სამწლიანი პატიმრობა დაპირებისთვის - კვირის პალიტრა

სამწლიანი პატიმრობა დაპირებისთვის

პოლიტიკური მიზნით რაიმე ქონების, ფულის თუ დაპირების მიღებისთვის ამომრჩეველს სამწლიანი პატიმრობა დაემუქრება. პარლამენტმა მიიღო "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი და ძალაში 15 დღეში შევა. ახალი რეგულაციით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ დაპირებების მიღებაც. კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვა ნიშნავს პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას... აღნიშნული ქმედებისთვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ჯარიმით.

კანონში განმარტებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება, თუ მას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებს -−მაისურებს, კეპებს, ქუდებს, დროშებს და სხვა მსგავს ნივთებს, სუვენირებს გადასცემენ. ასევე, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებისთვის, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

კახა კახიშვილი (იურისტი):

- სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პოლიტიკური მექრთამეობისთვის. ამ მუხლის დისპოზიცია საკმაოდ ვრცელია. დაუცველია აბსოლუტურად ყველა ქმედება, რომელიც ითვალისწინებს პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის რაიმე ურთიერთობას, მათ შორის - ფინანსურს. ამავე დროს, ნოვაციაა, რომ თუ ამომრჩველი ან მოქალაქე მიიღებს უკანონო დაფინანსებას პარტიისგან, ისიც ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" და საარჩევნო კოდექსში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს რეგლამენტირებული ქმედება იმდენად ცხადად არის გაწერილი, ფაქტობრივად, პარტიებს აღარ რჩებათ სამართლებრივი გზა ნორმალურ, კონკურენტულ გარემოში საარჩევნო კამპანიის ჩატარებისა და პარტიული განვითარების ღონისძიებების დასახვისა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი გადაიზრდება "შავი ფულის" მოძრაობაში პარტიების საქმიანობისას. ამ მუხლების წყალობით ძალიან ბევრ ადამიანს ვნახავთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულს, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

- რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, რომ მისი ქმედება არ იქნეს აღქმული როგორც დანაშაულებრივი ქმედება?

- ძალიან ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა კანონი და სწორედ ეს არის საქმე. კონკრეტულად რომ ყოფილიყო რამე ქმედებების აკრძალვა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ვითარებაში ამომრჩევლისთვის შესაძლოა უკეთესიც იყოს პარტიასთან საერთოდ არ ჰქონდეს ფინანსური შეხება. ამას ისახავს მიზნად ეს კანონი. სავარაუდოდ, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სახელისუფლებო არხები პარტიების ამ ქმედებების ამსახველ ძალიან ბევრ "მძაფრსიუჟეტიან" დოკუმენტურ ფილმს შემოგვთავზებენ. ძალიან ბევრ ქვეყანაში არჩევნების დროს პარტიას სჭირდება ფული წინაარჩევნო კამპანიისთვის. გარდა ამისა, არჩევნების გარდა თავად პარტიასაც სჭირდება ფული იმისთვის, რომ შეინახოს ოფისი, რეგიონებში ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა და ა.შ. ეს ისეთი ხარჯია, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიღებული. ამ პირობებში პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად დაფინანსების აკრძალვა, მაშინ როდესაც ბევრ სახელისუფლებო არხზე რეკლამის ფასი წუთში 40 ათას ლარს აღწევს, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რას უნდა ნიშნავდეს. სწორედ იმისთვის არის ეს ცვლილებები, რომ პარტიები სამართლებრივი სივრციდან არასამართლებრივ სივრცეში გადაიყვანონ, დაიწყოს "შავი ფულის" მოძრაობა, შემდეგ - გამოძიება, ფილმების შექმნა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ვითარების იმგვარად წარმოდგენა, თითქოს საქართველოში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "შავი ფულით" ფინანსდება.

- ცვლილებებში ლაპარაკია იმაზე, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიისგან დაპირებაც კი არ უნდა მიიღოს.

- ბუნებრივია, ყველა პარტია რაღაცას ჰპირდება ამომრჩეველს და ეს ნორმალურიც არის. ამომრჩეველს ეუბნებიან, რას შეცვლიან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ცვლილების თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო, რომ ნებისმიერი დაპირება დასჯადი ქმედება იქნებოდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დავაყენეთ ეს საკითხი პარლამენტში და განმარტეს, რომ დასჯადი იქნება პოლიტიკური პარტიის დაპირება, რომელიც არჩევნებამდე რაიმე ქმედებას გულისხმობს.

- თუმცა დაპირება, დაპირების მიღება ეს ხომ აბსტრაქტული ცნებებია. როგორ უნდა ვამტკიცო რომ ან არ მიმიცია ან არ მიმიღია რამე დაპირება?

- ერთი მხრივ, ხელისუფლებამ მისცა ყველა საჯარო მოხელეს უფლება, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის - გამგებლებსაც, რომლებიც გაუგებარია, როგორ მოხვდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ნუსხაში, მაშინ როდესაც ჩვენი კანონი თვითმმართველობის შესახებ განმარტავს, რომ გამგებელი არის ჩვეულებრივი მენეჯერი, რომელსაც ირჩევს საკრებულო კონკურსის წესით. ამავე დროს, ჩვეულებრივ ამომრჩეველს უზღუდავენ როგორც სიტყვის გამოხატვის, ასევე პოლიტიკური აქტივობის უფლებებს, რაც უხეში დარღვევაა როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმებისა. როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო პარტიასთან ურთიერთობა, მისი აგიტაცია ან პირიქით, პარტიას აუკრძალო თავისი საქმიანობის აგიტაცია. კანონში ნათლად უნდა იყოს გაწერილი ის, რაც ადამიანმა ან პარტიამ გააკეთოს. არ შეიძლება, მხოლოდ მაკონტროლებელსა და გამომძიებელს დაუტოვო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და გარკვევა იმისა, თუ სად გადის ზღვარი დანაშაულსა და უდანაშაულობას შორის".

(სპეციალურად საიტისთვის)