სისხლის ჩაბარება ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აიკრძალება!-როდის შევა ახალი კანონი ძალაში
პარლამენტმა ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარება კანონით იქნება აკრძალული.
ცვლილებების პირველივე პუნქტში წერია, რომ - ადამიანის სისხლის (შემდგომ − სისხლი) დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.
კანონის მესამე თავის მიხედვით კი, პირმა სისხლი ან მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე უნდა გაიღოს. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.
ცვლილება 2025 წლის 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში. კანონის ფარგლებშივე საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფოს სახელით დაფუძნებული, ცენტრალური სისხლის დაწესებულება კერძო სისხლის ბანკებს ჩაანაცვლებს.