უცხოპლანეტელები - სკანდალური მოსმენა აშშ-ს კონგრესზე მფრინავ თეფშებთან დაკავშირებით და რა ხდება რეალურად "ზონა 51"-ში
„აშშ-ის ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, რომელიც არამიწიერმა გონებამ შექმნა, მათ შორის უცხოპლანეტური წარმოშობის სატრანსპორტო საშუალება. თუმცა, პენტაგონი და დაზვერვა უცხოპლანეტელებთან ურთიერთობას ათობით წელია ფართო მასებისგან მალავს“, - ასეთი სენსაციური განცხადება ისტორიაში პირველად, 2023 წლის ივლისში ამერიკის კონგრესის წევრებმა აშშ-ის საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დევიდ გრაშისგან მოისმინეს.
სენსაციური მოსმენა ამოუცნობ ობიექტებსა და უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტსაც ეხებოდა. როგორც დევიდ გრაშმა განაცხადა, არ არის მარტივი გადაწყვეტილება, კარიერა მსგავსი განცხადებებით დაასრულო. როგორც მან განაცხადა, უამრავი დასკვნის წაკითხვის შემდეგ, რომელიც, როგორც სამხედროებისგან ასევე სამძებრო ორგანოების თანამშრომლებისგან მიიღო, გადაწყვიტა ამ საკითხზე ესაუბრა. გრაშის განცხადებით, ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით, „აშშ-ს ხელისუფლება კონგრესისგან დაფარულ საქმიანობას ახორციელებს“.
„აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ხდება ცაში, მათ ზემოთ“ , - განაცხადა გრაშმა და აღნიშნა, რომ პენტაგონი ათეულობით წელია შეისწავლის იმ ობიექტებსა და ტერიტორიას, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ჩამოვარდა.
კონგრესმენ მარკ გარსიას კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა გრაში, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ხელი მიუწვდება მსგავსი ტიპის არტეფაქტზე, მან განაცხადა: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ეს ემყარება ბოლო 4 წლის განმავლობაში ოთხ ათეულ ადამიანთან საუბარს“.
მოგვიანებით გრაშმა განმარტა, რომ მას ჰქონდა საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც არამიწიერი წარმოშობის ობიექტებს შეისწავლიან.
კითხვაზე, ხომ არ მიუღია მას რაიმე მუქარა, რადგან მსგავს საკითხებზე საუბრობდა, გრაშმა მტკიცედ განაცხადა, რომ ცნობილია იმ ხალხის შესახებ, ვინც მთავრობის მიერ „არამიწიერი ტექნოლოგიის“ დამალვის პროცესში დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის არიან სამხედროები. თუმცა მეტ დეტალზე საუბარი მხოლოდ დაცული კომუნიკაციების ოთახში ისურვა. ასევე განაცხადა, რომ ფართო საზოგადოებასთან მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ დევიდ გრაშის განცხადებით, მას თავად არ უნახავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ან მსგავსი წარმოშობის სხვა ობიექტები.
როგორც აღმოჩნდა, პენტაგონში მზად იყვნენ, რომ დევიდ გრაში ასეთ სკანდალურ განცხადებას გააკეთებდა. უწყების პრესსპიკერის სიუ გრაფის განცხადებით, მათ ყურადღებით შეისწავლეს აშშ-ის საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დევიდ გრაშის განცხადებები და „ვერ აღმოაჩნეს ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს და ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აქვს პროგრამა არამიწიერ არსებებთან დაკავშირებით“.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულ ამერიკელთა ორ მესამედს სჯერა, რომ ეს პროგრამები მართლაც არსებობს და აშშ-ის ხელისუფლება მოქალაქეებისგან მსგავს ინფორმაციას მალავს. კონგრესმენ მარკ გარსიას განცხადებით, პენტაგონს ინფორმაციის დაფარვაში ისიც ეხმარება, რომ სამხედროებს, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან, სტიგმის გამო ეშინიათ ინფორმაციის გასაჯაროების.
„არ უნდა გვეშინოდეს კითხვების დასმის, სიმართლის არ უნდა შეგვეშინდეს“, - განაცხადა მარკ გარსიამ.
"ზონა 51"
2019 წელს ფართო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი „ზონა 51-სა“ და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე. ყველაფერი კი სტუდენტი გოგონას სახუმარო პოსტით დაიწყო, რომელიც წერდა, რომ დროა ნახონ ეს ტერიტორია და უცხოპლანეტელები. ხუმრობა ხუმრობად დარჩა, თუმცა ნევადის პატარა ქალაქის ხელისუფლებას სახუმაროდ არ ეცალა, რადგან პატარა ქალაქში, სადაც 2019 წელს მხოლოდო 175 ადამიანი ცხოვრობდა, მართლად არსებობდა Area 51, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაა.
როგორც BBC წერს, მკაცრად გასაიდუმლოებულია, რას შეისწავლიან ბაზაზე, რომელიც ლას-ვეგასიდან 135 კილომეტის მოშორებითაა. ტერიტორიას კამერებით, გაძლიერებული სახმელეთო და საჰაერო დაცვით იცავენ. იქ საავიაციო ფრენებიც აკრძალულია.
"ზონა 51" "ცივი ომის" დროს შეიქნა, რათა ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენები გამოეცადათ, მათ შორის სადაზვერვო ვერტმფრენები У-2 და СР-71 Blackbird.
ბაზა 1955 წელს დაარსდა, თუმცა მისი არსებობა ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მხოლოდ 2013 წელს დაადასტურა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი „ზონა 51“ საუბარში ერთხელ ახსენა, რაც აქამდე არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია. ამ ტერიტორიის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ბაზას ისევ ვერტმფრენების გამოსაცდელად იყენებენ. ზოგიერი წყაროს ცნობით, ტერიტორიაზე 1500 ადამიანი მუშაობს და მათი უმეტესი ნაწილი სამსახურში ლას-ვეგასიდან ჩარტერული რეისით მიფრინავს. (წყარო)