"შესაძლოა, გვქონდეს გარკვეული გონივრული ეჭვები“ - საფრანგეთის მთავრობა პრიგოჟინის დაღუპვაზე - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, გვქონდეს გარკვეული გონივრული ეჭვები“ - საფრანგეთის მთავრობა პრიგოჟინის დაღუპვაზე

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით გონივრული ეჭვები არსებობს.

„ჯერჯერობით არ ვიცით ამ კატასტროფის გარემოებები. შესაძლოა, გვქონდეს გარკვეული გონივრული ეჭვები“, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა ოლივიე ვერანმა მედიასთან საუბარში.

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რუსეთში ცოტა რამ ხდება ისეთი, რის უკანაც პუტინი არ დგას“.

„ზოგადად, ეს სიმართლეა, რომელიც შეიძლება დადგინდეს“, - აღნიშნა ოლივიე ვერანმა.

მისი თქმით, პრიგოჟინი იყო ადამიანი, რომელიც პუტინის ბინძურ საქმე ასრულებდა.

„ის, რაც მან გააკეთა, განუყოფელია პუტინის პოლიტიკისგან. პრიგოჟინმა დატოვა მასობრივი საფლავები, არეულობა დედამიწის დიდ ნაწილში, ვგულისხმობ აფრიკას, უკრაინასა და თავად რუსეთს", - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი - 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი - დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"