"ორი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ჯეტმა ჰაერში დაშლა დაიწყო" - რა თვითმფრინავი ჰყავდა პრიგოჟინს
თვიმფრინავი, რომელშიც კერძო სამხედრო დაჯგუფება Wagner Group-ის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, ბიზნეს-ჯეტ Embraer Legacy 600-ია, საბორტო RA-02795 და სერიული 14501008 ნომრებით.
ის ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ არის წარმოებული. ავიაკატასტროფის დროისთვის ბიზნეს-ჯეტი 16 წლის იყო.
2007 წლის ოქტომბერში თვითმფრინავი ავიაკომპანია Linxair-ს გადაეცა, შემდეგ კი მას რამდენიმე სხვა გადამზიდავი ფლობდა.
Wagner Group-მა თვითმფრინავი 2020 წლის სექტემბერში შეიძინა. ბიზნეს-ჯეტის ოფიციალური მფლობელი შპს MNT-Aero-ა.
„როსავიაციის“ მონაცემებით, ბიზნეს-ჯეტის ეკიპაჟი სამი წევრისგან შედგებოდა. ესენია: მეთაური, ალექსეი ლევშინი, მეორე პილოტი, რუსტამ ქარიმოვი და ბორტგამცილებელი, კრისტინა რასპოპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შერემეტევოს აეროპორტიდან მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისით გუშინ ორი ბიზნეს-ჯეტ Embraer Legacy 600 აფრინდა, რომელთაგან ერთში Wagner Group-ის დამფუძნებელი, კიდევ ექვსი პირი და ეკიპაჟის 3 წევრი იჯდა, ხოლო მეორე თვითმფრინავით პრიგოჟინის თანამოაზრეების გუნდი მგზავრობდა. მოსკოვის დროით, დაახლოებით, 18:20 საათზე, როცა თვითმფრინავი სიმაღლეს იღებდა, ტვერის ოლქის ბოლოგოვსკის რაიონის თავზე თვითმხილველებმა ცაში ორი აფეთქება გაიგეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ჯეტმა ვარდნა და ჰაერში ნაწილებად დაშლა დაიწყო. ის სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბიზნეს-ჯეტის საწვავის ავზები აფეთქდა. (გააგრძელეთ კითხვა)