენ. აქ პირიქითაა, ხდება სრული მხარდაჭერა და პროცედურული სირთულის მიუხედავად განაგრძობენ მუშაობას.

თურქეთი, არაბთა საამიროები და რამდენიმე ქვეყანაც ჩვენს მსგავსად ცდილობს გზების პოვნას, ევროპა კი, სრულად ჩახსნილია", - აცხადებს კოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან".

განაგრძე კითხვა