პუტინმა პრიგოჟინი ამბოხიდან ორი თვის თავზე დემონსტრაციულად დასაჯა სიკვდილით - რა ესროლეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის თვითმფრინავს?
მოხდა ის, რასაც ორი თვის განმავლობაში ბევრი ელოდა, მას შემდეგ, რაც 23 ივნისის ღამეს „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინის ფრონტიდან მოხსნილი საბრძოლო რაზმები, თავისი საბრძოლო ტექნიკით, უკან მოაბრუნა, რუსეთისკენ, ჯერ როსტოვში სამხედრო ოლქის შტაბი დაიპყრო და, პარალელურად, თვით მოსკოვისკენ ჯავშანტექნიკის „გარბენი“ მოაწყო...
ეს იყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შიდა და საერთაშორისო იმიჯზე უდიდესი დარტყმა: მეფეს გაუბედეს და აუჯანყდნენ!
ამას პუტინი არავის აპატიებდა და, როგორც ხედავთ, ასეც მოხდა, თანაც - დემონსტრაციულად და გარკვეული სიმბოლოების დაცვით...
ამბოხიდან განვლილი ორი თვის განმავლობაში პრიგოჟინის ფიზიკური ლიკვიდაცია პუტინის რეჟიმს ყველგან შეეძლო - ბელარუსშიც, სადაც ამბოხის შემდეგ „ვაგნერმა“ დროებით თავი შეაფარა, აფრიკაში, სადაც კრემლი სიტუაციის არევას ცდილობს და თავად მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგშიც, რომლებსაც პრიგოჟინი ამ პერიოდში არა ერთხელ სტუმრობდა...
პრიგოჟინის სალიკვიდაციოდ პუტინის სპეცსამსახურების კილერებს შეეძლოთ გამოეყენებინათ საწამლავი, სნაიპერის ტყვია, მანქანის დანაღმვა, მაგრამ არჩეული იქნა ყველაზე „შთამბეჭდავი“ ხერხი - ცაში აფეთქება, რაც შემთხვევითი არ ყოფილა...
საქმე ის არის, რომ ორი თვის წინ, პრიგოჟინის „ვაგნერის“ სამხედრო ამბოხისას, მათ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რაც შემდეგ პრიგოჟინმა თავის იმ მეზენიტეებს დააბრალა, რომლებიც იდიოტობის გამო ყველაფერს ესროდნენ, რაც კი აეროდრომიდან აფრინდებოდაო...
შვიდი საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად 20-მდე რუსი სამხედრო მფრინავი, შტურმანი და ბორტინჟინერი დაიღუპა, რამაც პრიგოჟინის ფიგურის მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა გამოიწვია რუს სამხედრო ავიატორებში და მათ ნაწილს გაუჩნდა შურისძიების სურვილი, რასაც არც კი მალავდნენ სოციალურ ქსელებში.
რომ შეადაროთ, 24 ივნისს პრიგოჟინის „ვაგნერის“ მეზენიტეების მიერ რაკეტმორტყმული და ცეცხლწაკიდებული ოთხძრავიანი Ил-22М ВЗПУ-ს ციდან ვარდნის ვიდეოკადრები 23 აგვისტოს თავად პრიგოჟინის ფრთამოტეხილი Embraer ERG 135-ის ვარდნის კადრებს, ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენთ...
პრიგოჟინი აფრიკიდან ახალი დაბრუნებული იყო მოსკოვში, სადაც კომერციული სახის მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივ ჩინოვნიკებთან, რის შემდეგაც სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა.
მისი ბიზნეს-ჯეტი ოციოდე წუთის აფრენილი იყო, როდესაც ტვერის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც მის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულებს შორის ამოცნობილი იქნა თავად პრიგოჟინისა და, ასევე, უტკინის - „ვაგნერის“ სამხედრო მეთაურის ცხედრები.
რამ გამოიწვია ეს ავიაკატასტროფა?
თვითმხილველები აცხადებენ ორი აფეთქების ხმაზე ცაში, რასაც ამაგრებს გავრცელებული ვიდეოკადრი, რომელზეც მაღლა ცაში მცირე დაკვამლიანების „ღრუბელი“ მოჩანს, რაც ყოველთვის რჩება საზენიტო რაკეტის აფეთქების შემდეგ.
რა ტიპის საზენიტო რაკეტა შეიძლება ყოფილიყო?
იმის გამო, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავს უკვე აკრეფილი ჰქონდა 8,5 კმ სიმაღლე, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა 3-4 კმ სიმაღლემდე მფრენი გადასატანი საზენიტო „იგლა“ ან „ვერბა“, შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იქნა „ბუკის“ ან თვით С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც კი (მით უმეტეს, რომ ამ კატასტროფის ადგილიდან რამდენიმე ათეულ კმ-ში დისლოცირებულია სწორედ С-300-ების საზენიტო დივიზიონი), მაგრამ, მეორე მხრივ, მიწაზე ჩამოვარდნილ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტის ფრაგმენტებს არ ეტყობათ საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინში განთავსებული, გამზადებული დამაზიანებელი ელემენტების მოხვედრის აშკარა კვალი (თუმცა ეს ფრაგმენტები დეტალურადაა დასათვალიერებელი), არადა, 2014 წლის 17 ივლისს, როდესაც რუსულმა „ბუკმა“ მალაიზიური სამგზავრო ბუკი ჩამოაგდო უკრაინის ცაში, ერთი ასეთი რაკეტის აფეთქებამ საცერივით გახადა პრიგოჟინის Embraer ERG 135-ზე ბევრად დიდი „ბოინგ-777“-ის ფიუზელაჟი.
ანუ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი საზენიტო რაკეტით ააფეთქეს თუ მის ბორტზე მოხდა აფეთქება, წინასწარ შეტანილი ბომბის ინიცირების შედეგად?
ამის გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საზენიტო რაკეტის ვერსიის გამართლება ბევრ რამეს ნათელს ხდის, მათ შორის იმას, რომ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვის (რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებული პრიგოჟინთან) ხელით, უფრო ზუსტად კი - რაკეტით, დემონსტრაციულად სიკვდილით დასაჯა მეფის წინააღმდეგ გამოსული ქვეშევრდომი, რითაც ყველას დაანახა, როგორც რუსეთის შიგნით, ისე - მსოფლიოში, რომ პუტინი ყველანაირ ნაბიჯზეა წამსვლელი...
P.S. პრიგოჟინთან ერთად უტკინის, ვის საპატივცემულოდაც ეწოდა ამ კერძო სამხედრო დაჯგუფებას „ვაგნერის“ სახელი, დაღუპვა „ვაგნერს“, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობის გარეშე ტოვებს, რაც მისი დაშლის საფუძველი შეიძლება, გახდეს, როდესაც „ვაგნერელებს“ სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანიები „გადაინაწილებენ“...
P.P.S. და კიდევ ერთი სიმბოლო - მაშინ, როდესაც პრიგოჟინის თვითმფრინავი ტვერთან ჰაერში ფეთქდებოდა, თავად პუტინი (თუ მისი ორეული, უკვე ვეღარც გაარჩევ) კურსკის ოლქში საზეიმოდ აღნიშნავდა 80 წლის წინ კურსკთან მომხდარ ბრძოლაში გამარჯვებას და სცენაზე დემონსტრაციულად გაჩერდა ორკესტრანტების წინ და ტელეკამერების წინ, იქიდან წარმოთქვა სიტყვა... „ვაგნერელებს“ სხვანაირად „ორკესტრანტებსაც“ ეძახდნენ...