”მაგის ხურდა არა მაქვს” - ანუ ვაი, ჩვენს ”ბიზნესს”, უბედურს... - კვირის პალიტრა

”მაგის ხურდა არა მაქვს” - ანუ ვაი, ჩვენს ”ბიზნესს”, უბედურს...

დარწმუნებული ვარ, ასეთ სიტუაციაში, საქართველოს ყველა ზრდასრული ადამიანია მოხვედრილი. ვფიქრობ, ბევრ მოზარდსა და ბავშვსაც ექნება გამოცდილი...

მოკლედ, გუშინ თბილისს ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პაატარა მაღაზიაში შესულმა, გამაგრილებელი სასმელის (სახელს არ ვიტყვი, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს) მაცივრისკენ გავიშვირე ხელი და იმავდროულად ჯიბიდან ათლარიანი ამოვიღე...

მაცივრის კარის გაღება დაწყებულიც არ მქონდა, რომ ბნელი კუთხიდან (განათებაზე ხშირად აკეთებენ ეკონომიას, რომ ნაგვის გადასახადი არ მოუვიდეთ) გამყიდველმა მომაძახა, - მაგის ხურდა არ მაქვსო... არც უკითხავს რა მჭირდებოდა, ან რამდენი მინდოდა... პირდაპირ, ბოღმიანი ხმით დაამატა - ვაჭრობა არ მაქვს და საიდან უნდა მქონდესო...

საერთოდ, ძალიან მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენთან გამყიდველს მყიდველი ეზიზღება და სძულს. თან ეს გრძნობა მით უფრო მძაფრდება, რაც უფრო მეტის დახარჯვა უნდა მყიდველს.

აბა, გაიხსენეთ - რამდენჯერ ყოფილა, როცა სხვადასხვა პროდუქტის (მნიშვნელობა არ აქვს საკვები იქნება, თუ მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი) არჩევის შემდეგ გამყიდველს სთხოვთ, რომ რამე დაგიმატოთ, შეგიცვალოთ, ან თუნდაც დამატებით რჩევა მოგცეთ... როგორ სახეს იღებს ადამიანი, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში გამყიდველის მოვალეობებს ასრულებს?  მსხვილი კუპიურის დანახვაზე რა ემართებათ, ეს კიდევ ცალკე თემაა... ამ დროს ერთი, კარგი ძველი ფილმი მახსენდება: "როჟუ, პიტკინ! როჟუ!" კიდევ კარგი პოლიცია ეფექტიანად მუშაობს და ხიშტიანი შაშხანებით აღარ დარბის ხალხი ქალაქში.

ქუჩაში, კაცი რომ გააჩერო, 10-იდან 9 გეტყვის, რომ მთავრობა მცირე ბიზნესის განვითარებაზე საერთოდ არ ზრუნავს, და პირიქით ვისაც რამე უკვე აქვს განვითარებული, ახრჩობსო.

დავას ვერ დავუწყებ, შეიძლება ჩემზე მეტი იციან, და მართლები არინ. მაგრამ ზემოხსენებულ შემთხვევაში, იმ მაღაზიამ მინიმუმ 3 ლარის ნავაჭრი დაკარგა. რა მექნა, არც მე მქონდა საკმარისი რაოდენობის ხურდა, წავედი და დიდ სუპერმარკეტში ვიყიდე რაც მინდოდა...

დარწმუნებული ვარ, იმ პატარა მაღაზიის პატრონი წუწუნებს, ვაჭრობა არ მაქვს, ცალკე საგადასახადო მახრჩობს, ცალკე დენის და იჯარის ფულია სახდელიო... შე ოხერო, გაანძრიე ერთი ადგილი და ყოველ დილას ოცი ლარის ხურდა დადე რა სალაროში... ესეც მთავრობამ უნდა გაგიკეთოს? თუ ბენდუქიძემ უნდა გამარაგოს ხურდით?

ეხლა იტყვით, ის შენი 3 ლარი რა არის, ეგ უშველის მცირე ბიზნესსო? გაიხსენეთ რამდენნი ვართ ამ ქვეყანაში, თითოს თვეში ერთხელ მაინც თუ გაგვიცუდდა 3 ლარიანი მცდელობა, 10 მილიონ ლარამდე გამოდის ჯამში. ხარბი არ ვარ, 5 მილიონი იყოს...

წარმოიდგინეთ - მარტო იმიტომ, რომ პატარა მაღაზიებს ხურდა არ აქვთ, თვეში 5 მილიონ ნავაჭრს კარგავენ და ეს თანხა დიდ სუპერმარკეტებში მიდის... იმათ მეპატრონეებს კი, ეს თანხა მართლა ხურდად ეჩვენება...