"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - ვინ არის პრიგოჟინთან ერთად დაღუპული დიმიტრი უტკინი, რომლის მეტსახელიც დაჯგუფება "ვაგნერს" დაერქვა - კვირის პალიტრა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - ვინ არის პრიგოჟინთან ერთად დაღუპული დიმიტრი უტკინი, რომლის მეტსახელიც დაჯგუფება "ვაგნერს" დაერქვა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - ვინ არის დიმიტრი "ვაგნერ" უტკინი, რომელიც, სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინთან ერთად დაიღუპა?

ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი უტკინი პროფესიონალი სამხედრო გახლდათ. უტკინი ფსკოვის ოლქში, პეჩორში, რუსეთის გენშტაბის მეორე ბრიგადის მე-700 სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი იყო.

თანამდებობის დატოვების შემდეგ კერძო კომპანია Moran Security Group-ში მუშაობდა, რომელიც გემების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. 2013 წელს კი როცა Moran Security Group-მა ჯგუფი შექმნა და სამხედროები სირიაში ბაშარ ალ ასადის დასაცავად გაგზავნა, დიმიტრი უტკინი ამ მებრძოლთა შორის იყო. 2014 წელს კი კერძო სამხედრო დანაყოფ "ვაგნერის" მეთაურია. აღსანიშნავია, რომ დანაყოფს სახელი სწორედ უტკინის ზედმეტსახელის მიხედვით დაერქვა.

მესამე რაიხის იდეოლოგიითა და იდუმალი კომპოზიტორის რიხარდ ვაგნერის სიყვარულით გამორჩეულმა მეთაურმა შექმნა სამხედრო დაჯგუფება. მეთაურის უცნაურ გატაცებებზე მებრძლები თითქმის არ საუბრობდნენ.

vagner-pic905-895x505-65702-1692860993.jpg

უტკინს არც ფოტოების გადაღება უყვარდა, თუმცა 2016 წელს იძულებული გახდა. 2016 წლის 9 დეკემბერს სამამულო ომის გმირების საპატივცემულოდ გამართულ ღონისძებაზე დიმიტრი უტკინი პრეზიდენტის რეზიდენციაში სხვა სტუმრებთან ერთად მიიწვიეს. კრემლში კამერებმა ღონისძიებაზე მყოფი დიმიტრი უტკინი დააფიქსირეს, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეთაური იყო და ოკუპირებულ დონბასსა და სირიაში რუსეთის ინტერესებს იცავდა.

დიმიტრი უტკინის სახელი ევგენი პრიგოჟინის ამბოხამდეც გაჟღერდა, როცა უტკინმა "კადიროველ" მოგამედ დუდაევს მიმართა:

"კაცურად სალაპარაკოდ ყოველთვის მზად ვართ. მით უფრო მაშინ, როცა ერთმანეთს ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომიდან ვიცნობთ", - თქვა უტკინმა. როგორც ჩანს, ის ჩეჩნეთის ომშიც აქტიურად მონაწილეობდა.

ამბოხის შეჩერების შემდეგ დიმიტრი უტკინი ევგენი პრიგოჟინთან ერთად მაშინ გამოჩნდა, როცა "ვაგნერის" ძირითადი ჯგუფი ბელარუსში გადავიდა:

"ეს არ არის დასასრული - ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საქმის დასაწყისია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში", - სწორედ ასე მიმართა მაშინ უტკინმა მებრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უკტინიც დაიღუპნენ. (წყარო)

იხილეთ ასევე: 10 გარდაცვლილს შორის ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინიცაა - რა ინფორმაციას ავრცელებს "ცარგრადი"?

პუტინის შურისძიება?! - პრიგოჟინი მოკლეს თუ ავიაკატასტროფაში მისი ორეული დაიღუპა?